დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს უზენაეს სასამართლოში საქმე მოუგო.
როგორც თამაზ ახობაძემ პრაიმტაიმს განუცხადა, აღნიშნულის შემდეგ, აღსრულების ბიურო იუსტიციის სამინისტროს მის სამსახურში აღდგენას და თამაზ ახობაძისთვის 4 წლის ხელფასის ოდენობის ანაზღაურებას დააკისრებს.
ხვალ უნდა ავიღო გადაწყვეტილების სარეზულოციო ნაწილი უზენაეს სასამართლოში, შემდეგ მიმაქვს ეს გადაწყვეტილება აღსრულების ბიუროში და აღსრულებამ უნდ დაიწყოს საქმის აღსრულება, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა აღმადგინონ თანამდებობაზე და ჩამირიცხონ ხელფასი 4 წლის ოდენობის, რაც დაახლოებით 70 000 ათას ლარამდეა. პირველადაც რომ მოვიგე სასამართლო, მეტი არაფერი იყო დარჩენილი, მაგრამ მოიფიქრეს რაღაც, ამიტომ ჯერჯერობით, ბოლომდე ჩემს სიხარულს ვერ გამოვხატავ, არ ვიცი, შეიძლება რაღაც მოიფიქრონ, სტრასბურგში ისინი ვერ წავლენ, ამიტომ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, რადგან ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველაფრის მოლოდინი მაქვს ქალბატონი მინისტრისგან, - განაცხადა თამაზ ახობაძემ.
თამაზ ახობაძე და ანა სუბელიანი დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა, თუმცა უწყების ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სინამდვილეში ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. მათ სასამართლოსაც მიმართეს და დავა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოიგეს, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დაევალა.
დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 8 თვის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ანა სუბელიანს აცნობა, რომ აღდგენა შეუძლებლად ჩაითვალა, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული პოზიცია არც დავის წარმოშობისას, არც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და არც მერე არსებულა.
თამაზ ახობაძის შემთხვევაში კი, იმ პოზიციაზე, რომელსაც ის იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ ახობაძის აღდგენის შემთხვევაში ის სამსახურს დაკარგავს, რაც მისი უფლებების დარღვევაა. ამ მიმართვის საფუძველზე, სასამართლოების გადაწყვეტილების აღსრულება ახობაძის და სუბელიანისთვის განაცდურის ანაზღაურების და სამსახურში აღდგენის შესახებ შეჩერდა.