გენგეგმასთან დაკავშირებით, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

12:37 07-25-2018
71
თეგები: საკრებულო

დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - " რუსთავი2 -ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რომ თითქოს გენგეგმის მიღების შემდეგ, თბილისში ცხოვრება გაძვირდებოდა" 

თბილისის საკრებულოში,  გაერთიანებული კომისიების სხდომა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას იხილავენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც გენერალური გეგმის დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციას შეეხებოდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს.

უმრავლესობის თქმით, ოპოზიციამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რომ თითქოს, გენგეგმის დოკუმენტის მიღების შემდეგ, თბილისში ცხოვრება გაძვირდებოდა. 

"ჩვენმა კოლეგებმა ან შეგნებულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, ან იცრუეს, რომ გენერალური გეგმის მიღების შედეგად თბილისში ცხოვრება გაძვირდება, რადგან წყალის და გაზის ფასი მოიმატებს. ყველანი მომსწრე ვართ დემაგოგიური განცხადებების, მაგრამ ეს ყოვწლგვარ ზღვარს სცილდება და ყოვლად გაუგებარი თემა იყო. ტელევიზია საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს, რადგან არაფრისგან თემის შექმნა, უხერხულია. ამ თემასთან დაკავშირებით გენგეგმაში რა ჩანაწერიც არსებობს, ეს ჩანაწერი 2009 წლის გენგეგნაშიც არსებობდა. გენგეგმა იძლევა რეკომენდაციას, რომ ყველა რესურსი წყლის და გაზის დაზოგვისკენ იყოს მიმართული",- განაცხადა რევაზ სოხაძემ, რაზეც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა:

"გენგეგმა იძლევა რეკომენდაციას, რომ როცა ხელისუფლებაში მოვედით არც წყალი იყო, არც გაზი, დენი გრაფიკით მიეწოდებოდა ქალაქს და ეს ჩანაწერი იყო იმიტომ, რომ როგორღაც თბილისს ეს შეზღუდვები თავიდან აეცილებინა. იმ შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ პარლამენტში, ჩვენთვის ამ ჩანაწერის დატოვება მიურებწლია იმიტომ, რომ ეს შეუძლება გამოიყენოთ საფუძვლად რომ საწარმოებს დაუწესოთ წყალზე და გაზზე ლიმიტები. თუ დღეს ეს საჭიროება აღარ არსებობს ეს ჩანაწერი ამოვიღოთ",- განაცხადა ნადირაძემ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე განაცხადეს: "დედაქალაქის გენერალური გეგმის რეკომენდაციების მიხედვით, საწარმოებს წყლისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდებათ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადაცდებიან, საჯარიმო ტარიფის გადახდა მოუწევთ".

ოპოზიციის თქმითვე, გაზრდილი გადასახადები, საწარმოების მიერ წარმოებულ პროდუქციის ფასებზე აისახება. ახალი რეგულაცია ყველაზე მძიმე ტვირთად პურის საცხობებს დააწვებათ. ამავე სიაში არიან ფარმაცევტული საწარმოებიც, რაც წამლების გაძვირებასაც ნიშნავს.

 

ლელა მდივანი