მარნეულის ყოფილი მერის ადვოკატები მთავარ პროკურორს მიმართავენ, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს

12:59 07-23-2018
67

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ახალ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს.

ამის შესახებ ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც აღნიშნეს, რომ თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

უფლებადამცველების განცხადებით, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა ეჭვი, რომ ელჩინ ა., რომელიც აბაზოვის დაკავების საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, "ვიღაცაზე მუშაობდა".

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანი ვიღაცაზე მუშაობდა, თუმცა რა მიზნით, არ ვიცი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გარკვეული ჯგუფების დავალებებს ასრულებდა. დაცვის მხარე მუშაობს იმისთვის, რომ ეს ჯგუფი გამოავლინოს. მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში კი ამის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა. 

"ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ამ პროვოკაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აბაზოვის მიმართ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ მიმართულებითაც ვაგრძლებთ მუშაობას. დაცვის მხარე იკვლევს ვისთან და რატომ მოხდა ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გამოვრივხავთ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა,რომელიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას, გარკვეულწილად კავშირში იყოს აბაზოვთან მომხდარ პროვოკაციასთან“, - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.