მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება და ბრძოლა პატრიარქის ტახტისთვის

09:58 07-30-2018
1576

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სკანდალური განცხადება. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ გარკვეულმა პირებმა კათოლიკოს-პატრიარქს გადადგომა შესთავაზეს. 

ამის შესახებ მან ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში შესაძლო რუსული კვალის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი პროცესები განვითარდა. დაწყებული მამალაძის ისტორიიდან დღემდე და, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ფაქტია, რომ იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო. იყო ასეთი შეთავაზებაც, მაგრამ დიდება და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მას ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, ვინ იყვნენ პირები, ვინც ილია მეორეს გადადგომა შესთავაზეს, რაზეც მღვდელმთავარმა უპასუხა, რომ ისინი სასულიერო პირები არ ყოფილან.

„თქვენო უწმინდესობავ, თქვენ დაიღალეთ და ჩვენ ყველაფერს მივხედავთო…“

მიტროპოლიტმა არ დააკონკრეტა, ვინ იყვნენ ზემოხსენებული ადამიანები, თუმცა თქვა, რომ ეს მოსაყდრის დანიშვნის შემდეგ მოხდა. შესაბამისად, გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ადამიანები, რომლებმაც პატრიარქს ასეთი შეთავაზებით მიმართეს, საპატრიარქო ტახტზე სწორედ მოსაყდრე შიო მუჯირის კანდიდატურას ლობირებენ. გაიჟღერა კონკრეტულმა გვარებმაც, მათ შორის, ლევან ვასაძე, შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე არიან. თეოლოგების ვარაუდით, სწორედ ამ ადამიანებისგან მიიღო პატრიარქმა გადადგომის შეთავაზება. 

რატომ წამოსწია მეუფე გრიგოლმა ეს თემა და რა მიზანს ემსახურებოდა მისი სკანდალური განცხადება? სასულიერო წრეებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ მის საპატრიარქო ამბიციებზე და ამბობენ, რომ სწორედ მეუფე გრიგოლი იქნება ის, ვინც მომავალი პატრიარქის შერჩევის პროცესში მოსაყდრე შიოს დაუპირისპირდება. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს სინოდში თავისი ერთგული მოკავშირეებიც ჰყავს. 

საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი. 

მეუფე გრიგოლი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, თუმცა მის ბიოგრაფიაში არის ერთი დეტალი, რომელიც საპატრიარქო ტახტისკენ მიმავალ გზაზე, მინიმუმ, მორალურ უხერხულობას შეუქმნის. საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა სინოდის ერთ-ერთი გავლენიანი მღვდელმთავარი, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, 1981 წელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს. მაშინ გურამ ბერბიჭაშვილი, სულ რაღაც, 25 წლის გახლდათ. ამ ამბიდან 8 წლის შემდეგ ის დიაკვნად ეკურთხა, ერთი წლის შემდეგ კი მღვდელი გახდა. მისი ბერად აღკვეცა და ეპისკოპოსად კურთხევა 1996 წელს მოხდა, 2007 წელს კი მიტროპოლიტის სტატუსი უბოძეს.

„პრაიმტაიმი“ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ აღმასრულებელ მდივანს, თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილსა და უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, რა შანსები აქვს მეუფე გრიგოლს საპატრიარქო ტახტისკენ მიმავალ გზაზე.

ნანა კაკაბაძე, უფლებადამცველი:

– მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ღიად დააფიქსირა თავისი ნება და დაასახელა მოსაყდრე, გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრს მომავალ პატრიარქად საკუთარი თავი ჰყავდა მოაზრებული. ახლა, როცა გაირკვა, რომ პატრიარქმა ნდობა გამოუცხადა მეუფე შიოს და არა რომელიმე სხვას, ამ ადამიანებმა დაიწყეს საკუთარი თავის პიარი. 

– ანუ მეუფე გრიგოლის ნათქვამი თქვენ როგორ გაიგეთ?.. ვის შეიძლებოდა შეეთავაზებინა პატრიარქისთვის გადადგომა? ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს იყოს ლევან ვასაძე...

– მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ მეუფე გრიგოლი ლევან ვასაძეზე საუბრობდა, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ასეთი აზრი შეიძლება გამოეთქვა სრულიად ნეიტრალურ და პატრიარქისადმი კეთილგანწყობილ ადამიანს. აქ საუბარია იმაზე, როგორ შეიძლება პატრიარქის ტახტის ირგვლივ არსებული ვნებათაღელვა უმტკივნეულოდ აისახოს საზოგადოებაზე. ზოგი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მოხდეს თავად პატრიარქის სიცოცხლეშივე, რადგან მან პირადად მიიღოს ახალი პატრიარქის არჩევაში მონაწილეობა და შესაბამისად, პროცესები უფრო მშვიდ გარემოში წარიმართოს. ზოგი ფიქრობს, რომ სანამ პატრიარქი ცოცხალია, და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ის ბოლომდე უნდა მართავდეს საქართველოს ეკლესიას და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დადგეს დღის წესრიგში ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი. ამ ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება და რომელიმე ამ აზრის მხარდაჭერით არ იზომება პატრიარქისადმი პატივისცემა, ან უპატივცემულობა. ჩემს მეგობრებსაც მოსვლიათ აზრი, რომ რაკიღა სინოდში არიან ეპისკოპოსები, რომლებიც აქედანვე უმიზნებენ საპატრიარქო ტახტს, ხომ არ ჯობია, პატრიარქმა თავისავე სიცოცხლეში თავად მიიღოს მონაწილეობა ახალი პატრიარქის დადგენაში. ამაში გასაკვირი არაფერია. 

– მეუფე გრიგოლმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა რუსულ გავლენებზე... რამდენად პრობლემატურია ეს საკითხი ეკლესიაში?

– ავადმყოფურია აზროვნება, რომ ეკლესიაში არსებობს რუსული, ან დასავლური გავლენები. ეკლესიაში უნდა იყოს ქრისტეს გავლენა. რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა და ცხადია, რელიგიური თვალსაზრისით მასთან შესაძლოა უფრო მჭიდრო კავშირი არსებობდეს, ვიდრე მუსლიმანურ, ან კათოლიკურ ქვეყანასთან. რა არის აქ გასაკვირი? ამის გადატანა პოლიტიკურ ჭრილში საერთოდ არ მიმაჩნია სწორად.  

– ფიქრობთ, რომ მეუფე გრიგოლს აქვს პატრიარქობის ამბიცია?

– არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ასეთი განცხადებები კეთდება სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც სამომავლოდ საკუთარ თავს მოიაზრებს პატრიარქად. როგორც ჩანს, დაიწყეს აქტიური პიარკამპანია. ეს პრობლემა არაა. პრობლემა ისაა, რომ მღვდელმთავარი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

– ამბობენ, რომ სწორედ მეუფე გრიგოლის ირგვლივაა კონცენტრირებული მღვდელმთავართა გარკვეული ჯგუფი, ე.წ. ანტიშიო კოალიცია, რომლებიც აქტიურად ცდილობენ შიო მუჯირის გავლენების შესუსტებას... რას იტყვით ამაზე?

– მთელი ამ 40 წლის განმავლობაში პატრიარქმა ილია მეორემ დიდი ავტორიტეტი და სიყვარული მოიპოვა ქართველ ხალხში. მის ავტორიტეტს რამდენად სცემენ პატივს თავად სინოდის წევრები, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დადგება ახალი პატრიარქის არჩევის საკითხი. ფაქტია, რომ ილია მეორემ არჩევანი შეაჩერა მეუფე შიოზე. დაუჭერს თუ არა სინოდი პატრიარქის რჩეულს მხარს, ეს უკვე სამომავლოდ გამოჩნდება და ბევრი რამის ლუსტრაციაც მოხდება. გაირკვევა, ვინ იყო პატრიარქის ერთგული და ვის ამოძრავებდა სხვა მიზნები. 

– თუმცა, იგივე მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მოსაყდრედ დასახელება არ ნიშნავს, რომ მომავალი პატრიარქი შიო მუჯირი იქნება...

– ამით ის ამბობს, რომ არამც და არამც ხმას არ მისცემს პატრიარქის რჩეულს. ეს არის მისი ლუსტრირება. მას მხოლოდ საკუთარი თავი წარმოუდგენია პატრიარქის ტახტზე. 

