2019 წლიდან მოსახლეობას ნარჩენების სახლში და ქუჩაში დახარისხება მოუწევს

17:33 07-24-2018
506

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ 2019 წლიდან მოსახლეობას ნარჩენების სახლში და ქუჩაში დახარისხება მოუწევს.

"სისტემა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვქმნით მთლიანად ევროპულ სტანდარტზეა მორგებული და დაფუძნებული ადგილზე სეპარირების სისტემაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამაში თბილისელებიც უნდა ჩაერთონ და ეტაპობრივად, სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გადავიდეთ ნარჩენის ქუჩებში და სახლებში სეპარირებაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ წარმოგვექმნება ნარჩენის რამდენიმე სახეობა, ეს იქნება შერეული ნარჩენი, პოლიეთილენის და პლასტმასის ნარჩენი, შუშის ნარჩენი და ე.წ. თუნუქის ნარჩენი, რომლებიც ცალ-ცალკე გადამუშავებას ექვემდებარებიან. გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ პოლიეთილენს, შეფუთვას, ამზადებენ შუშის ბოთლებს და ა.შ. მათ უჩნდებათ ვალდებულება შეაგროვონ ეს ყველაფერი და ნარჩენების გადამამუშავებლებს მიაწოდონ.

ვფიქრობთ, ნარჩენების მართვის კოდექსი და ის სისტემა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ევროკავშირთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს, 2019 წლიდან თბილისს მიიყვანს საბოლოო ჯამში, ნოლი ნარჩენების წარმოქმნის პოლიტიკის განხორციელებისკენ“, - განაცხადა ბითაძემ.

მერის მოადგილის თქმით, ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურვილი ექნება აწარმოოს ნარჩენების გადამუშავება, ანუ ნარჩენების პროდუქტად აღდგენა, სახელმწიფო, ხელს შეუწყობს.

 

ავტორი: