გიორგი მარგველაშვილის ამერიკული სკანდალი - „პრაიმტაიმს“ საინტერესო დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში

10:16 07-30-2018
1919

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი


ამერიკელმა ისტორიკოსებმა ქვეყნის ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჯეიმს ბიუკენენი დაასახელეს. ამერიკის მეთხუთმეტე პრეზიდენტს „ბრალად“ უმოქმედობა წაუყენეს. „მან არაფერი გააკეთა მაშინ, როცა ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა“, – ასეთია მათი დასკვნა; მეორე ადგილზე ენდრიუ ჯონსონი გავიდა. ამერიკის მეჩვიდმეტე პრეზიდენტის მთავარი წარუმატებლობა მისი საკუთარ გუნდთან დაპირისპირება აღმოჩნდა. მას ხშირად ჰქონდა კონფლიქტი სენატში საკუთარი გუნდის წევრებთან. ამ დაპირისპირებამ ის ლამის იმპიჩმენტამდეც კი მიიყვანა.   

კითხვაზე პასუხი: ვინ არის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი? – რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სუბიექტურ ფაქტორებსაც უკავშირდება, თუმცა ამ შემთხვევაში ისტორიკოსებმა მთავარ კრიტერიუმად აიღეს პრეზიდენტების კონკრეტული ქმედებები და გუნდურობა. 

მართალია, ჩვენ პრეზიდენტების ესოდენ მდიდარი პალიტრა არ გვაქვს, როგორც, მაგალითად, ამერიკას, ან ევროპას, მაგრამ ამ ორი კრიტერიუმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გიორგი მარგველაშვილი ჯერჯერობით ყველა რეკორდს ხსნის.

მაგალითად, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პირველი ეტაპი სერიოზულ მიღწევებს უკავშირდება: სამოქალაქო ომის დასასრული, „მხედრიონთან“ ბრძოლა, რეფორმების დაწყება, ასევე, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის მშენებლობა. მეორე ეტაპი, შეიძლება ითქვას, მთლიანად ნეგატიურია და უკვე სტაგნაციასთან ასოცირდება. 

მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობაც თავიდან რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლას დაუკავშირდა, თუმცა, შემდეგ და შემდეგ, როგორც იგივე საერთაშორისო დოკუმენტებით დასტურდება,  გახშირდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, წამება, კონტროლი სახელმწიფო რეკეტში გადაიზარდა, დაფიქსირდა ელიტური კორუფცია.

გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში კი რამე კონკრეტულზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. 

ისევე როგორც, ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული ამერიკის ყველაზე ცუდი პრეზიდენტები, ის ცნობილი გახდა საკუთარ გუნდთან დაპირისპირებით – თანაც ეს არ ყოფილა ღირებულებებთან დაკავშირებული დაპირისპირება – და უმოქმედობით.  

თუმცა, ამჯერად, ჩვენ დავინტერესდით, როგორი იყო მარგველაშვილის საერთაშორისო იმიჯი, თორემ ქვეყნის შიგნით მის მიმართ პრეტენზიები ყველას აქვს: მმართველ ძალას, ოპოზიციას, ექსპერტებს. 

როგორი იმიჯი აქვს მას ქვეყნის გარეთ?

სკანდალური ვოიაჟი ამერიკაში

დასავლური მედია ქვეყნის პირველი პირებისა და პოლიტელიტის უცხოურ ვიზიტებზე ძალიან აქტიურად წერს. პრეზიდენტების, პრემიერებისა თუ პოლიტიკოსების ვოიაჟების დროს გაკეთებული განცხადებები, საუბრები, ქცევები, ჟესტები დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომაც, ხშირად ფოტოები, აუდიოჩანაწერები თუ, უბრალოდ, ინფორმაცია სერიოზულ გამოცემებში ხვდება. CNN, BBC და სხვა გამოცემები დეტალურად იკვლევენ, მსჯელობენ პირველი პირების ამა თუ იმ ხმაურიან თუ სადავო ქცევებზე. 

