თუკი აშშ არ შეიცვლის საკუთარ დამოკიდებულებას, თურქეთის სახით ძლიერ და გულწრფელ მეგობარს დაკარგავს - ერდოღანი

13:35 07-29-2018
94

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. ამის შესახებ imedinews-ი rudaw-ზე დაყრდნობით წერს.

საქმე ანკარა-ვაშიგტონს შორის ბოლო დროს გამწვავებულ ურთიერთობას ეხება, რომელიც ამერიკელი პასტორის დაკავებამ გამოიწვია.

„ჩვენ არ ვართ მიბმული აშშ-თან, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ თუკი არ შეიცვლის საკუთარ დამოკიდებულებას, თურქეთის სახით ძლიერ და გულწრფელ მეგობარს დაკარგავს“, - განაცხადა ერდოღანმა, რომელიც გამოეხმაურა ვაშინგტონის განცხადებას ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის სასამართლო საქმესთან დაკავშირებით.

ერდოღანის განცხადებით, ანკარას ბრანსონის საქმესთან დაკავშირებით არასოდეს უვაჭრია. მისივე თქმით, თურქეთი უკან არ დაიხევს სანქციების დაწესების მუქარის გამო.

თურქმა სამართალდამცველეებმა ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი  ამერიკაში მცხოვრები თურქი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის გამო 2016 წელს დააკავეს. უფრო  ზუსტად, მას ბრალად ჯაშუშობა და ტერორიზმთან კავშირი ედება. პასტორს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აქედან 15 წელი - გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირისთვის და 20 წელი შესაძლო ჯაშუშობისთვის.

თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო. 

ავტორი: