დიდი პოლიტიკის საინტერესო დეტალები

11:32 07-23-2018
212

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

დიდი პოლიტიკის საინტერესო დეტალები. ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მთავარი მესიჯები და აქცენტები. პოლიტიკური ტექნოლოგიები და დილემები... „პრაიმტაიმი“ ისტორიკოსსა და ანალიტიკოსს დავით გამცემლიძეს ესაუბრა:

– ტრამპის რუსეთისადმი დამოკიდებულებით მთელი დასავლეთი აღშფოთებულია. ის თითქოს მარტივ რამეს ამბობს, სურს, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. განა იგივე არ სურდა ობამას ან კლინტონს? რატომ იწვევს გაღიზიანებას მაინცდამაინც ტრამპი? 

– აბსოლუტურად მართებული კითხვაა. ობამა და კლინტონი შინაარსობრივად იგივე პოლიტიკას ატარებდნენ რუსეთის მიმართ. გავიხსენოთ თუნდაც ე.წ. „გადატვირთვა“, რომლითაც მათ სამარცხვინოდ (უკაცრავად ჟარგონისთვის) „გაუპრავეს“ მოსკოვს საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაცია. ანუ ისე, თითქოს 2008 წელს „ბევრი არც არაფერი მომხდარა“. ამ „გაპრავების“ სანაცვლოდ კი მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი დათმობა მოსკოვის მხრიდან: პრეზიდენტმა მედვედევმა „გაატარა“, ანუ არ „დაავეტოვა“ რეზოლუციის პროექტი ლიბიის თაობაზე, რამაც მისცათ საშუალება, დაემხოთ მუამარ ყადაფის რეჟიმი.

დონალდ ტრამპი ძალიან კარგი ბიზნესმენია. ამას ყველა აღიარებს, მაგრამ პოლიტიკურად აშკარად გამოუცდელია და ისე ვერ „ფუთავს“ შინაარსობრივად იგივე პოლიტიკას მოსკოვის მიმართ, როგორც მისი წინამორბედნი. სწორედ ამ წინააღმდეგობის გამოვლინება გახდა ბოლო პრესკონფერენცია პუტინთან, როდესაც პრეზიდენტმა რამდენიმე PR-ული შეცდომა დაუშვა, რასაც არც ობამა და არც ჰილარი კლინტონი არ დაუშვებდნენ, მათ ბევრად მეტი პროფესიული ნარატივი ჰქონდათ, რადგან უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ. 

ბუნებრივია, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მათაც ჰყავდათ, ისევე, როგორც ჰყავს ტრამპს. პოლიტიკოსის ამოცანაა, ამ მოწინააღმდეგეებს ნაკლები „სათქმელი“ მისცეს. დონალდ ტრამპი კი მუდმივად აწვდის „სათქმელს“. ეს არის და ეს. რაც სულაც არ ნიშნავს, თითქოს მისი პოლიტიკა რაიმე თვალსაზრისით კარდინალურად განსხვავდება. ბოლოს და ბოლოს, არა მხოლოდ საქართველოს ოკუპაციის დე ფაქტო „გაპრავება“, არამედ ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია არა ტრამპის, არამედ წინა ადმინისტრაციის დროს მოხდა. 

– აშკარაა, რომ ის ცდილობს, ამერიკის პრეზიდენტებს შორის გამორჩეული ადგილი დაიკავოს. ამიტომ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს, განსაკუთრებული ქათინაურებით აავსო პუტინი... იმუშავებს რომელიმე მიმართულებით მისი პოლიტიკური ტაქტიკა? თუ ეს მხოლოდ პიარია?

– ქათინაურები პოლიტიკური ნარატივია, ანუ პოლიტიკური თუ დიპლომატიური „ტექნოლოგიის“ ნაწილია და მათ პოლიტიკოსები არასდროს იშურებენ. 

ზუსტად დასმული აქცენტია თქვენს კითხვაში: „იმუშავებს“ თუ არა ეს ტაქტიკა რომელიმე მიმართულებით? 

მთავარი სწორედ ესაა. მიხეილ სააკაშვილიც „ავსებდა“ ქათინაურებით პუტინს 2004 წელს და პოლიტიკურ-დიპლომატიური ტექნოლოგიის თვალსაზრისით, აბსოლუტურად სწორად იქცეოდა, მაგრამ „იმუშავა“? რა თქმა უნდა, არა! პუტინის ფენომენი ქართველ საზოგადოებას სათანადოდ არა აქვს შეფასებული: ეს არის ცივსისხლიანი, თხემით ტერფამდე ცინიკურად პრაგმატული, თანაც ძალიან გაქნილი და ცბიერი პოლიტიკოსი, რომელსაც, ბოდიში და, ამგვარი ქათინაურებით ვერ „დააბოლებ“. 

იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ასეთი  ტაქტიკა „იმუშავებს“ თუნდაც ჩრდილოეთი კორეის მიმართ. „კიმების“ ამაზრზენი, თითქოსდა ორუელის შემაძრწუნებელი თხზულებიდან – რეალობაში გადმოტანილი რეჟიმი რუსეთზე ბევრად მეტად ჩინეთზეა დამოკიდებული და მეტისმეტი „გულუბრყვილობა“ იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, თითქოს ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი სავაჭრო ომს უცხადებს პეკინს, „პრეზიდენტი სი“ მას რაიმე თვალსაზრისით დაეხმარება, რათა იმ „საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორს“ რეჟიმი არსებითად შეაცვლევინოს. 

ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს ამის გამო პრეზიდენტ ტრამპის მცდელობაც არასწორია: პოლიტიკაში „ცდა“ იგივე „ალტერნატიული პროექტის“ შეთავაზებაა. თუკი პოლიტიკოსი ახერხებს ამგვარი „პროექტის“ გამომუშავებას, ეს უკვე წარმატებაა თავისთავად, ანუ კიმთან შეხვედრით დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ალტერნატივების შეთავაზება ძალუძს. ისევე, როგორც უდავო წარმატება იყო ობამას ვიზიტი კუბის „საკონცენტრაციო ბანაკში“ იმის მიუხედავად, მოჰყვა მას რაიმე მყისიერი შედეგი თუ არა. ვიმეორებ: „ალტერნატიული პროექტი“ თავისთავადი პოლიტიკური მნიშვნელობის ფენომენია.

ხოლო რა როგორ განვითარდება მომავალში – ეს უკვე მეტისმეტად რთული განსასაზღვრია. ჭადრაკის ანალოგიას მოვიშველიებ: საჭადრაკო სკოლებში ბავშვებს ზეპირად ასწავლიან დებიუტებს მეათე-მეთხუთმეტე სვლამდე, მაგრამ შემდეგ, შესაძლო ვარიანტების ოდენობა იმდენად იზრდება, უკვე ყველაფერი „აქ და ახლა“ არსებულ სიტუაციაზე და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ხდება დამოკიდებული.

– ავლებდნენ პარალელებსაც რეიგანთან. როცა მან დაიწყო გორბაჩოვთან დაახლოება, როგორი იყო მაშინ ამერიკული პოლიტიკური ელიტის ან მედიის რეაქციები? არც გორბაჩოვი იყო დემოკრატი და არც საბჭოთა კავშირი – დემოკრატიული, თუმცა, რეიგანი მის მიმართ თავის კეთილგანწყობას არ მალავდა. შეიძლება ასეთი პარალელის გავლებაც?

– მართალს ბრძანებთ, რადგან პოლიტიკას, შესაბამისად, დიპლომატიას ურყევი კანონები აქვს და დროთა განმავლობაში ისინი არ იცვლება. შესაბამისად, არ იცვლება „ტექნოლოგიაც“, მათ შორის ნარატივის თვალსაზრისით. ოღონდ რეიგანთან  ტრამპის შედარება არარელევანტურად მიმაჩნია მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მსგავსებაც არსებობს. თუნდაც ეკონომიკურ სფეროში გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით. 

მაგრამ რონალდ რეიგანის ხანა სულ სხვა „ეპოქა“ იყო – მსოფლიო მკვეთრად იყოფოდა სამ ბანაკად: დასავლეთი, აღმოსავლეთი და ე.წ. „მესამე სამყარო“, რომელიც ერთიანდებოდა „მიუმხრობლობის მოძრაობაში“, ანუ ცდილობდა ნეიტრალობა შეენარჩუნებინა ამ ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის დაპირისპირებისას. 

დღეს კომუნისტური ალიანსი აღარ არსებობს, ღირებულებით დაპირისპირებაში ლიბერალიზმმა ულაპარაკოდ გაიმარჯვა, რუსეთი არანაირ „ალტერნატიულ პროექტს“ კაცობრიობას აღარ სთავაზობს, თავადაც დასავლური წყობის „ერზაცს“ წარმოადგენს... თუმცა ამით სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, რადგან იხვეწება „ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიები“, ელიტებში შეღწევისა და მათზე ზემოქმედების ხერხები...

