ავტორი: თამუნა დალაქიშვილი
როგორც ამბობენ, ბოლო ორი-სამი წელია, მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა შემცირდა და ისეთი ბუმი აღარ არის, რაც იყო ადრე. თუმცა საქართველო მეორადი ტანსაცმლის მოხმარების მხრივ რეგიონში მაინც პირველ ადგილზეა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ამ ბიზნესმა, მოთხოვნის არარსებობის გამო, ფეხი ვერ მოიკიდა. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, აზერბაიჯანში მცირეშემოსავლიან ფენას ურჩევნია ჩინური წარმოების, მაგრამ ახალი ტანსაცმელი ჩაიცვას. ანალოგიური მდგომარეობაა სომხეთშიც, სადაც მეორადი საქონელი კი იყიდება, მაგრამ, ჩვენთან შედარებით, მცირე რაოდენობით.
სევერიან ჯიშკარიანი მეორადი ტანსაცმლის ბიზნესში ვეტერანია. პირველი საწყობი თბილისში მაშინ გახსნა, როდესაც ჩაცმა, თან იაფად, ჩვენთან დიდი პრობლემა იყო. დღეს სევერიანი ალექსეევკის დასახლებაში მეორადი ტანსაცმლის მასორტირებელ ფაბრიკას ფლობს, სადაც კონვეიერული წესით ხდება ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილი მასალის სორტირება. ამ ფაბრიკაში სორტირებული საქონელი ხვდება როგორც ქართულ, ისე სხვა ქვეყნების ბაზარზე:
– მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები მთელ ევროპაში არსებობს – ინგლისში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში. ნამყოფი ვარ მაღაზიებში, სადაც არა მხოლოდ ტანსაცმელი, სხვა მეორადი ნივთები და აქსესუარები იყიდება. ამ მაღაზიების უმეტესობა სოციალური ხასიათისაა, მუნიციპალური სამსახურების მიერ არის გაკეთებული და სოციალურად დაუცველები, ინვალიდები, ლტოლვილები არიან დასაქმებულები. ამ მაღაზიების მომხმარებლები არიან დაბალშემოსავლიანი ევროპელები, რომლებიც მეორად მაღაზიებში მარტო ტანსაცმელს კი არა, ავეჯს, ჭურჭელს, აქსესუარებს ყიდულობენ. მათ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სეილებზე 1 ევროდ იყიდონ ტანსაცმელი ბრენდულ მაღაზიებში, თუმცა არც მეორადი ტანსაცმლის მოხმარებაზე ამბობენ უარს.
– რა ხდება ჩვენთან, შემცირდა თუ არა მოთხოვნა მეორად ტანსაცმელზე?
– ასე ვერ ვიტყვი, 20 წელია ამ საქმეში ვარ და კარგად ვიცი, რაც ხდება ამ სფეროში. 1998-99 წლებში სადგურის ქუჩაზე მქონდა მაღაზია, ეს იყო ერთ-ერთი პირველი საწყობი თბილისში. 2000-იანი წლების დასაწყისში აუთლეტის 18 მაღაზიას ვამუშავებდი. გერმანიიდან შემომქონდა პროდუქცია, ნეკერმანის, ოტოს კატალოგებით ვუკვეთდით. პარალელურად მქონდა მეორადი ტანსაცმელიც, აუთლეტმა არ გაამართლა. მეორად ტანსაცმელზე მოთხოვნა მაინც ვერ ჩაანაცვლა. ზოგადად, მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი 90–იანი წლების მიწურულს დაიწყო. იყო ასეთი საერთაშორისო ფირმა – „ევროტრეიდი“, თბილისში მუშაობდა მათი წარმომადგენელი ანა იუნსონი, რომელიც კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა ფაბრიკებს ევროპაში. თანამშრომლობის კარგ პირობებს გვთავაზობდნენ, იღებდნენ შეკვეთებს და ჩამოჰქონდათ პროდუქცია. თავიდან ამერიკიდან შემოდიოდა ტანსაცმელი, მალე დაემატა ევროპა. იყო დრო, ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც ვმუშაობდით, დღემდე ასეა – ტანსაცმლის დიდი ნაწილი ევროპასა და ამერიკაში იკრიბება და იქიდან გადის მთელ მსოფლიოში. ყველაზე მეტი ტანსაცმელი მაინც გერმანიიდან გადის, მას მოჰყვება ინგლისი, საფრანგეთი. პროტესტანტული ქვეყნებიდან უფრო კარგი ხარისხის მეორადი ტანსაცმელი შემოდის, ვიდრე კათოლიკური ქვეყნებიდან, სადაც მეორად ტანსაცმელს დაბალი ხარისხი აქვს. იქ ტანსაცმელი დიდხანს აცვიათ. კათოლიკეები ტანსაცმელს ზედმეტ არ ყრიან. წავლენ, გაჭირვებულ მეზობელს, ნათესავს მისცემენ და არ გადაყრიან. პროტესტანტულ ქვეყნებში პირიქითაა – იქ მცხოვრებლები საკუთარ ძმას არ მისცემენ ზედმეტ ტანსაცმელს, ყუთში ჩაყრიან ან რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას მიუტანენ და ჩააბარებენ.
