პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე "ქართულ ოცნებაში" საუბარი არასდროს ყოფილა:
"არც გუშინ, არც სხვა დროს არ თქმულა, რომ ჩვენი კანდიდატი, ან კანდიდატი დამოუკიდებელი კანდიდატის პირობებში, იქნება სალომე ზურაბიშვილი და მას დაუჭერდა მხარს "ქართული ოცნება".
საინტერესოა სტანდარტი და თმასა, რასაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" სთავაზობს საზოგადოებას, რომ არა ასე ვთქვათ, ჩაფრენაა თანამდებობაზე, არამედ, როგორც ივანიშვილმა თქვა, დემოკრატიისთვის, დემოკრატიული დისკუსისთვის, იქნებოდა უკეთესი. ეს მისი აზრია და ასეთი აზრები გუნდში არსებობს. ამ აზრს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა, არსებობს მეორე ნაწილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებში ჩვენს გუნდს ჩვენი კანდიდატი უნდა ჰყავდეს.
ეს არის სადისკუსიო საკითხი. როგორც ხედავთ, ეს არის პრინციპების საკითხი. ნათელია კრიტერიუმები და ლოგიკა. მიმაჩნია, რომ დიდი დრო არ დაგვჭირდება ჩამოვყალიბდეთ" - განაცხადა გაბუნიამ "იბერიას" ეთერში, "თავისუფალ სივრცეში" სტუმრობისას.
ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავს, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში შეუძლია გაიმარჯვოს, თუმცა მისი აზრით, ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს.