ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე გრიგოლმა ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან ისეთი რამ შეიტყო, რის თქმასაც მხოლოდ წმინდა სინოდის წინაშე აპირებს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მეუფე გრიგოლთან ერთად იგი დღეს საპატიმროში არ იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნული მისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა.
"მეუფეებთან ერთად საპატიმროში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ვიცი, მეუფე გრიგოლმა ბრძანა ასეთი რამ: ერთ–ერთ კითხვაზე მამა გიორგისგან ისეთი რამ გავიგე, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდზე ვიტყვიო“. ეს მეუფემ იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა" – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რამიშვილმა.
მისივე თქმით, მეუფე გრიგოლს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიტყო მამა გიორგისგან.
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. "მატროსოვის ციხეში" დღეს მეუფეებმა: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონ ქიტიაშვილმა მოინახულეს.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ 11 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძე მოინახულოს. სამდივნო ამით 10 ივლისს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატმა ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.