საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავა დღეს ევროპარლამენტის მომხსენებელთან, ბატონ ანდერს მამიკისთან, შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა.
"ბატონმა მამიკისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. სწორედ ასეთი ინტერესის გამოხატულებაა ის, რომ ევროპარლამენტი პირველად ამზადებს ანგარიშს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას, რომელსაც ბატონი მამიკისი წარადგენს.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, სტაბილურობის ხელშეწყობა და სწრაფი განვითარება, რაც ახდენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას როგორც რეგიონში, ასევე მთელს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა - ასოცირების შეთანხმების ეფექტური და წარმატებული იმპლემენტაციაა, რაც ევროკავშირთან პოლიტიკური და ინსტიტუციური დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან თანამშრომლობას ყველა არსებული მიმართულებით, რაც მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას, სავაჭრო-ეკონომიკურ ინტეგრაციას და ყველა სხვა მიმართულებას, რაც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით" - განაცხადა ქაცარავამ.