ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
სკანდალი სერიოზულია, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი პრეზიდენტს ჯერ კიდევ ეპრანჭება, ამიტომაც დუმს. ამიტომაც, უპრეცენდენტო რამ მოხდა: NDI-ის დელეგაციამ პრობლემა თავად დააფიქსირა. ის შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღს არ ნიშნავს.
„პრეზიდენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების თარიღი, რათა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები ამოქმედდეს და კანდიდატებსა და პარტიებს ოფიციალური კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მიეცეთ“;
უცნაური პოზიცია აქვს პრეზიდენტს. 2016 წელს მან საპარლამენტო არჩევნების თარიღი ლამის მთელი ნახევარი წლით ადრე გამოაცხადა და დასძინა: მსურს, ჩემი ამ ნაბიჯით ხელი შევუწყო საარჩევნო პროცესს, ამომრჩევლებს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ პოლიტიკურ პარტიების პროგრამები გაეცნონო.
ერთი შეხედვით, პრეზიდენტმა დრო მისცა ამომრჩეველს. თუმცა, პოლიტიკურ ენაზე მისი ეს ინიციატივა სხვანაირად იკითხება. მმართველ ძალას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მკაცრი კონტროლი დაუწესდებოდა, ოპოზიციას კი საკმარისი ფინანსები არ ჰქონდა თითქმის ექვსთვიანი საარჩევნო მარათონისთვის. ასე რომ, პრეზიდენტმა ისევ ამომრჩევლის ინტერესებზე „გაიარა“ და საბოლოოდ საარჩევნო რინგი ოფიციალურად ზაფხულის მეორე ნახევარში გაიხსნა.
ახლა მარგველაშვილმა საკუთარ ფილოსოფიურ მიდგომებსაც გადაურბინა და ამომრჩევლის ელემენტარულ უფლებებსაც. საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონი კულმინაციას უახლოვდება და მარგველაშვილს საარჩევნო თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია.
ნაციონალებმა და ევროპელებმა საარჩევნო მარათონი უკვე დაიწყეს, არც მარგველაშვილს დაელოდნენ და არც „ქართული ოცნების“ კანდიდატის რინგზე გამოჩენას.
რას ელოდება პრეზიდენტი? და სანამ ის იმ რაღაცას ელოდება, მმართველ ძალას ადმინისტრაციულ რესურსებზე შეუზღუდავი წვდომა აქვს.
ასე რომ, ძნელი სათქმელია, როგორი გაგრძელება ექნება ამ მარათონს ან რა შედეგით დასრულდება ის, თუმცა, პარადოქსები ნამდვილად არ გვაკლია. ჯერ იყო და თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს ვუჭერო და უკლებლივ ყველას მოგვიწოდა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს გრიგოლ ვაშაძეს მივცეთ ხმა.
მოკლედ, ქართული პოლიტიკა თავისი არაორდინალურობით, როგორც შეუძლია, გვანებივრებს.
ოპოზიცური კანდიდატები
ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზომიერი, გაწონასწორებული, კომპეტენტური და გამოცდილი კანდიდატურები წარმოადგინა. ევროპელებმა – დავით ბაქრაძე, ნაციონალებმა – გრიგოლ ვაშაძე და „გირჩებმა“ – ზურაბ ჯაფარიძე.
ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, ზურაბ ჯაფარიძის უპირატესობა მისი კრეატიულობა და იდეებია:
– ზურაბ ჯაფარიძე ნამდვილად ძალიან საინტერესო ფიგურაა, მან „ქართულ ოცნებასთანაც“ მოახერხა დისტანცირება და ახალგაზრდა ელექტორატთანაც შეძლო კონტაქტის დამყარება. საერთოდ, „გირჩი“ გამოირჩევა თავისი კრეატიულობით, ორიგინალურობით, იდეებით. უფრო ახალგაზრდა აუდიტორიაზეა გათვლილი და ეს კარგია – ახალგაზრდები ახლა აქტიურდებიან. შესაბამისად, ძალიან რთულია ზურაბ ჯაფარიძის პერსპექტივების დათვლა, ყველაზე რთულია. შესაძლოა, მისი შედეგი ჩვენთვის სიურპრიზიც იყო – მისმა მომხრეებმა რაღაც მომენტში იფეთქონ...
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, მისი წარმატება ბევრწილად მის საარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. ანუ, იმაზე, რამდენად შეძლებს ის სააკაშვილის მუდმივ ელექტორატს პასიური ელექტორატიც მიუმატოს.
– რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი მყარი ელექტორატი ჰყავს, ეს არის მათი უპირატესობაც. და მხოლოდ საარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ის პასივში გადასული ელექტორატის მიმხრობას და შედეგის გაუმჯობესებას.
რაც შეეხება მისი კანდიდატურის პრეზენტაციას, დიახ, მიმაჩნია, რომ ფაქტი მაინც ასეთია: გრიგოლ ვაშაძე ათმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა და ეს მას მხოლოდ აძლიერებს.
– შეგიძლიათ მითხრათ, კონკრეტულად ვინ და რით აძლიერებს?
– არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, აქ მთავარ როლს სიმბოლოები თამაშობს. ხალხი ხედავს და ფიქრობს: ნაციონალების გარშემო ისევ დაიწყეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოძრაობა. 2012 წელს მათთან თანამშრომლობა ხომ არავის სურდა?
ანალიტიკოსის მოსაზრებით, „ევროპულ საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატად ოთო კახიძე ან ელენე ხოშტარიას მსგავსი კანდიდატი უნდა დაეყენებინა.
– მე, მაგალითად, იქ რომ ვყოფილიყავი, მათ დავუჭერდი მხარს. დავით ბაქრაძე არ არის რადიკალური – ეს მისი უპირატესობაა, მაგრამ ის არ აღიქმება პოლიტიკურ ლიდერად. თანაც, საპრეზიდენტო მარათონში ადრეც მონაწილეობდა. ახლა, როცა ევროპელებს სააკაშვილის ელექტორატიც ჩამოშორებული ჰყავთ, მისი შანსები კიდევ უფრო დაბალია.
არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში ყველაზე მაღალ შედეგს მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ დადებს.
„ქართული ოცნების“ ტაქტიკა
ჯერ კიდევ უცნობია, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ არჩევანი. პარტიის თავმჯდომარის განცხადებამ კიდევ უფრო მეტად დააბნია პოლიტიკური სპექტრი და ექსპერტები. საერთოდ, ივანიშვილი არაორდინალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა, ის მოულოდნელ სვლებს აკეთებს და ხშირად კონკურენტებს აბნევს კიდეც.
როგორც ირკვევა, მმართველი გუნდი, შესაძლოა, საერთოდაც არ ჩაერთოს საარჩევნო მარათონში ან რინგზე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში თქვა:
„ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას. გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“
და მართლაც, თითქოს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა – ცუდია, როცა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გყავს, გამგებლები, გუბერნატორები, ქალაქების მერები, მინისტრთა კაბინეტი და საკრებულოს თავმჯდომარეებიც კი ყველგან მხოლოდ ერთი პარტიის ხელშია. დემოკრატიისთვის მართლაც კარგია, თუკი პრეზიდენტის პოსტს სხვა დაიკავებს.
თუმცა, საქართველოში არც ექსპერტებს და არც პოლიტიკოსებს, ისევე როგორც ელექტორატის უმრავლესობას არ სჯერა, რომ მმართველი ძალა ასეთ შანსს შეგნებულად უშვებს ხელიდან დემოკრატიის სახელით და მისი გაძლიერების მიზნით. აქამდე ხომ მმართველი პარტია ყოველთვის ცდილობდა, მეტი გავლენა და ძალაუფლება მოეპოვებინა, სიმბოლურიც კი, რათა ოპონენტების თვალში სუსტი არ გამოჩენილიყო.
დიახ, საქართველოში, ამ ინიციატივას თითქმის არავინ დაუკავშირებს დემოკრატიას, ოპოზიცია შეეცდება, ელექტორატი დაარწმუნოს „ქართული ოცნების“ სისუსტეში და არ მიიღოს ის, როგორც დემოკრატიული ჟესტი.
ექსპერტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილება ელექტორატს კიდევ უფრო დააბნევს და ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც აისახება.
ექსპერტ და ანალიტიკოს არჩილ გამზარდიასაც არ ესმის ამ განცხადების პათოსი. მას, უბრალოდ, არ სჯერა, როგორ უნდა დაუთმოს უმრავლესობამ საპრეზიდენტო სავარძელი იმ ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლება დესტრუქციულს უწოდებს:
– პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ გამოხატავს ხელისუფლება კეთილ ნებას ამ საკითხში, მაშინ როცა ჩვენ ვიცით მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ. ეს განწყობები აისახება მათ განცხადებებშიც. თუნდაც, გიორგი მარგველაშვილის მიმართ დამოკიდებულებაში. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა: ხომ არ ახდენს გარკვეული სხვა გარე ფაქტორები გავლენას ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ეს უფრო ლოგიკური მეჩვენება, ვიდრე ის, რომ ერთ დღესაც ხელისუფლება იმდენად კეთილი გახდა, რომ მზად არის, საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციას დაუთმოს. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვისაც გაუგებარი იქნება. ფსევდოდემოკრატიულია. შეიძლება სისუსტედ არ ჩაუთვალოს, მაგრამ ვერ გაიგოს და ბევრი ინტერპრეტაციის საფუძველი შექმნას.
დააკვირდით, სად არის ლოგიკა? ხელისუფლება გვეუბნება, რომ მზად არის, საპრეზიდენტო სავარძელი დაუთმოს ოპოზიციას, რომელსაც თავადვე ხელისუფლება უწოდებს არაკონსტრუქციულს და მაქსიმალურად ცდილობს მის მარგინალიზაციას.
თუ „ქართულ ოცნება“ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს, მაშინ შეიძლება ისევ ნაციონალების კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს.
– რას იტყვით გრიგოლ ვაშაძის რუსულ წარსულზე და ის პარტია, რომელიც რადიკალია როგორც პატრიოტიზმში, ისე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა მესიჯს უგზავნის ამ კანდიდატურის დაყენებით მოსკოვს?
– მე მაქვს თეორია, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პროცესში რუსული მდგენელი უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, მათ შორის ანტირუსული განწყობების მქონე პოლიტიკური სუბიექტების კონტექსტშიც. ამ თეორიას თუ მივყვებით, რუსული ხელი შეიძლება დავინახოთ ბევრად უფრო ღრმად, ეს ჩემი თეორიაა.
საერთო ჯამში, პოლიტიკური სუბიექტები ყველა გავლენიან გარე ძალაზე პოზიციონირებენ. გვახსოვს, როგორ დაეხმარა რუსეთი მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში – იგორ ივანოვმა დიდი როლი ითამაშა: უზრუნველყო შევარდნაძესთან მოლაპარაკებები, უზრუნველყო ასლან აბაშიძის აჭარიდან გაყვანა და სააკაშვილის ინაუგურაციის დროს საპატიო ადგილას იჯდა. ეს ფაქტობრივი მონაცემებია. შედეგი რამდენად იყო მათთვის სასურველი და მისაღები, ეს უკვე სხვა თემაა. ეს მათი მხრიდან ცნობილი და ნაცადი სტრატეგიაა – საერთოდ, ნაციონალებს ახასიათებთ იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რითაც ერთხელ წარმატებას უკვე მიაღწიეს.
პ.ს.: ექსპერტები სხვადასხვაგვარად უყურებენ ბიძინა ივანიშვილის ამ ინიციატივას. ზოგისთვის ეს სისუსტის გამოვლენაა, ზოგისთვის – დამაბნეველი მანევრი. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს შეფასებები, ვფიქრობ, გამარჯვებული ოპოზიციური პარტიისთვის, იგივე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს დიდი შანსია. არ არის გამორიცხული, ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებასაც დაედოს საფუძველი. სხვათა შორის, ამის შანსი მიხეილ სააკაშვილის დროსაც არსებობდა, თუმცა, წინა ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის სივრცე არ დატოვა. როგორი სიმბოლურიც არ უნდა ჩანდეს ახლა პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებით, ის ხალხის მიერაა არჩეული და შეუძლია, სოლიდური გავლენა იქონიოს საკუთარი პარტიის იმიჯსა და რეიტინგზე.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი, თუკი ის დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს იგივე სალომე ზურაბიშვილის სახით, მით უფრო ხალხი არც იმას დაიჯერებს, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი ფიგურაა. და ის აბსოლუტურად მართალი იქნება.
მმართველმა გუნდმა ან საკუთარი გუნდის წევრი უნდა დაასახელოს, ან ოპოზიციას დაუთმოს ასპარეზი. რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ იპოვა ღირსეული კანდიდატი, რომ ის ისეთი სუსტია, რომ არჩია, არჩევნებს გასცლოდა, ვიდრე თუნდაც მეორე ტური დაეფიქსირებინა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება. ოპოზიცია როგორი უპასუხისმგებლო და დესტრუქციულიც არ უნდა იყოს, სხვათა შორის, საკუთარ განცხადებებში, ისიც ფაქტია, რომ საარჩევნო რინგზე მან კვალიფიციური და პროგრესული ფიგურები აიყვანა.
გაზეთი "პრაიმტაიმი"; 30 ივლისი; №481;