სკანდალი ჰელსინკიში: პუტინი VS ტრამპი

12:05 07-23-2018
184


ამერიკის კონგრესს შეკავების პოლიტიკა სჭირდება უკვე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ტრამპის სურვილების მიმართაც – მას კრემლთან გარიგებებში შესვლა სურს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. მედია ამერიკის პრეზიდენტის პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოთქმულმა ფრაზებმა გააღიზიანა. 

მოსკოვში გაკეთებული თამამი განცხადებების გამო კრიტიკის ჩახშობას ტრამპი ვაშინგტონში შერბილებული ფრაზებით შეეცადა, თუმცა, როგორც The Washington Post წერს, ეს მისი მხრიდან საცოდავი მცდელობა იყო. „მე მთლიანად ვენდობი ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს“; „მე ვეთანხმები მათ დასკვნებს იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩართულობას ადგილი ჰქონდა“, – განაცხადა ტრამპმა უკვე ამერიკაში. გამოცემა მიიჩნევს, რომ ეს ფრაზები მას სხვა კონტინენტზე უნდა ეთქვა. არადა, ჰელსინკიში პუტინის გვერდით მან თავად გამოძიებას „კატასტროფული“ უწოდა. 

The Washington Post კონგრესს მოუწოდებს, მიიღოს კანონი, რომელიც რუსეთის მხრიდან რაიმე სახის ჩართულობის შემთხვევაში სერიოზულ სანქციებს დააწესებს და ეს ცალკეული პრეზიდენტების სურვილებსა თუ პირად შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული. ისინი ისეთი კანონის მიღებასაც მოითხოვენ, რომელიც 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიებას დაიცავს და ტრამპს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის დათხოვნის საშუალებას არ მისცემს. 

Financial Times-მა ტრამპს ნაციონალური ინტერესებისადმი ღალატში დასდო ბრალი. მათი შეფასებები, შეიძლება ითქვას, რადიკალურიც კი იყო. გამოცემის აზრით, ტრამპი პირად პოლიტიკურ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებს, ეგოცენტრულია და მისი ინტელექტი მის პოზიციებს არ შეესატყვისება.  

გამოცემამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტსაც რომ ტრამპმა ევროკავშირს მტერი უწოდა, რუსეთს კი – ლამის დემოკრატიული სახელმწიფო. პუტინი მან „კარგ მოწინააღმდეგედ“ მოიხსენია 

დაბოლოს, გამოცემა სვამს კითხვას: დაავიწყდებათ ტრამპის ჰელსინკიში წარმოთქმული ფრაზები, ისევე როგორც სხვა არაერთი გამონათქვამი, თუ ის გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს?

 ტრამპისა და პუტინის სამიტმა აჩვენა, რომ რუსეთი უფრო მაღალი აზრის არის ამერიკაზე, ვიდრე ამერიკა საკუთარ თავზე. ამის შესხებ The Times წერს. ჰელსინკიში პუტინსა და ტრამპს შორის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციას გამოცემამ ამერიკის ისტორიაში ყველაზე გამაოგნებელი უწოდა. პირველად მოხდა, როცა ამერიკის პირველმა პირმა – პრეზიდენტმა უარი თქვა, საკუთარი სპეცსამსახურების მოსაზრება უცხოელ მმართველზე ზემოთ დაეყენებინა.  

გაზეთი პრაიმტაიმი; ორშაბათი; 23 ივლისი; 2018 წ. N 480