საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ხულორდავა ფიქრობს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ოპონენტები სიტყვებზე შეიძლება გამოეკიდონ, მაგრამ ფაქტია რომ სწორი ხედვა აქვს, გულწრფელია და ალბათ ყველაზე მეტი გაუკეთებია და აკეთებს ქვეყნისთვის.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ყოველთვის ყველაზე უბრალოდ და სწორად ლაპარაკობს.
"ძალიან სწორად დასვა აქცენტები საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, ღიაობაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე, ზოგადად საპარლამენტო მმართველობის მოდელის დანერგვაზე. სწორად და რეალისტურად ხედავს და აფასებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობას და შანსებს.
ტალახის სროლა ყველაზე ადვილია, საქმის კეთებაა ძნელი. მომწონს დენდროლიგიური პარკიც, პანორამა თბილისიც, ციცინათელაც, მუსიკალური ცენტრიც, გრანდიოზული სასტუმროც ურეკში და კიდევ ბევრი სხვა პროექტი. მისი კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე რომ ხეების გადატანის თემაზე ჩვენი ოპონენტების მიერ ენთუზიაზმით მიწოდებულ ინფორმაციას ვერ ცდება, ესეც საკმაოდ ნიშანდობლივი და სასაცილოც კია. ეს პროექტები ახალი მიზიდულობის ცენტრებია, ახალი საინტერესო სანახაობაა, რაც მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას; ეს სამუშაო ადგილებია ჩვენი მოქალაქეებისთვის და დახარჯული ფულია, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში რჩება; ყველაფერთან ერთად, ეს კარგი სტიმულია სხვა ინვესტიციების მოსაზიდად. ხშირად უნდა ჰქონდეს საჯარო გამოსვლები. მისგან საზოგადოებამ გუშინ ბევრ კითხვაზე მოისმინა პასუხი", - აცხადებს თამარ ხულორდავა.