საგამოძიებო კომისია 31 ივლისს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებს გამოკითხავს

21:20 07-28-2018
66

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 31 ივლისს, სამშაბათს საქმეზე მსჯავრდებულ პირებს გამოკითხავენ. მსჯავრდებულები გ.ჯ. და გ.ბ.პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხებიან. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გ.ჯ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. ხოლო მეორე არასრულწლოვანი – გ.ბ სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

ამასთან, მომდევნო კვირის ბოლოს კომისია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ასევე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გამოკითხვას გეგმავს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დეპუტატების განცხადებით, კომისია უკვე ფინალურ ეტაპამდეა მისული. დღეის მდგომარეობით, კომისიას 70 პირი ჰყავს გამოკითხული. დასკვნა სავარაუდოდ სექტემბერის დასაწყისში გამოქვეყნდება.