უკვე ყველამ იცის, რომ რეფერატები და პიარშიკები ნებისმიერისგან გამოძერწავენ თითქმის იდეალურ ფიგურას, ამიტომაც იხედება მედია კულისებში, ამიტომაც ცდილობს ის, მიაგნოს პირველი პირების რეალურ სახეს – საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, ვინ არის მათი რჩეული, როგორ იქცევა ის და რა სისუსტეები აქვს. 

ამ მხრივ, დასავლური მედიის უპირობო ფავორიტი ახლა ტრამპია, - ქალების მიმართ უხამსი გამონათქვამების აუდიოჩანაწერებით დაწყებული და ფლეიბოის მოდელისთვის გადახდილი თანხების შესახებ ჩანაწერით  დასრულებული, ეს საუბარი ტრამპსა და მის იურისტს შორის შედგა – მის შესახებ ყველაფერი შუქდება. სხვათა შორის, ისიც ცუდი პრეზიდენტების ჩამონათვალში მოხვდა. 

მანამდე პრესა პრეზიდენტ კლინტონის სასიყვარულო ისტორიებზე წერდა მონიკა ლევინსკისთან. მედიის ხელში აღმოჩნდა ამ ურთიერთობის თითქმის ყველა დეტალი... 

პრეზიდენტების სისუსტეები ხშირად მათ კარიერაზეც ძალიან უარყოფითად აისახება. ბილ კლინტონი თავისმა სექსუალურმა თავგადასავალმა ლამის იმპიჩმენტამდე მიიყვანა, ჰილარი კლინტონის პოლიტიკურ მომავალზე კი მნიშვნელოვნად აისახა. აღარაფერს ვიტყვით რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ლოთობაზე, რომელმაც, საკუთართან ერთად, თავისი ოჯახის მომავალ პოლიტიკურ ამბიციებსაც დიდი წერტილი დაუსვა.

სკანდალური ფიგურა იყო, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილიც. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაციები მისი ქალებთან ურთიერთობისა თუ მასაჟისტების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის უცხოურ გართობასა და მეგობრებისთვის შეძენილ საჩუქრებსაც კი ბიუჯეტი ფარავდა. 

გიორგი მარგველაშვილიც სერიოზულ სკანდალში გაეხვია. თუმცა, როცა პრეზიდენტი საზღვარგარეთ ეხვევა სკანდალში, ეს ბუნებრივია, საქართველოს იმიჯზეც აისახება. 

მარტში მარგველაშვილი ამერიკაში გაემგზავრა ვიზიტად. რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში გაჩერდა. თავისთავად, პრეზიდენტია და ნომერიც საპრეზიდენტო სჭირდება... მიღება-შეხვედრები, ოფიციალური სადილები მაღალ დონეზე, ისე, როგორც ამას პრეზიდენტები იმსახურებენ... მაგრამ პირად სივრცეში მარტო დარჩენილმა მარგველაშვილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 

ასეთი სასტუმროები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით. ნომრებში მოწევა კატეგორიულად იკრძალება და თუ მაინც მოუკიდე საკუთარ ნომერში, თუნდაც საპირფარეშოში, სასტუმროში უსაფრთხოების სისტემა ირთვება და განგაშის ზარი ირეკება. ასე მოხდა მაშინაც, განგაში დაიწყო, სისტემამ სიგარეტის კვამლი ხანძრის კერად აღიქვა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ხანძრის ნაცვლად გიორგი მარგველაშვილს მიაგნო – ის საკუთარ ნომერში სიგარეტს ეწეოდა. 

საქართველოს პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილიც. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმავე სასტუმროს ნომერში მეორე დღესაც მოწია სიგარეტი და მესამე დღესაც და ისევ და ისევ დააჯარიმეს. ჯარიმა კი ბიუჯეტმა დაფარა. ანუ ჩვენ.  

