საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო-სამაშველო ჯგუფმა მესტიაში, თეთნულდზე, უკრაინელი გარდაცვლილი ტურისტის ცხედრის გამოსატანად, სამაშველო სამუშაოები დილის 07:00 საათიდან განაახლეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, სამაშველო ვერტმფრენი, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახერხებს შემთხვევის ადგილზე მისვლას. ზღვის დონიდან 4200 მ-ზე, მწვერვალ თეთნულდზე მე-5 დღეა არის თოვლი, ნისლი და ქარი, რაც შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას. ურთულესი რელიეფისა და ზვავსაშიშროების გამო ასევე, შეუძლებელია სამაშველო ჯგუფის გადაადგილება. სამაშველო ოპერაციაში ცოცხალი ძალის ჩართვის შემთხვევაში, სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება სამთო-მაშველების სიცოცხლე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 18 ივლისიდან 24-საათიან რეჟიმში მობილიზებულია, რომ შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში განაახლოს სამაშველო ოპერაცია.
ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. 18 ივლისს, სამთო-მაშველებმა, ერთი მათგანის გამოყვანა უვნებლად შეძლეს, თუმცა ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.