აუდიტის სამსახური, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრობის პერიოდს სწავლობს

15:45 07-23-2018
198

გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის სახელმწიფო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდს სწავლობს.

როგორც "პრაიმტაიმს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, შემოწმება გეგმიურია და ის კონკრეტულად რომელიმე პერიოდს არ მოიცავს.

"შემოწმება გეგმიურია, ფინანსურია და ის დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში. ჩვეულებრივი გეგმიური შემოწმებაა", - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

შეგახსენებთ, გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდით აუდიტის სამსახური ადრეც დაინტერესდა. 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ დასკვნაში, რომელიც სამინისტროს შემოწმების შედეგად დაიდო, ნათქვამია, რომ გიორგი მღებრიშვილმა მხოლოდ ერთ წელიწადში დანამატის სახით თანამშრომლებზე 8 მილიონამდე ლარი გასცა. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მღებრიშვილი დანამატს ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 70 თანამშრომელს აძლევდა. ამ 70 თანამშრომლის ფინანსური წახალისება კი სახელმწიფო ბიუჯეტს ორ ნახევარი მილიონი დაუჯდა. აუდიტის სამსახურის დასკვნა 49 გვერდიანია. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა, ბინის ქირისთვის გამოყოფილ თანხას. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინის დასაქირავებლად მინისტრის ბრძანებით ერთ წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ზოგიერთი თანამშრომლის ბინის ქირა კი, ბიუჯეტს თვეში 3000 ათასი ლარი უჯდებოდა.

დოკუმენტში საუბარია შსს-ს მაღალჩინოსნებზეც, რომლებსაც განპიროვნებული მანქანა ემსახურება. მთავრობის დადგენილებით, შსს-ს ცენტრალურ აპარატში 25 ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პირადი ავტომანქანით 600 თანამშრომელი სარგებლობდა.

შეგახსენებთ, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა, რომელსაც ის 2017 წლის 13 ნოემბერს, შს მინისტრობის დატოვების შემდეგ იკავებდა, 3 დღის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო, რომელზეც ის გიორგი გახარიამ შეცვალა.