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, უცხოელმა დიპლომატებმა რამდენჯერმე, დიპლომატიური არხებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მარგველაშვილზე საგანგებო დოკუმენტები გადაუგზავნეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უცნაური თუ სკანდალური ქცევის შემცველია, თუმცა, უწყება, ამ დოკუმენტებზე კომენტარს არ აკეთებს. 

მსუბუქ თუ მძიმე ნარკოტიკებთან კონტექსტში პრეზიდენტები თითქმის არ მოიხსენიებიან, ქალებსა თუ სასმელზე მეტად ისინი სწორედ ნარკოტიკებს გაურბიან. თუმცა, „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, მარგველაშვილი არა მხოლოდ სასტუმროში, თვითმფრინავის სალონშიც ეწევა, სადაც მოწევა ასევე კატეგორიულად აკრძალულია. ეწევა მათ შორის, მარიხუანასაც. 

ამერიკული მედია, მაგალითად, აქტიურად წერდა ბარაკ ობამაზე, რომელიც კანაფს ეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ობამა პრეზიდენტი უკვე აღარ იყო და ქმედებებშიც თითქოს თავისუფალი გახლდათ, მედია მაინც ახმაურდა. ისევე როგორც ახმაურდა მაშინ, როცა ობამას პრეზიდენტობის დროს მისი 18 წლის ქალიშვილი მარიხუანას მოწევის დროს დააფიქსირეს. ვიდეოჩანაწერმა თითქმის ყველა ეთერი მოიარა. 

ასე რომ, მედია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და ქვეყნის პირველი პირების პოლიტიკურ საქმიანობას ადევნებს თვალს, არამედ მათ ქმედებებსაც, ჟესტებსაც და თუ რამე „მავნე ჩვევა“ დააფიქსირეს, მაშინვე იწყებენ მასზე საუბარს, აქვეყნებენ ვიდეო თუ ფოტომასალას. კი, ისინიც ადამიანები არიან და სისუსტეები მათაც აქვთ, ეს გასაგებია, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესი სწორედ ის ფასია, რასაც ისინი პრეზიდენტის, სენატორის, დეპუტატისა თუ პოლიტიკური ლიდერის სტატუსში იხდიან. 

ასე რომ, როცა ამ როლზე თანხმდები, ისიც უნდა იცოდე, რომ ვიდეოსაც გამოგიქვეყნებენ, ფოტოსაც, კულუარულ პირად საუბრებსაც და უცნაურ სისუსტეებსაც. 

ამჯერად, ჩვენ პრეზიდენტ მარგველაშვილის ამერიკულ სკანდალზე დავწერეთ, მოვიპოვეთ შესაბამისი დოკუმენტიც. წყარო ამბობს, რომ მის უცხოურ ვოიაჟებზე სხვა დასაბუთებული ფაქტებიც არსებობს, ის თითქოს ნასვამ მდგომარეობაშიც დააფიქსირეს. ერთი მთვრალი ელცინი ახსოვს ყველას, რომელიც ხან დირიჟორს ართმევდა სადირიჟორო ჯოხს და ორკესტრს თავად დირიჟორობდა, ხან მსახიობს სტაცებდა მიკროფონს, რომ თავად ემღერა, ერთ-ერთი ვიზიტის დროს კი ისე დათვრა, რომ პირადი დაცვის უფროსმა თვითმფრინავიდანაც კი არ გადმოუშვა. ახლახან ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ნატოს სამიტზე ისეთი მთვრალი გამოჩნდა, რომ ბრიუსელში ჩასული მთელი პოლიტიკური ელიტა მას კულისებისკენ ექაჩებოდა. როგორია მარგველაშვილის კონტექსტი და რაზე მიანიშნებს წყარო? თუკი ფაქტი დადასტურდა, „პრაიმტაიმი“ ამ ინციდენტზეც დაწერს მასალას და ფოტოსა და ვიდეოსაც გამოაქვეყნებს. ასე რომ, ამ თემას ჩვენ მომავალშიც მივუბრუნდებით.

გაზეთი პრაიმტაიმი; 30 ივლისი; №481;