ანუ ოდინდელი ერთმნიშვნელოვნება ამჟამად აღარ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოც არ დგას ბირთვული განადგურების საფრთხის წინაშე, წმინდად პოლიტ-ტექნოლოგიური თვალსაზრისით ტრამპს, ასევე, ზოგადად, დასავლურ ისტებლიშმენტს შინაარსობრივად ბევრად რთული ამოცანის გადაწყვეტა უწევთ: როგორ უპასუხონ КГБ-ს ყოფილი ოფიცრის სისტემურ გამოწვევას  ვითარებაში, როდესაც ეს უკანასკნელი იმ ცივილიზაციის „ტექნოლოგიებს“ იყენებს, რომელსაც სსრკ ებრძოდა?! 

– შეიძლება ეს შეხვედრა და სამიტი ახალ იალტად განვიხილოთ? ხდება გავლენების ხელმეორედ გადანაწილება?
– გამორიცხულია! არანაირი „იალტა“ არ შედგებოდა და არ შედგება ზუსტად იმ მიზეზით, რომ „იალტა-1945“ ორპოლუსიანი სამყაროს სისტემური პროდუქტი იყო. დღეს სამყაროში ერთადერთი პოლუსია: დასავლური ცივილიზაციისა. პუტინის ფენომენს, მის გამოწვევას, ასევე, სისტემურად იმიტომ ვერ პასუხობენ, რომ განსხვავებით ლენინურ-სტალინური რეჟიმისგან, პუტინი არათუ არ ებრძვის ამ ცივილიზაციას, არამედ მის ნაწილად მიიჩნევს თავს და ცდილობს, მსოფლიო XIX საუკუნეში დააბრუნოს, როდესაც ზესახელმწიფოები არა ალტერნატიული წეს-წყობილების დასამკვიდრებლად, არამედ საკუთარი გავლენის სფეროებისთვის და, ამ მხრივ, მსოფლიოს „გადასანაწილებლად“ იბრძოდნენ. 

მარტივი მაგალითი: აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, სსრკ კომპარტიის გენმდივანთან დაახლოებულ რომელიმე პირს ლონდონის „ჩელსი“ ეყიდა?

ამ თვალსაზრისით დღევანდელი დაპირისპირება, ტიპოლოგიურად,  XIX საუკუნეში ევრაზიის სხვადასხვა რეგიონში დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიის სისტემურ ანტაგონიზმს უფრო ჰგავს, ვიდრე XX საუკუნის წინააღმდეგობებს.

– რა მთავარმა მესიჯებმა გაიჟღერა სამიტის დროს და მის შემდეგაც და ამ ფრაზების მიხედვით როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი მომავალში? თუ, ფიქრობთ, რომ ტრამპის პოლიტიკას ხანგრძლივი მოქმედების ზეგავლენა არ ექნება?

– „მსოფლიო წესრიგი“ ჰელსინკის სამიტის თემა, როგორც მოგახსენეთ, საერთოდ არ ყოფილა. ზესახელმწიფოებმა ერთმანეთი „მოსინჯეს“, „ყოველი შემთხვევისთვის“ კომუნიკაციის არხი ააგეს და, კვლავ საჭადრაკო ანალოგიით, „მიტელშპილისთვის“ მოემზადნენ. ჯერჯერობით, დებიუტის შემდეგ ის ჩანს „დაფაზე“, რომ საქართველოსა და უკრაინაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ჩამოყალიბებულ Status quo-ს არ უნდა შეეხონ. სხვა რეგიონებზე მსჯელობას კი გააგრძელებენ. 

– შეიძლება არსებობდეს ტრამპის გასამართლებელი არგუმენტები? საბჭოთა წყობა შეიცვალა და მართლაც, დასავლეთის საერთაშორისო ინსტიტუტებმა, რომლებიც მაშინდელ ვითარებაზე იყვნენ აწყობილნი, ვერც საქართველო დაიცვა, ვერც უკრაინა და ვერც მოლდოვა... ეგებ, მართლაც შესაცვლელია მიდგომები, თამაშის წესები?

– დასავლეთის საერთაშორისო ინსტიტუტები XX საუკუნის ცივილიზაციურ და ღირებულებით დაპირისპირებაზე იყვნენ „აწყობილნი“, მათზე იყვნენ „მომართულნი“ და ამ ინსტიტუტთა ფუნქცია სულაც არ ყოფილა გავლენის სფეროთა „გადანაწილება“ XIX საუკუნის წესებით. 

სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, 1989 წლის 9 აპრილიდან, დასავლეთს მხოლოდ იმიტომ აინტერესებდა, რომ ანტიკომუნისტური შინაარსისა იყო და „კომუნისტურ ბლოკს“ ასუსტებდა, თორემ ზუსტად მახსოვს, 1989 წელსაც კი, დასავლურ პრესაში ქვეყნდებოდა სტატიები ავტორთა ერთგვარი „მხრების აჩეჩით“: „ანტიკომუნიზმი გასაგებია, მაგრამ კარგად ვერ გავიგეთ, ქართველებს რუსეთისგან გამიჯვნა რატომ უნდათ, როდესაც თბილისში კანალიზაციაც კი რუსებმა აუშენეს და კავკასია უკვე 200 წელია, რუსეთის გავლენის სფეროში შედისო“. 

სწორედ ეს „მხრების აჩეჩა“ გამოვლინდა ე.წ. „ტალიავინის კომისიის“ ანტიქართულ დასკვნაში.

– პუტინმა, როგორც მოგვიანებით ისევ მისგან გახდა ცნობილი, კიდევ ერთხელ მუქარანარევ ტონში თქვა: ნატო უკრაინასა და საქართველოს არ უნდა შეეხოსო... როგორ ფიქრობთ, როგორია ამ სამიტის შედეგები ჩვენთვის? როგორც თბილისისთვის, ისე კიევისთვის. 

– სამიტის შედეგი არ ამოიწურება მხოლოდ რეზოლუციაში ჩანაწერით. თუმცა შემაჯამებელ დოკუმენტშიც ბევრი რამ სასარგებლო და ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელი ჩაიწერა. თავისთავად მნიშვნელოვანია „ბუქარესტის სამიტზე“ მიღებული გადაწყვეტილების მულტიპლიცირება სამიტიდან სამიტამდე. ეს ძალიან არსებითია, რადგან პოლიტიკურ რეალობას ნამდვილად ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია (რეზოლუციაზე არანაკლებ) გენერალური მდივნის განცხადებები პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

ის, ვინც ცდილობს ამ განცხადებათა ნიველირებას, მათი მნიშვნელობის დამცრობას, ვისაც „არაფრად“ ან „არაფრისმომცემად“ (რაც ერთი და იგივეა) მიაჩნია, როგორ „იღებდნენ“ საქართველოს წარმომადგენელს (წმინდად პროტოკოლური ნიუანსების ჩათვლით), რას ამბობდნენ, რას წერდნენ, ანუ რა „მესიჯებს“ აგზავნიდნენ ყველა დაინტერესებული მხარის მისამართით, შესაძლოა, მისადაუნებურად, მაგრამ მაინც კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს: პოლიტიკა პროცესია. ხოლო ეს პროცესი, თავისთავად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყბადაღებული MAP.

– უნდა ველოდოთ რუსეთის უფრო გააქტიურებას პოსტსაბჭოთა სივრცეში?
– ყველაფერი რესურსებზე იქნება დამოკიდებული. თუ ბარელი ნავთობის ფასი კვლავ გადააჭარბებს 100 დოლარს, ანუ პუტინს მეტი რესურსი ექნება, რათა, მაგალითად, თავიდან აიცილოს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა მის მიერ დაწყებული „საპენსიო რეფორმის“ ფინანსური კომპენსირებით, მაშინ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება არც საქართველოს, არც უკრაინის მიმართულებით. ოღონდ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთი ასე იოლადაც აღარ მისცემს პუტინს „კიდევ უფრო შორს წასვლის“ საშუალებას, თუმცა... აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა, რომელიც თავისი რადიკალიზმითაა ცნობილი რუსეთის მიმართ, რამდენიმე ხნის წინ განაცხადა: „უკრაინასაც მხარს ვუჭერთ, საქართველოსაც, მაგრამ ქართველებსა და უკრაინელებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ ნაცვლად ამერიკელები და ევროპელები არ იომებენო“. 

თუ უკრაინაში ან საქართველოში კვლავ განმეორდება სამარცხვინო სცენა, როდესაც სენაკიდან ფოთისკენ დაძრულ რუსულ სამხედრო კოლონებს საქართველოს საპატრულო პოლიციის მანქანა აცილებდა ჩართული „ციმციმებით“, მაშინ... დასავლეთში, რა თქმა უნდა, „მხრებს აიჩეჩენ“.

გაზეთი "პრაიმტაიმი"; ორშაბათი; 23 ივლისი; 2018 წ. N 480