დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ციანიდის საქმეზეა ბრალდებული ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვალ მეუფეები მოინახულებენ.
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, რომელიც საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელია განმარტავს, რომ შეხვედრა დილით მოხდება, თუმცა ზუსტი დრო არ იცის.
"მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მეუფე ილარიონ ქიტიაშვილი აპირებენ დილით შესვლას. აპირებენ სხვებიც. თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორ ადამიანზეა გამოწერილი საშვი" - განუცხადა "პრაიმტაიმს" დეკანოზმა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ 11 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძე მოინახულოს. სამდივნო ამით 10 ივლისს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატმა ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.