 

გიორგი ტიგინაშვილი, „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი მდივანი, თეოლოგი: 

– ვინ შესთავაზა პატრიარქს გადადგომა, ამაზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა უხერხულია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ გარკვეული ლოგიკური სურათი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც დღეს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ არსებობს. პირველ რიგში, უნდა შევეხოთ მის გარემოცვას, რომელთანაც მას ინტენსიური ურთიერთობა უწევს. და ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები საერო წრიდან? დიდი ალბათობით, ეს გახლავთ მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი, რომელსაც დე ფაქტოდ უფრო დიდი გავლენა და ბერკეტები აქვს, ვიდრე ეს მას თანამდებობრივად ეკუთვნის. ამავე გუნდში შეგვიძლია, მოვიაზროთ გიორგი ანდრიაძეც, რომელიც საპატრიარქოს კარზე საკმაოდ დაწინაურებული და გაკადნიერებული პერსონაა. მას სხვადასხვა გადაწყვეტილების გზაზე კათოლიკოს-პატრიარქზე ზემოქმედება მოუხდენია. ასევე, ამ პირებს შორის შეიძლება იყოს მოსაყდრე შიოს საახლობლო, გავლენიანი ადამიანები, რომლებიც მჭიდრო შეხებაში არიან საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან. 

– მოსაყდრე შიოს საახლობლოში ვის გულისხმობთ?

– კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. არ მინდა ინსინუაციებსა და სპეკულაციებს მივმართო. ვფიქრობ, ამას საზოგადოება კარგად აანალიზებს და ხვდება კიდეც. ვინ შეიძლება იყოს გამბედავი, რომ პატრიარქთან მივიდეს და ასეთი პოზიცია დაუფიქსიროს? ასეთი ძალიან ცოტაა. 

– ცნობილია, რომ მეუფე შიოს ახლო მეგობარი გახლავთ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელსაც საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები აქვს საპატრიარქოსთან, მაღალი რანგის სასულიერო პირებთან და მათ შორის პატრიარქთანაც...

– თეორიულად შესაძლებელია, ეს ყოფილიყო ლევან ვასაძეც, რომელსაც სიყრმის მეგობრობა და ემოციური სუბიექტივიზმი აკავშირებს მოსაყდრესთან. თუმცა დარწმუნებით რაიმეს თქმა გამიჭირდება. არ მსურს, ვინმეს უნებლიეთ ცილი დავწამო.

– შენი აზრით, რას ემსახურებოდა მეუფე გრიგოლის სატელევიზიო ინტერვიუ?.. თუ არ ვცდები, მსგავს ფორმატში მან პირველად ისაუბრა... ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლაში ის უკვე ღიად ჩაერთო?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი არის საკმაოდ მაღალკვალიფიციური, ფრიად განსწავლული და გავლენიანი ფიგურა საქართველოს ეკლესიაში, რომლის განვითარებაშიც მას აქვს უზარმაზარი დამსახურება და ღვაწლი.  ის, როგორც ადმინისტრატორი, როგორც მენეჯერი და როგორც სასულიერო პირი, ერთობ წარმატებულია. მას აქვს პროგრესული ხედვები, კონცეპტუალური პროგრამა, რომელიც საქართველოს ეკლესიის კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება. ჩემი დაკვირვებით, ეს პროგრამა ემყარება რამდენიმე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვან პოსტულატს: საგანმანათლებლო საკითხებს, სოციალურ დოქტრინას, მისიონერობის ახლებურ მეთოდებსა და სტრუქტურული რეორგანიზაციისა თუ რებრენდინგის მზაობას, რომელიც უმთავრესად გულისხმობს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების რედაქტირებას, საკადრო პოლიტიკის მოწესრიგებასა და წმინდა სინოდის უფლებამოსილების ქმედითად ფუნქციონირებას. დღეს დეკლარირებულად ეკლესიას მართავს წმინდა სინოდი, თუმცა რეალურად სახეზე გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის მოდელი, კათოლიკოს-პატრიარქის აბსოლუტური ძალაუფლებისა თუ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე შექმნილი ერთმმართველობისა. ეს გარკვეულწილად უხერხულობას ბადებს, თუმცა პირადად მე პატრიარქის პიროვნებასთან, როგორც სამწყსოს სულიერ მამასთან, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ძალაუფლების დეცენტრალიზება და ღვთივსულიერ კანონთა უზენაესობა აუცილებელია ყველასთვის, რადგან ეკლესია ქრისტოცენტრულია თავისი ბუნებით და არა ანთროპოცენტრული ან კერპთაყვანისმცემლური.

