"თუ რომელიმე პროკურორი ბრალდებას წარუდგენს მ.კ-ს, მზად ვარ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო..." - პროკურორი

12:53 07-23-2018
96

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის ყოფილმა პროკურორმა გიორგი გაბოძემ განაცხადა, რომ თუ რომელიმე პროკურორი ბრალდებას წარუდგენს მ.კ-ს როგორც თანაამსრულებელს და სასამართლო სამივე ინსტანცია მას დამნაშავედ ცნობს, მზად არის მისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს.

„მე არ ვსაუბრობ მ.კ-სთვის სარალიძის მკვლელობაში წაგეყენებინა ბრალი. ამის მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ არის. მაგრამ როდესაც იცით, რომ ფარდულშია მ.კ . ამ ფარდულში 12 -ჯერ ჭრილობა მიაყენეს და ეს პირი იჭერს და იმორჩილებს სარალიძეს და ხელს ურტყავს, ამაზე თანამონაწილეობისთვის ბრალი რატომ არ წაუყენეთ?“- იკითხა ოთარ კახიძემ. 

მას გიორგი გაბოძემ უპასუხა, რომ  როდესაც ადამიანს განზრახ დანაშაულში სდებ ბრალს, სახეზე უნდა იყოს განზრახვა. 

„მ.კ-ს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რომ გ.ჯ-ს განზრახული ქონდა სარალიძის მკვლელობა. მ.კ მკვლელობის განზრახვით არ მოქმედებდა. დღეს არც მე და არც ჩემი პროკურორები ამ საქმესთან შეხებაში არ ვართ. სხვა პროკურორები ახორციელებენ საპროცესო ზედამხედველობას და ოდესმე იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით თუ ვინმე რომელიმე პროკურორი ამ ბრალდებას წარუდგენს მ.კ-ს და სასამართლო სამივე ინსტანცია მას დამნაშავედ ცნობს, იმ გარემოებებზე დაყრდნობით რაც ჩემს დროს იყო ცნობილი, მე მზად ვარ ჩემი წილი პასუხისმგებლობა ავიღო. მაგრამ, მე, მჯერა, რომ აქ შეუძლებელი იყო თანაამსრულებლობა და ბრალის წარდგენა მ.კ-სთვის. რომ ყოფილიყო ამის შესაბამისი ობიექტური შესაძლებლობა, ამას ჩემი პროკურორები გააკეთებდნენ“, - განაცხადა გიორგი გაბოძემ.