10 წელია, რაც ალექსეევკაში მაქვს ფაბრიკა, ჰოლანდიელ პარტნიორთან ერთად. ჩვენი ფაბრიკა იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც მუშაობენ ასეთი ფაბრიკები ევროპაში. თუმცა იქ დღეში ასამდე ტონა მასალის სორტირება ხდება. ჩვენთან ასეთი დატვირთვა არ არის. ჩვენთან სორტირებული მასალა გადის როგორც ქართულ ბაზაზე, ისე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. რამდენიმე წელი აფრიკის ბაზარზეც ვგზავნიდით საზაფხულო ტანსაცმელს, რადგან იქ ამაზე დიდი მოთხოვნაა. ზაფხულის ტანსაცმელი აქაც კარგად იყიდება, თუ ზამთარში შეიძლება ერთი პულოვერი, ერთი ჟაკეტი და ერთი ქურთუკი იყიდოს ადამიანმა და მთელი ზამთარი იმყოფინოს, ზაფხულში მეტი ტანსაცმელი სჭირდება. ზაფხულის ტანსაცმლის რეალიზაციის პრობლემა არც აქ გვქონდა და ეს პროექტი შევაჩერეთ.
– ვინ არის დღეს მეორადი ტანსაცმლის მომხმარებელი?
– არავინ არ თქვას, რომ მეორად ტანსაცმელს მარტო ღარიბები ყიდულობენ. უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც თვეში ათასობით ლარი აქვს შემოსავალი, მაგრამ ისიც მოდის მაღაზიაში და იქექება, რომ რამე იპოვოს. მასიურად მეორად ტანსაცმელს უფრო ღარიბი ადამიანები ყიდულობენ. ეს ფაქტია. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეს ბიზნესი არ მუშაობს. მუსლიმანურ ქვეყნებში მეორადი პროდუქცია ნაკლებად იყიდება. ურჩევნიათ, ჩინური წარმოების ტანსაცმელი იყიდონ, მაგრამ ახალი. სომხეთში ეს ბიზნესი უფრო კარგად არის განვითარებული, მაგრამ ისე მაინც არა, როგორც ჩვენთან. ქართველებს ჩაცმა გვიყვარს. 20 წლის წინათ დაბალშემოსავლიან ოჯახებს, რომელთაც ტანსაცმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ, საშინლად ეცვათ. თუ სპეკულანტთან ყიდვის თავი არ გქონდა, ფაქტობრივად, ჩაუცმელი დადიოდი. არც ამდენი მაღაზია იყო, არც სხვა ალტერნატივა – ქუჩაში ჯინსის ქურთუკებს ხდიდნენ ერთმანეთს. დღეს ასე აღარაა. ჩვენთან ტანსაცმელი არ ჭირს. მეორადი ტანსაცმელი პოპულარულია ქართულ სოფლებშიც, მიყრუებულ ადგილებშიც კი ხალხს უკვე ნორმალურად აცვია.
– სანიტარიული სერტიფიკატის გარეშე მეორად ტანსაცმელს ვერ შემოიტან. ახლა პროცედურა უფრო გამკაცრებულია და სერტიფიკატის ორიგინალის წარდგენას ითხოვენ. თუ არ გაქვს სანიტარიული სერტიფიკატი, უნდა დაიქირავო ჰიგიენისტი, რომელიც იღებს ნიმუშებს და ამოწმებს მათ უსაფრთხოობას. სერტიფიკატის გაცემა ამ პროცედურების გავლის შემდეგ ხდება, ისე ბაზარზე საქონელი ვერ გადის.
