მ.კ. საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ჩვენი შეფასებით, სისხლისსამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, რომელიც ასევე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია, ოთარ კახიძემ განაცხადა.
„ადამიანი ვალდებული არ არის, ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს. განსაკუთრებული მოლოდინი მ.კ.–ს ჩვენების ინფორმატიულობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, რადგან მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებული და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს, ხედავდა, როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ, ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა პირი ვალდებული არ არის, ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს. მ.კ. საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად, ჩვენი შეფასებით, სისხლისსამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით“, – განაცხადა კახიძემ.
დღეს, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრებმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს სწავლობენ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილი გამოკითხეს. ამ წუთებში კითხავენ თავად მ.კ-ს.