ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისია დღეს კიდევ სამ არასრულწლოვანს, ფსიქოლოგების თანდასწრებით გამოჰკითხავს.
ბოლო დღეებში უკვე გამოიკითხნენ არასრულწლოვნები და პროკურატურის წარმომადგენლები. საქმის დეტალებზე კომისიის წევრები წინასწარ არ საუბრობენ. თუმცა, ვიცით, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გამოკითხვა. შეგახსენებთ, რომ შოთაძემ თანამდებობა სწორედ ამ საქმის გამო დატოვა.
კომისიის წევრების თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რაც შსს-ს უკვე აცნობეს. საპასუხოდ,შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პირები, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიამ დღეს განცხადება გაავრცელა, შსს-ს უკვე გამოკითხული ჰყავს.
პარალელურად, სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ სამართლის ძიება სტრასბურგში გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევს, რომ საქმის ძიება ძალიან ნელა და ირიბად მიმდინარეობს.