"ყველამ უნდა უპასუხოს არსებულ კითხვებს..." - კახა კალაძე გიორგი კვირიკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს

12:39 07-24-2018
134

თბილისის მერი კახა კალაძე ფიქრობს, რომ გამოძიებას ყველამ უნდა გასცეს პასუხი, ვის მიმართაც კითხვები არსებობს. 

ამით კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას - უნდა დაიკითხოს თუ არა ყოფილი მინისტრების შემდეგ ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, უპასუხა. 

"არ ვიცი, ვერ გეტყვით, ალბათ შესაბამის სამსახურებს უნდა დაუსვათ ეგ კითხვა. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ყველამ უნდა უპასუხოს არსებულ კითხვებს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.  როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ. 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება მზად არის, პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს,  სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უწყება პროკურატურას მიმართვის საფუძველზე დოკუმენტაციას გადასცემს.