ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზომიერი, გაწონასწორებული, კომპეტენტური და გამოცდილი კანდიდატურები წარმოადგინა. ევროპელებმა - დავით ბაქრაძე, ნაციონალებმა - გრიგოლ ვაშაძე და გირჩებმა - ზურაბ ჯაფარიძე.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიას შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის უპირატესობა მისი კრეატიულობა და იდეებია:
_ ზურაბ ჯაფარიძე ნამდვილად ძალიან საინტერესო ფიგურაა, მან ქართულ ოცნებასთანაც მოახერხა დისტანცირება და ახალგაზრდა ელექტორატთანაც შეძლო კონტაქტის დამყარება. საერთოდ, „გირჩი„ გამოირჩევა თავისი კრეატულობით, ორიგინალურობით, იდეებით. უფრო ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გათვლილი და ეს კარგია - ახალგაზრდები ახლა აქტიურდებიან. შესაბამისად, ძალიან რთულია ზურაბ ჯაფარიძის პერსპექტივების დათვლა, ყველაზე რთულია. შესაძლოა, მისი შედეგი ჩვენთვის სიურპრიზიც იყო - მისმა მომხრეებმა რაღაც მომენტში იფეთქოს...
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, მისი წარმატება ბევრწილად მის საარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. ანუ, იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის სააკაშვილის მუდმივ ელექტორატს პასიური ელექტორატიც მიუმატოს.
_ რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მყარი ელექტორატი ჰყავს, ეს არის მათი უპირატესობაც. და მხოლოდ საარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული შეძლებს ის პასივში გადასული ელექტორატის მიმხრობას და შედეგის გაუმჯობესებას თუ ვერა.
რაც შეეხება მისი კანდიდატურის პრეზენტაციას, დიახ, მიმაჩნია, რომ ფაქტი მაინც ასეთია: გრიგოლ ვაშაძე ათმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა და ეს მას მხოლოდ აძლიერებს.
_ შეგიძლიათ მითხრათ კონკრეტულად ვინ, რითი აძლიერებს?
_ არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, აქ მთავარ როლს სიმბოლოები თამაშობს. ხალხი ხედავს და ფიქრობს: ნაციონალების გარშემო ისევ დაიწყეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოძრაობა. 2012 წელს მათთან თანამშრომლობა ხომ არავის სურდა?
ანალიტიკოსის მოსაზრებით, „ევროპულ საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატად ოთო კახიძის, ან ელენე ხოშტარიას მსგავსი ფიგურა უნდა დაეყენებინა.
_ მე, მაგალითად, იქ რომ ვყოფილიყავი, მათ დავუჭერდი მხარს. დავით ბაქრაძე არ არის რადიკალური - ეს მისი უპირატესობაა, მაგრამ ის არ აღიქმება პოლიტიკურ ლიდერედ. თანაც, საპრეზიდენტო მარათონში ადრეც იღებდა მონაწილეობას. ახლა, როცა ევროპელებს სააკაშვილის ელექტორატიც ჩამოშორებული ჰყავს, მისი შანსები კიდევ უფრო დაბალია.
არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ყველაზე მაღალ შედეგს მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ დადებს.