პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რომელიც ასევე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია, მიიჩნევს, რომ კომისიის წევრებმა საქმეზე მტკიცებით ფორმაში არ უნდა ისაუბრონ, რადგან ამან შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს:
ალბათ, პროკურორებს აქვთ უფლება ბრალი მტკიცებით ფორმაში დაამტკიცონ კიდეც, თუ მიაჩნიათ, რომ დადასტურებულია და მესმის, მათ კონკრეტული მტკიცებულების მიმართ პოზიცია ექნებათ, რომ დადასტურებულად მიიჩნევენ. ჩვენ კი, კომისიის წევრებმა, პოლიტიკოსებმა ალბათ, უმჯობესი იქნება, მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რა მიგვაჩნია სარწმუნოდ და რა არა, მტკიცებით ფორმაში პირდაპირ ეთერში არ ვისაუბროთ. ვფიქრობ, ეს არ იქნება მართებული, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა.
პოლიტიკოსების მხრიდან მტკიცებულებებზე მტკიცებით ნაწილში საუბარი ვფიქრობ, სასამართლოსთვის ზეწოლად აღქმული იქნება – განაცხადა ბესელიამ.
დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა განახლდა, სადაც პროკურორებს მოუსმინეს.