საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმირების შესახებ გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე: დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ იგი არა საკუთარ თავს, არამედ კანონს დაიცავს ყოველთვის:
მე არასოდეს დავიცავ საკუთარ თავს, დავიცავ კანონს. ასე ვცხოვრობდი და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას. ამიტომ, ანგარიშგების ნებისმიერ ფორმატზე თანახმა ვარ, რომელშიც როგორც საპარლამენტო კონტროლის, ასევე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის მაქსიმალური ჩართულობა იქნება.
ნებისმიერ შემოთავაზებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ საჯაროდაც და დახურულ ფორმატშიც, რათა მთავარ პროკურატურას ჰქონდეს ნდობის მაღალი ხარისხი. მას აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა“, – განაცხადა თადუმაძემ.
პროკურორმა ასევე, განმარტა, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომლითაც გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობა გაიმიჯნება.
“მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს და გაიმიჯნოს საგამოძიებო მოქმედებები და საპროკურორო ზედამხედველობა. არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის დღეს, რა არის საპროკურორო ზედამხედველობა. არც ერთი ქმედება არ არის გამიჯნული. მე თუ მკითხავთ, საპროკურორო საბჭოზე მნიშვნელოვანი, ამ ეტაპზე, მკაფიო ხაზის გავლებაა საპროკურორო საქმიანობასა და გამოძიებას შორის”,-განაცხადა თადუმაძემ.
მისივე განმარტებით, მთავარი პროკურატურა სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, არასამთავრობო სექტორთან მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საკანონდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც პროკურატურის მოწყობის, ასევე საპროკურორო საქმიანობის საკითხებს.