– ანუ მეუფე გრიგოლის გაპატრიარქების შემთხვევაში შესაძლოა, გადაიდგას ნაბიჯი სინოდალური მმართველობისკენ?

– სინოდალური მმართველობა ისედაც არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად და ფაქტობრივად ის არ ფუნქციონირებს. მეუფე გრიგოლის გამოსვლაში მე ამოვიკითხე მზაობა, რომ მან უფრო აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკლესიის განვითარებაში. ცხადია, ეს არის ჯანსაღი ამბიცია და ამის რესურსი ნამდვილად აქვს, როგორც ინტელექტუალური, ისე სულიერი. ის ამით განსხვავდება სხვა მრავალი მღვდელმთავრისგან. 

– ცნობილია მეუფე გრიგოლის პროდასავლური შეხედულებებიც... სინოდში, დღეს არსებულ კონფიგურაციას თუ გავითვალისწინებთ, პროდასავლური კანდიდატი რამდენად მხარდაჭერილი იქნება სხვა მღვდელმთავრების მიერ?

– ეს საკითხი მართლაც საკვანძოა და არსებითი. დიახ, მეუფე გრიგოლი ღიად აფიქსირებს საკუთარ კეთილგანწყობას დასავლური პლატფორმისა და ევროპული ვექტორის მიმართ. ბუნებრივია, ის ემხრობა ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებულ არჩევანს საგარეო ორიენტირებთან მიმართებაში. ამდენად, სამოქალაქო მსოფლშეგნებისა და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით მას კონკურენტი არ ჰყავს. 

– ანუ შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ასეთი მოცემულობა გვაქვს: ერთ მხარეს დგას პროდასავლური ღირებულებების მქონე მეუფე გრიგოლი და მეორე მხარეს – მეუფე შიო, რომლის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი გახლავთ ბიზნესმენი ლევან ვასაძე?

– მოსაყდრე შიოს პრორუსულ ორიენტაციაზე მეტყველებს მისი ანტურაჟი, კონტაქტები, დოსიე, ბიოგრაფია და ისტორია. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის გახლავთ ჩრდილოვანი ყაიდის ადამიანი. შესაბამისად, გასაგებია, რომ მისი პიროვნების წინ წამოწევით ძირითადად დაინტერესებულები და აღფრთოვანებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც ღიად გამოხატავენ სიმპათიებს დუგინის ფილოსოფიური ტრაქტატების, რიგორისტული დოქტრინებისა თუ „ერთმორწმუნე“ კრემლის მიმართ და გავეშებულად ეწევიან დასავლეთის დემონიზაციას.

– თუმცა მეუფე გრიგოლის დოსიეშიც არის ერთი უხერხული მომენტი... ცნობილია, რომ ის ერისკაცობაში სისხლი სამართლის დანაშაულზეა ნასამართლევი...

– წმ. ისააკ ასური ამბობს: „არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა“. არავითარი საეკლესიო კანონი ადგილობრივი მართვა-გამგეობის დებულებიდან არ უზღუდავს ერისკაცობაში ნასამართლევ მღვდელმთავარს, პრეტენზია გამოაცხადოს საპატრიარქო ტახტზე. შესაძლოა, სულმდაბალ ოპონენტთათვის და მოტივირებულ ინტრიგანთათვის ეს იყოს საჭორაო მომენტი, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოების ინტელექტუალურ, არაფარისევლურ და სულიერ ნაწილს ამის გაგება არ გაუჭირდება. მით უმეტეს ეკლესიაში არსებობს სინანულის გზით ადამიანის გაჯანსაღების, რეაბილიტირებისა და ტრასფორმირების რესურსი თუ გამოცდილება, რაც მეუფე გრიგოლმა წარმატებით გაიარა. როგორც წმ. ეფრემ ასური იტყოდა: „ქრისტეს მთელი ეკლესია არის კრებული მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის“. მით უმეტეს მიტროპოლიტ გრიგოლს შემთხვევაში საუბარია ყმაწვილკაცობასა და სიჭაბუკის წლებში ჩადენილ მსუბუქ და ადმინისტრაციულ დანაშაულზე და არა ადამიანის სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე. 

გაზეთი პრაიმტაიმი; 30 ივლისი; №481;