ნონა კინწურაშვილს 10 წელია მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, ადრე რუსთაველზე მუშაობდა, ბოლო ოთხი წელია, მაღაზია საბურთალოზე, ცენტრალურ გამზირზე გადმოიტანა. ამბობს, რომ არც ეკონომიკურ მდგომარეობას და არც საქართველოში მეორად ბიზნესში არსებულ კრიზისს, მასზე გავლენა არ მოუხდენია: „ჩემი ერთი პატარა მაღაზიის მაგალითზე გეტყვით. ამ მაღაზიით სახლი ვიყიდე, ცხოვრების პირობები გავიუმჯობესე. მეორე მაღაზიის გახსნაც მინდოდა, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვერ მოვახერხე და ძალიან ვნანობ. მე ჩემი კლიენტები მყავს, რომლებიც წლებია, ჩემი ტანსაცმლით სარგებლობენ. ძირითადად ინგლისური და ნორვეგიული საქონლით ვმუშაობ, მოსწონთ ჩემს კლიენტებს, უფრო სუფთაა და ხარისხიანი. ადრე ფრანგული ტანსაცმლის ფუთებს ვიღებდი, კანადაზეც იყო მოთხოვნა. ყველაზე იაფი იყო და არის გერმანული ტანსაცმელი, დღეს მასზე მოთხოვნა აღარაა, ხარისხი გააფუჭეს და სახელიც გაუფუჭდა. 25 ლარს ვაძლევდი ხოლმე ფუთაში, ახლა 60-70 ლარს ვიხდი კილოგრამში, რომ პროდუქცია ხარისხიანი იყოს. გემოვნება ყველას დაეხვეწა, მომხმარებელი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ფასს, რადგან იაფად ყიდულობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაგავსა და გადასაყრელს იყიდის“.
ეპიდემიოლოგები და ჰიგიენის სპეციალისტები აცხადებენ, რომ, თუ მეორადი ტანსაცმელი კარგად არ არის დამუშავებული, არსებობს სხვადასხვა ინფექციებისა და კანის დაავადებების საფრთხე. უფრო შორს მიდიან სხვა მეცნიერებების წარმომადგენელები. მაგალითად, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, ამბობს, რომ ტანსაცმელს რჩება მისი მფლობელის აურის მეხსიერების კოდი, რამაც ახალ მფლობელს შეიძლება ენერგეტიკული პრობლემები შეუქმნას:
– ადამიანი ცოცხალი არსებაა და მის სხეულს აქვს ენერგოინფორმაციული ველი. მატერიალური სხეულის გარდა, ჩვენ ყველას კიდევ გვაქვს ზედა 6 სხეული: ეთერული, ასტრალური და ა.შ., რაც ქმნის ერთიანობას. მათი საერთო ენერგოველი ვიბრირებს. სულიერი ოსტატები ხედავენ ამ ვიბრაციას, აურის ნათებას, რომელსაც თავისი ფერები აქვს იმის და მიხედვით, რა სულიერ განწყობაზეა ადამიანი, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაშია ის, ამის მიხედვით იცვლება აურის ნათება და ფერები. ბიოველს ზუსტად ის ფერები აქვს, რა მდგომარეობაშიც იყო ადამიანი ამა თუ იმ მომენტში. ბიოკორექტორები ხშირად სწორედ ზუსტად იმ ადგილებს აკორექტირებენ, სადაც არის, მაგალითად, წითელი ნათება ან მუქი ყავისფერი ნათება, ეს არის ცუდი ფერები იმ კუთხით, რომ მათი არსებობა მიგვანიშნებს, რომ იმ ზონებში არსებობს პრობლემა – ენერგია არ გადის თავისუფლად, გროვდება უარყოფითი ენერგია, წითელი ფერი ნელ-ნელა გადადის ყავისფერ ტონში, ანუ სიბინძურის ფერში, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ზონაში კარგი ენერგია გაჭედილია და აუცილებელია მისი გასუფთავება სხვადასხვა ლოცვებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს შეიძლება შეემთხვეს სხვადასხვა პრობლემა – ავარია, კონფლიქტური სიტუაცია და ა.შ.
– აქვს თუ არა ენერგეტიკული მეხსიერება სამოსს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს?
