რა ასეთი ღვთის მადლი დაეფერთხა "ქართულ ოცნებას", რომ ხუთი ერთმანეთზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს - ნინო ბურჯანაძე

21:01 07-25-2018
342

"რა ასეთი  ღვთის მადლი დაეფერთხა "ქართულ ოცნებას", რომ ხუთი ერთმანეთზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "იბერიას" ეთერში ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა:

"მე არ ვიცი დედამიწაზე არცერთი პოლიტიკური ძალა მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში, რომელსაც 4-5 საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს. ეს, რა ასეთი  ღვთის მადლი დაეფერთხა ქართულ ოცნებას, რომ ხუთი ერთმანეთზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს. 

ექვსი წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ვერ გამოიკვეთა ვერცერთი ღირსეული ლიდერი, რომელზეც შეიძლება უალტერნატივოდ ითქვას, რომ აი ღირსეული კანდიდატია საპრეზიდენტოდ" - დასძინა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე.

ბურჯანაძის აზრით, ივანიშვილისგან საუბარი იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა დაასახელოს, შეურაცხმყოფელია:

"კანდიდატი, რომელიც დადგება და "ქართული ოცნება" თავის კანდიდატს არ დაუყენებს, დამოუკიდებელი კანდიდატია?

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მთაწმინდა რომ გავიდა? ან ახლა, დამოუკიდებელი დეპუტატია. ზურაბიშვილი არის უმრავლესობის წევრი, მას არცერთხელ არ გაუკრიტიკებია ქართული ოცნება, არამგონია, სალომე ისეთი უთავმოყვარეო ადამიანი იყოს, თავმოყვარეობის ნაკლებობა არ ჰქონდა, როცა ვიცნობდი და არამგონია ქართულ ოცნებასთან გარიგებით დადგეს და საზოგადოება მოატყუოს და იძახოს დამოუკიდებელი კანდიდატი ვარო" - განაცხადა ბურჯანაძემ "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას.

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში შეუძლია გაიმარჯვოს, თუმცა მისი აზრით, ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს:

"ზურა აბაშიძე, სოზარ სუბარი, დავით სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელმაც შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს..." - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.



ავტორი: