"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან" ყოფილ პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან დაპირისპირებაზე ისაუბრებს.
ამის შესახებ გადაცემის ანონსშია ნათქვამი, სადაც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა.
"ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში "ქართული ოცნების" შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუარესდა... ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან იმიტომ წავიდა, რომ მას ქვეყნის მართვა აღარ შეეძლო.
"მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან - ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში 21:45 საათზე გავა.