– მოგეხსენებათ, ადამიანს აქვს როგორც პოზიტიური, ისე უარყოფითი, ნეგატიური ენერგომდგომარეობა. თუ ადამიანი ავადმყოფობს, აქვს ონკოლოგიური დაავადება, ან სხვა ტიპის პრობლემა, პირადი, ცხოვრებისეული, ტანსაცმელი, რომელსაც ის ამ რთულ პერიოდებში ატარებს, ინახავს ინფორმაციას. კავშირი ტანსაცმელს, ნივთებსა და ადამიანის ენერგოველს შორის, რასაკვირველია, არსებობს. ჩვენი ენერგიის ვიბრაცია აუცილებლად გადადის ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, ნივთებზე, რომელსაც ვატარებთ. არსებობს არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც ადამიანის სამოსზე 3-4 წლის შემდეგაც კი არის დარჩენილი მისი ბიოველის ენერგია. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ მეორად ტანსაცმელზე, რაც დღეს ჩვენთან ძალიან აქტიურად გამოიყენება, ის საკმაოდ ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. ყველა საგანი ატარებს მისი მფლობელის ენერგეტიკას. როდესაც ვყიდულობთ მეორად ტანსაცმელს, არ ვიცით, ვის ეკუთვნოდა ის – შესაძლოა, ის გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმელია, ან ავადმყოფის, პრობლემებში მყოფი უბედური ადამიანის. ამ ნივთებს დაჰკრავს მათი ბიოველი, აურა, რომლის მეხსიერების კოდი, რომელიც შერჩენილია ტანსაცმელზე. ასეთ ტანსაცმელში ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. მოუსმინეთ საკუთარ მეს, თუ სამოსის ჩაცმისას თავი არაკომფორტულად იგრძენით, დაუფიქრებლად გადააგდეთ, ხოლო თუკი პირიქითაა, მაშინ შეგიძლიათ, ატაროთ.
– ყველა საგანი ატარებს მისი მფლობელის ენერგეტიკასო, თქვით, დავუშვათ, მეორადი ნივთი ეკუთვნოდა ბოროტმოქმედს, მკვლელს, ჩვენზე მისი ენერგეტიკა გადმოვა?
– თუ ბოროტმოქმედის, სერიული მკვლელის ტანსაცმელს ატარებთ, მთლად დამნაშავე არ გახდებით, მაგრამ შეიძლება თქვენში მოიმატოს აგრესიამ, ულმობლობამ, კრიმინალზე ფიქრმა, ისეთმა აზრებმა გაგიელვოთ დროდადრო, რაც ადრე არ გქონიათ. ფაქტი არის ის, რომ ასეთი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი ცუდი ენერგეტიკის მატარებელია. შესაძლოა, თქვენამდე ეს ტანსაცმელი შავ მაგს ეცვა, რომელსაც უამრავი ბოროტება აქვს ჩადენილი. ცხადია, ამ ტანსაცმელზე აუცილებლად იქნება ჩაწერილი მისი ქმედებების მატრიცა. აქედან გამომდინარე, მისი მოხმარებისას თქვენზე მისი ყოფილი მფლობელის „გავლენა“ აუცილებლად გადმოვა. – როგორ შეიძლება ეს საფრთხე ავირიდოთ თავიდან? გარეცხვა, ქიმიური დამუშავება არ შველის აურის გასუფთავებას?
– ქიმიური დამუშავება, გარეცხვა ასუსტებს მეხსიერებას, მაგრამ ბოლომდე არ სცილდება. სჯობია, თავი შევიკავოთ მეორადი ტანსაცმლის ყიდვისგან, მაგრამ, თუ არ გვაქვს სხვა საშუალება, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და სანამ მას მოვიხმართ, 72 საათი მაინც უნდა მოათავსოთ გამავალ წყალში, რომ წყალმა მაქსიმალურად გაწმინდოს ტანსაცმელი აურული დაბინძურებისგან. ამის შემდეგ შრობის პროცესი უნდა მოხდეს მზის სხივების დახმარებით. ამით მინიმუმამდე დავიყვანთ ნეგატიურ ენერგიას, რაც შეიძლება მეორად ტანსაცმელს ჰქონდეს. მზის სხივი არის ცეცხლის სტიქია, რომელიც, ასევე, წვავს ყველა სახის აურულ გამოვლინებებს, თუმცა წყალზე კარგი გამტარი ბუნებაში მაინც არ არსებობს. წყლისა და მზის ენერგია ერთად განსაკუთრებულად მოქმედებს ადამიანზე, ამიტომაც არის, რომ ზაფხულში ზღვაზე გატარებული გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანის სხეულზე დაგროვებული აურის ყველა სიბინძურე ისპობა და როგორც კი ადამიანი ბინძურისგან თავისუფლდება, თავს ძალიან კარგად გრძნობს.
– არის ნივთები, სამოსის სახეობა, რომელზეც განსაკუთრებით გადადის მფლობელის ენერგეტიკული ბიოველი?
– კი არის, ძალიან ძლიერი ფაქტორია ქუდი და თავსახურავი, რადგან თავი, როგორც ფეხი, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი ენერგოცენტრია, შესაბამისად, ქუდი ატარებს ძალიან ძლიერ ენერგიას. ასევე, ინახავს ბიოველის მეხსიერებას სამკაული, ამიტომ მისი ყიდვის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, უნდა გაფრთხილდეთ ფეხსაცმლის ყიდვის დროს, უმჯობესია, თავიც კი შეიკავოთ მეორადი ფეხსაცმლისგან. ძველ ინდოეთში ახლაც კი იციან, ფეხის ტერფზე რომელი წერტილი რომელ ორგანოს მართავს. რატომ იყო განბანვა ყველგან, მათ შორის საქართველოში, აუცილებელი ძილის წინ? ითვებოდა, რომ ფეხის ძირში არის ძირითადი კონტაქტი ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოებთან და როდესაც ფეხს მთელი დღის აურული ჭუჭყისგან განბან, ამით მთელი სხეული თავისუფლდება დაბინძურებისგან და ორგანოებიც კარგად მუშაობს.
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდის ვყიდულობთ ტანსაცმელს. ეს რეკომენდაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მეორადი, ისე ახალი ტანსაცმლის შეძენისას. ტანსაცმელი არ უნდა ვიყიდოთ სატანურ დღეებზე, ახალმთვარეობიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე დღეს. საყიდლებისთვის კარგია ახალმთვარეობიდან 28-ე დღე, ამ დღეს ნაყიდ ტანსაცმელს არა მარტო დიდხანს ატარებთ, ის იღბალსაც მოგიტანთ. ძალიან მნიშვნელოვანია ტანსაცმლის ფერი, ამიტომაც ყველას ვურჩევ, რომ სამოსის ფერი არ შეარჩიოთ იმ ნიშნით, რომელი ფერი გიხდებათ. სხვადასხვა ფერს სხვადასხვა ვიბრაციული მუხტი აქვს, არის ფერები, რომელიც აძლიერებს აურის პოზიტივს, ენერგიას და არის ფერები, რომელიც ჩვენს აურას თრგუნავს და ასეთი ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ, რომ დისკომფორტი არ შეგვექმნას.
ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე მიიჩნევს, რომ მეორადი ტანსაცმელი, საფრთხეს უქმნის და მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგან მისი დამუშავება ხდება ძლიერი და დიდი რაოდენობით მადეზინფექცირებელი საშუალებით, რომელთა უმეტესობა კანცეროგენული ნივთიერებაა: „დეზინფექციის საშუალებებს შორის ძირითადად გამოიყენება ფორმალდეჰიდი, ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი, რომელიც არის კანცეროგენი და ცუდად მოქმედებს თვალებზე, კანზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ორგანიზმში ხვდება ჩასუნთქვით, იწვევს ასთმას, კიბოს. ამაზე უფრო საშიში არის ბრომმეთანი, რომელიც ასევე გამოიყენება მეორადი ტანსაცმლის დამუშავებისას. ბრომმეთანიც კანცეროგენული ნივთიერებაა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში. რამდენიმე წლის წინათ უკრაინაში ადგილი ჰქონდა ეპიდემიას, მეორადი ტანსაცმლის მუდმივ მომხმარებლებს კანქვეშ გაუჩნდათ სოკო, რაც საკმაოდ მძიმე პათოლოგიაა. ამის გამო იმ ტერიტორიებზე საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა, მერე დადგინდა, რომ მათი გამომწვევი ფაქტორი სწორედ მეორადი ტანსაცმელი იყო. ძალიან ბევრ ქვეყნაში აიკრძალა მეორადი ტანსაცმელი. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სხვადასხვა დაავადება, რომლებიც ამ ქვეყნების ჯანდაცვის უწყებების ცნობით, სწორედ მეორადი ტანსაცმლით გადადის.
გაზეთი "პრაიმტაიმი"; ორშაბათი; 23 ივლისი; 2018 წ. N 480