"მინდა პირადად შევხვდე ჭუბერის მოსახლეობას და ავუხსნა, რომ ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ.." - სოზარ სუბარი

15:41 07-26-2018
88

“ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ არსებობს და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში” – ეს კომენტარი დღეს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში სოზარ სუბარმა სვანეთში მიმდინარე მოვლენებზე გააკეთა.

რეგიონული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრას მასშტაბური ხასიათი აქვს და სწორედ ამ მასშტაბურობის გამო, სახელმწიფოს ამ რეგიონში რბილი მიდგომა აქვს.

“სამწუხაროა, რომ ეს არის ცხოვრებს წესი, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ამას ასეთი საკმაოდ მასშტაბური ხასიათი ჰქონდა მიღებული, ამიტომაც არის რომ, შედარებით რბილი მიდგომა არის ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კონსტიტუცია, ერთი კანონი და განსხვავებული კანონები  ვერ იმოქმედებს სხვადასხვა ადგილზე. ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს, ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის სხვა შემოსავალი ალტერნატიული არის და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში”, – თქვა სუბარმა ტელეკომპანია “პირველთან” პირდაპირი ჩართვისას.

მისი თქმით, დაკავებები 15 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა, თუმცა სვანეთში არავინ დაუკავებიათ.

მინდა პირადად შევხვდე და ავუხსნა მათ რომ სახელმწიფოს პოზიცია ამ შემთხვევაში არის მიმართული იქითკენ რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. ნებისმიერი საქმიანობა უნდა მოვაქციოთ კანონის ფარგლებში”, – ამბობს სუბარი.

სოზარ სუბარის თქმით, ის თავად მიემგზავრება სვანეთში, რათა მოსახლეობას შეხვდეს.

დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.