ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
„ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, პრეზიდენტს ეთამაშება. მას, როგორც მმართველ პარტიას, შესაძლოა, გარისკვის რესურსიც დიდი აქვს – შეუძლია, მაქსიმალურად გვიან დაასახელოს საპრეზიდენტო კანდიდატი. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის, როგორც პოლიტიკური ძალა, საარჩევნო კამპანიას უკვე აწარმოებს – მთავრობის ცვლილებით, ექსმინისტრების დაკითხვებითა თუ ახალი პრემიერით ის ახდენს ელექტორატის დამუხტვას – ცვლილებები ხალხს პოზიტიურ მოლოდინებს უჩენს. ის აქცენტს აკეთებს ძლიერ პოლიტიკურ პარტიაზე, პოლიტიკურ გუნდზე. სხვა საკითხია, მოსწონს ის ვინმეს თუ არა.
თუმცა, არც მარგველაშვილს აკლდა რესურსი, რეიტინგი და ნდობა. მაგრამ ვერ გარისკა – მთელი წელი უყურა და ელოდა, ვის დააყენებდა „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად. ამ ყურებაში დავით უსუფაშვილის ამარაღა დარჩა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტობის ფარგლებში კი უმასპინძლა, მაგრამ უსუფაშვილმა რაც შიგნით შეიტანა, გარეთაც იმით გამოვიდა – ვერ გაიგო, რა უნდა მარგველაშვილს.
ყველაზე გამჭრიახები ამ საარჩევნო მოლოდინების თამაშში მაინც „ევროპული საქართველო“ და „გირჩები“ აღმოჩნდნენ. ისინიც, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ფოკუსირებულები არიან საკუთარ შესაძლებლობებზე, ზრუნავენ საკუთარი გუნდის გაძლიერებაზე და კონკურენციის ელემენტალური წესებიც კარგად ესმით.
საარჩევნოდ, მხოლოდ არჩევნებისთვის გაკეთებული კოალიციები უკვე წარსულია. ეს კარგად ისწავლა საკუთარ მაგალითზე მმართველმა ძალამაც. საკმარისი იყო, კოალიციით მოსულიყო ხელისუფლებაში, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა, გუნდური თამაშისა და გამოწვევებზე ფოკუსირების მაგივრად, ერთმანეთს დაუწყეს ბრძოლა.
„გირჩებმა“ მწარე გაკვეთილი პაატა ბურჭულაძესთან კოალიციით მიიღეს, როცა ამ უკანასკნელმა ზურაბ ჯაფარიძეს სიაში ადგილების სანაცვლოდ სოლიდური თანხები მოსთხოვა.
„ევროპელებმა“ სხვის გაკვეთილზე ისწავლეს. აი, ნაციონალები კი კლასში ჩარჩენილი რთული ბავშვებივით არიან. კიდევ ჰქონდათ დიდი სახალხო მოძრაობისა თუ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის პოვნის იმედია. იბრუნეს და იტრიალეს ამ მოჯადოებულ წრეზე და მაინც საკუთარი კანდიდატი წამოაყენეს საარჩევნო რინგზე.
მარგველაშვილი მარტო დარჩა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ და ნაციონალებმაც მას დიდხანს უცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
„ქართული ოცნება“ დროს წელავს, შეუძლია და რატომაც არა? რესურსიც აქვს და საარჩევნო მარათონზეც დგას, როგორც პარტია, მაგრამ მარგველაშვილი? პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილსაც მაღალი რეიტინგი ჰქონდა – სტატუსი აძლევდა მას ამის ფუფუნებას, მაგრამ ახლა სრულიად გაკოტრებულია. მარგველაშვილიც სამ თვეში სწორედ ასეთი ფიგურა გახდება.
ახლა მან საკუთარი კანდიდატურა რომც დაასახელოს, მოგების შანსები თითქმის ნულია – არც პოლიტიკური საყრდენი ჰყავს და არც ხმების მობილიზების უნარი გააჩნია.
კითხვები კი ისევ ისმის: აპირებთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩაერთოთ საპრეზიდენტო მარათონში, ბოლოს და ბოლოს? – ეს კითხვები ახლა მხოლოდ მედიის მხრიდან ისმის, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მარგველაშვილი უკვე აღარ აინტერესებთ.
და აქ მისი ფილოსოფია ჩაირთო, თავისთავად ფილოსოფია კარგია, თუმცა, პოლიტიკაში ის ხშირად ან უტოპიურად ჟღერს ან სულელურად გამოიყურება.
