„მორგის“ ბავშვები, უმოქმედო პოლიცია და ქალაქის მთავრობა- UNICEF-ის სკანდალური კვლევა

14:42 07-24-2018
105
თეგები: unicefკვლევა

UNICEF საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ თბილისში არსებობს სექტისმაგვარი დაჯგუფება, ცნობილი, როგორც „მორგის“ ბავშვები - ეს დაჯგუფება მიწისქვეშა სივრცეში მოქმედებს.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ფენომენისა და მათთან დაკავშირებული ინსტიტუციური სისტემების უკეთ შესწავლას, რეკომენდაციების შემუშავებისა და პრევენციული ზომების დანერგვის მიზნით.

ასეთი ჯგუფები შეიძლება დიდიც იყოს და პატარაც. მათი ორგანიზაციული სტრუქტურა ტერიტორიული დაყოფის პრინციპს ემყარება, ანუ ისინი ცდილობენ, ქალაქის გარკვეული უბნები აკონტროლონ იმისათვის, რომ იქ ეკონომიკური აქტივობების (წვრილმანი ვაჭრობის, მათხოვრობის და ა.შ.) შესაძლებლობა ჰქონდეთ. პერიოდულად ასეთ დაჯგუფებებს შორის ჩხუბი იწყება უბანზე კონტროლის მოსაპოვებლად. როგორც აღინიშნა, ქცევის შიდა კოდექსმა და ერთმანეთზე დამოკიდებულებამ შეიძლება დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს იმას, რომ ბავშვმა ქუჩას თავი ვეღარ დააღწიოს და კრიმინალურ ან ძალადობრივ საქმიანობაში იქნეს ჩათრეული. იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც პოლიცია და არც ქალაქის მთავრობა არ იღებს რაიმე კოორდინირებულ ზომებს ქუჩის დაჯგუფებების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თბილისში არსებობს ერთი სექტისმაგვარი დაჯგუფება (ცნობილი როგორც „მორგის“ ბავშვები). ტერიტორიულად ეს დაჯგუფება მიწისქვეშ განლაგებულ სივრცეში მოქმედებს. მისი ყოფილი წევრების მონაყოლის მიხედვით, დაჯგუფებაში ბავშვების მოზიდვა ხდება, როგორც ახალგაზრდების, ასევე ზრდასრული პირების მიერ და ბავშვის მიღებისას გარკვეული რიტუალები ტარდება. ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ დაჯგუფების ყოფილი წევრების თქმით, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიას სახელმწიფო უწყებები და ქალაქის მთავრობა არ ეკარებიან“, -ნათქვამია კვლევაში.