ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ე.წ "ციანიდის საქმეზეა" ბრალდებული, ადვოკატმა მოინახულა.
როგორც გიორგი ფანცულაია "პრაიმტაიმთან" აცხადებს, მისი დეკანოზთან შესვლა მეუფეების გუშინდელმა ვიზიტმა დააჩქარა. საბოლოო ჯამში, მამალაძე შეხვედრით კმაყოფილია. იგი მიიჩნევს, რომ ორივე მეუფეს, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა:
"გუშინდელი შეხვედრის შემდგომ, დეკანოზი იმედოვნებს, რომ მეუფე გრიგოლს და მეუფე ილარიონს კითხვის ნიშანი აღარ უნდა დარჩეს. ასევე, სურს, რომ ვისაც კითხვები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, შევიდნენ და დაუსვან კითხვები, რომ კითხვის ნიშნების არსებობის გამო, "ციანიდის საქმესთან" დისტანცირება არ მოახდინოს ვინმემ. გუშინდელი შეხვედრით თავად კმაყოფილია. დადებითად და პოზიტიურად აფასებს" - განაცხადა ფანცულაიამ.
რაც შეეხება პატრიარქთან შეხვედრას, ადვოკატი ამბობს, რომ ამას გარკვეული ძალები უშლიან ხელს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებს:
"რაც შეეხება პატრიარქთან შეხვედრას, ამას გარკვეული ძალები აფერხებენ. იმ ძალებს ვგულისხმობ, ვის გამოც არის დეკანოზი დღეს ციხეში. თუ ეს შეხვედრა შედგება, უბედნიერესი ადამიანი იქნება. დარწმუნებულია, რომ პატრიარქიც მოისმენს ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც ციანიდის საქმეზე აქამდე არ მოუსმენია. პატრიარქი მას დღესაც უჭერს მხარს, ამის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მიგვიღია, მაგრამ ეს მხარდაჭერა შეიძლება უფრო მკვეთრი და მაღალი ხარისხისაც იყოს" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ადვოკატმა.