BBC - საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა სავარაუდოდ ბავშვია
12:56, 24.07.2018
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა სავარაუდოდ ბავშვია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდაცვლილთა რიცხვი, ამჟამად, 50-ს აჭარბებს, დაშავებულია 170-ზე მეტი მოქალაქე.
ხანძრის გამო, სამაშველო სამსახურებში ათასობით შეტყობინება შედის. გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნაც. მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულებს შორის არის 10 ტურისტიც.
სამაშველო და ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული არიან სამხედროები და მოხალისეები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ვერტმფრენები.
საბერძნეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ადამიანს შეუძლია, რათა სტიქია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა, ალექსის ციპრასმა.
საბერძნეთის მიმართ დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვა იტალიამ, გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა. მეხანძრეები და სახანძრო მანქანები საბერძნეთში ესპანეთმა და კვიპროსმაც გაგზავნეს.
ხანძარი ათენის სიახლოვეს გუშინ გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. დამწვარია შენობები და ავტომობილები. დღეს მაშველებმა ერთ-ერთ სოფელში, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული, 26 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაღუპულთა ცხედრები ზღვიდან 15 მეტრში იპოვეს. სავარაუდოდ, ისინი ხანძრისგან გაქცევას ცდილობდნენ და ვერ მოახერხეს.