რამდენიმე დღის წინ მისი ფილოსოფიური „მიგნება“ ნამდვილად ჰგავდა სისულელეს და ის, უბრალოდ, სასაცილო იყო. მან საკუთარი პერსონიდან ახალი პერსონაჟი გამოძერწა, რომელიც თურმე პოლიტიკურ ელიტას ეხმარება, იყოს უფრო ძლიერი:
– რა არის მთავარი თემა პოლიტიკურ არეალზე, რომ ვაპირებდე არჩევნებში მონაწილეობას?! ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას. „ქართული ოცნების“ მაგალითზე, რატომ არ ასახელებენ კანდიდატს, თუ ვიტყვი, რომ არ მივიღებ მონაწილეობას, სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, კანდიდატს, რომელიც ვეტოს არ გამოიყენებს, არავის შეეპასუხება, აქ ექსკურსიაზე მოვა, საერთოდ თუ მოახერხებს რამეს, პარტიის ლიდერი იქნება. მათ ასეთი კანდიდატი უნდათ. მაგრამ თუ მე მივიღებ მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დაასახელებს. მე მელოდებიან. მეორე მხრივ, ოპოზიციასაც ვეხმარები, რადგან ეს ოპოზიციაც რამდენი ხანი უნდა იყოს ჩამოუყალიბებელი?! აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაზე რომ იყო კონსულტაციები ბათუმში, აღმოჩნდა, რომ თურმე კანდიდატი არ ჰყოლიათ და რომ შევაგულიანე, რატომ არ გყავთ კანდიდატი-მეთქი, მერე წარმოაჩინეს. მათ საშინაო დავალება ვერ შეასრულეს, არადა ეს მათი საქმეა. ერთი მხრივ, ვეხმარები ოპოზიციას, მეორე მხრივ – „ქართულ ოცნებას“, რომ სუსტი კანდიდატი არ წარადგინოს“.
მარგველაშვილის მთავარი კომპლექსი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილია. ის ხომ არასოდეს დაყრდნობია საკუთარ შესაძლებლობებს? ის ივანიშვილმა აირჩია, ხალხმა კი – მისი არჩევანი.
ამიტომაც უყურებს ახლა ის, ვინ ეყოლება „ქართულ ოცნებას“. მმართველ ძალას ადრე რომ დაესახელებინა კანდიდატურა, მას კარგად აზომავდა, აწონიდა, პულსს გაუზომავდა, მეორე ტურის შანსი თუ ექნებოდა, თავადაც ავიდოდა რინგზე იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც მასაც შეუძლია და რომ ბიძინას სიტყვა არ ყოფილა გადამწყვეტი...
ამ ლოდინში დროც გავიდა. და ახლაც ჯიუტად ამბობს: არ ვიტყვი, დავაყენებ თუ არა კანდიდატურასო.
„მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, – ასე მას კახა კალაძე გამოეხმაურა.
„ქართული ოცნება“ თვის ბოლომდე კონსულტაციებს გამართავს. ის არ ჩქარობს. პრეზიდენტს რჩევა პარლამენტის თავმჯდომარემაც მისცა:
„მარგველაშვილის მხრიდან ამ სპეკულაციებს მუდმივად ვისმენთ. მას შეუძლია, თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის და არც არავინ უშლის. მან იფიქროს საკუთარ გადაწყვეტილებაზე და დიდად ნუ იფიქრებს სხვების გადაწყვეტილებაზე. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა შანსი, რომ სოლიდური შედეგი დადოს ამ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს პირველ რიგში თავად უნდა აწონ-დაწონოს. თავად უნდა მოიფიქროს, რომელ ადგილას გავა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. მეორე ადგილზე გასული ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20%-ზე მეტს. აქ ვარ მე და აქ ხართ თქვენ, გარანტიას გაძლევთ. აქედან შეგიძლიათ განსაზღვროთ, ჩვენ ველოდებით სხვას, თუ სხვა გველოდება ჩვენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ექსმინისტრების საქმე
„ქართული ოცნება“ ისეთივე რთულ გზას გადის პოლიტიკაში, როგორსაც სხვა პარტიები გადიოდნენ. გასაკვირი არაფერია. მაგრამ მთავარი მაინც გუნდური თამაშია.
ეკონომიკური გუნდის შეცვლასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, ოღონდ რატომღაც ღელავდა ოპოზიცია – გადამდგარი პრემიერის დასაცავად მტვერივით წამოიშალნენ. თუმცა, მანამდე მას ხან ბრეჟნევს ეძახდნენ და ქვეყანაში უძრაობააო, ამბობდნენ, ხან ბანკების გამო საყვედურობდნენ და ხან ლარის ცვალებადი კურსის გამო. მოკლედ, მათ პრეტენზიებსა და საყვედურებს, მათ შორის კორუფციული გარიგებებიც იყო, ბოლო არ უჩანდა.
საკმარისი აღმოჩნდა, შეკითხვები პროკურატურასაც გასჩენოდა, რომ მაშინვე იქცა წინა ეკონომიკური გუნდი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. როგორც ჩანს, ზოგიერთებს ისევე სურდათ კვირიკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკურ სახიფათო თამაშებში ჩართვა, როგორც თავის დროზე ირაკლი ოქრუაშვილი ჩაითრიეს ან სალომე ზურაბიშვილი...
თუმცა, მედიაში კონკრეტული ფაქტები ჩნდება, სულ ბოლოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე „რუსთავი 2“-მა შაბათის კურიერში კონკრეტული ციფრები დადო.
