"გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში მცხოვრები მუსლიმებისთვის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოეხმაურა.
ჯაფარიძის თქმით, ბათუმში მეჩეთის აშენებისა თუ არ აშენების საკითხი ადგილობრივი მუსლიმი თემის გადასაწყვეტია.
"რამდენადაც ვიცი, ბათუმში მცხოვრებ მუსლიმ თემს მიწა საკუთარივე სახსრებით უკვე შეძენილი აქვს. სახელმწიფო რაც უფრო დიდხანს შეუშლის მათ ხელს აშენებაში, მით უფრო უარესი ამ სახელმწიფოსთვის. ის, რომ ადამიანებს არ ეძლევათ მეჩეთში შესვლის შესაძლებლობა და ხშირად ქუჩაში უწევთ რელიგიური რიტუალების შესრულება, ჩვენი, ყველას სირცხვილია.
ვისაც "არ სიამოვნებს" მოლას ხმა, დაფიქრდეს იმაზე, "სიამოვნებს" თუ არა მუსლიმს ქრისტიანული ეკლესიის ზარების ხმა.
"თურქეთი რატომ არ აკეთებს ამას?" - არგუმენტი სულელურია. თურქეთი რას აკეთებს საკუთარ ტერიტორიაზე არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რომ ამ ქვეყნის მუსლიმი მოქალაქეები არიან ყველა სხვა მოქალაქეების თანასწორნი,"- წერს ჯაფარიძე.