ამ ფაქტების შემდეგ გასაგებია, რომ არანაირ შურისძიებასთან საქმე არ გვაქვს. შეკითხვები არსებობს, მათ შორის, საზოგადოებაშიც და ყველა პასუხს ელოდება.
ერთი მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ მაგალითით ჩანს, რომ სქემა მარტივია: ეკონომიკის სამინისტროს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ვინმე აიღებდა კრედიტს „ქართუ ბანკიდან“. და შემდეგ უკვე ამ სესხს – პროცენტს „ქართუ ბანკში“ ეკონომიკის სამინისტრო რიცხავდა.
მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს „ვინმე“კონკრეტულ ერთ ჯგუფთან დაახლოებული პირები ან ისეთი შეძლებული ბიზნესმენები იყვნენ, რომლებსაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდათ.
ვნახოთ კონკრეტული მაგალითები:
კომპანია ნომერი ერთი: შპს „ცხრაწყარო 2007“, მსხვილი მეწილე გოგი თოფაძე, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 3 000 000 ლარი, მიზანი – დაბა ბაკურიანში სასტუმროს მშენებლობა;
კომპანია ნომერი ორი – „ჯორჯიან ბილდინგ გრუპი“, დირექტორი გიორგი ჩრდილელი, „თბილავიამშენის“ ყოფილი დირექტორი და „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი პრეზიდენტი; ინვესტიციის ჯამური ღირებულება 9 300 000 ლარი; (2 წელი სესხის პროცენტი სახელმწიფომ უნდა იხადოს).
კომპანია ნომერი სამი: კომპანია „სინენსი“; დამფუძნებელი ვაჟა უსანეთაშვილი, „ქართული ოცნების“, მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი შემომწირველი, „ლილო მოლის“ 14%-იანი წილის მფლობელი; გარდა ამისა, წილებს ფლობს 24 სხვადასხვა კომპანიაში, მოგებული აქვს 30 ტენდერი თბილისის სამ გამგეობაში, გაფორმებული აქვს 55 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 24 834 433 ლარი; ასევე, მის ანგარიშზეა 7 გამარტივებული შესყიდვა, საერთო ღირებულებით 3 389 433 ლარი; მის პროცენტსაც სახელმწიფო „აწარმოე საქართველოს“ ანგარიშიდან იხდის.
რადიო თავისუფლებამ კი გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტის“ ჟურნალისტების მოკვლევა გამოაქვეყნეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის სახელი რამდენიმე სახელმწიფო პროექტში ნათესავებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას უკავშირდება.
შპს „დამზადებულია საქართველოში N1“-ის მრჩეველი დავით ბეგიაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე სისაურის ქმარი და ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლისძმის ბიზნესპარტნიორია.
ბეგიაშვილმა 2015-2017 წლებში შპს „დამზადებულია საქართველოში N1“-ისგან, შემოსავლის სახით, 81,000 ლარი მიიღო. ამ კომპანიას, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2014 წელს იაფი კრედიტის სახით 1,1 მილიონი აშშ დოლარი „ქართუ ბანკიდან“ ჩაერიცხა. სააგენტომ კომპანიას 2 წლის მანძილზე სესხის პროცენტის დასაფარად 203,294 დოლარი გადაუხადა. 2015 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ 340,000 ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო.
შპს „დამზადებულია საქართველოში N1“ აწარმოებს სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს (შესაფუთი პაკეტები, სტიკერები, ფასის მაჩვენებლები, ეტიკეტები, იარლიყები და სხვ.) როგორც ჩვეულებრივ, ისე თვითწებად ქაღალდზე.
2016 წელს „ქართუ ბანკისგან“ იაფი კრედიტი, 4.5 მილიონი ლარის ოდენობით, ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილის კომპანიამ, შპს „კოლორპაკმაც“ მიიღო. სსიპ-მ „აწარმოე საქართველოში“ ამ შემთხვევაში სესხის პროცენტის დასაფარად ბიუჯეტიდან 283,430 დოლარი დახარჯა. შპს „კოლორპაკმა“ 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო ტენდერებიდან 904,757 ლარი აიღო. ქუმსიშვილის ცოლის ბიძაშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, ფლობს ასევე შპს „ედლაინს“,რომელმაც სახელმწიფო ტენდერებიდან 790,000 ლარი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა იურიდიულმა პირებმა პირდაპირი შესყიდვის გზით ამ კომპანიას 107,000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს.
როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აიფაქტის“ ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე ამბობს, ნათესაური კავშირები და მაღალჩინოსნებთან კონტაქტები ეხმარებოდა კომპანიებს, გარკვეული სარგებელი მიეღოთ. ისინი ორმაგ სარგებელს ნახულობდნენ: ერთი, რომ იღებდნენ იაფ კრედიტს და, მეორე, სესხის პროცენტი გადასახადების გადამხდელთა ფულით იფარებოდა.
გაზეთი პრაიმტაიმი; ორშაბათი; 23 ივლისი; 2018 წ. N 480