ავტორი: თამუნა დალაქიშვილი
ივლისის ბოლო დღეებში ევროპის ქვეყნები ცეცხლის სტიქიამ მოიცვა – საბერძნეთის, გერმანიის, ესპანეთის ტყეები ხანძრების კერა გახდა. ყველაზე მასშტაბური საბერძნეთის ხანძარი აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც 80 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. სამწუხაროდ, ტყის ხანძრები საქართველოშიც ხშირია. ტყის ხანძარი, უკიდურესად სახიფათო სტიქიაა. ბოლო ხუთ წელიწადში საკუთარ თავზეც ბევრჯერ გამოვცადეთ – 2012 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს ტყეებში სამასზე მეტი ხანძარი მოხდა და 4 ათასამდე ჰა ფართობზე გავრცელდა. განსაკუთრებით მძიმე იყო 2015 და 2017 წლის ხანძრები, როცა მასშტაბური ხანძრების გამო მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ტყეებს. ეკოლოგები გახშირებულ ხანძრებს ეკოლოგიური ცვლილებით გამოწვეულ ხანგრძლივად მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ. ტყის ხანძრების ალბათობას ზრდის ხანგრძლივი გვალვები, თუმცა ხანძრების გამომწვევ მიზეზებს შორის, ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორიც. ტყის ხანძრები განსაკუთრებული სპეციფიკით ხასიათდება. ხანძრის სიჩქარე ხშირად საათში რამდენიმე კილომეტრს აღწევს. ტყის ხანძრის მხოლოდ დროული აღმოჩენა იძლევა სტიქიის საფუძველშივე აღკვეთის შესაძლებლობას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, არსებობს ხანძრების სხვადასხვა ეტაპები – აალების დროს ცეცხლი ორ ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ ეტაპზე ტყის ხანძრის შეჩერება რთული არ არის და ამის გაკეთება მინიმალური ქმედებებითა და რესურსებით შეიძლება; ხანძარი მცირეა, თუ ცეცხლი გავრცელებულია 2-დან 20 ჰექტარამდე ტერიტორიაზე; საშუალო ხანძრის დროს ცეცხლი მოიცავს 20-დან 200 ჰექტარამდე ტერიტორიას, დიდია ხანძარი, თუ 200-დან 2 ათას ჰექტარამდე ტერიტორია იწვის; კატასტროფულია ხანძარი, თუ მისი გავრცელების ზონა 2 ათას ჰექტარს აჭარბებს.
ნინო ჩხობაძე, ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში:
– ევროპის კონტინენტზე ხანძრების გახშირება გამოწვეულია კლიმატის ცვლილებების ფონზე. ის, რაც გასულ კვირას მოხდა საბერძნეთში, გერმანიაში, ესპანეთში არის კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორი და ნიშანი. ეს ხანძრები მოჰყვა ხანგრძლივ, ექსტრემალურ, უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას, როცა ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა 40 გრადუსს ზემოთ იყო და ეს გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. ასეთ პირობებში ტყე შრება, მას აქვს სწრაფად აალების უნარი ნებისმიერი მცირე გამოწვევის შედეგად. ეს შეიძლება იყოს მინის ნატეხი, ნარჩენი, შემთხვევით გადაგდებული ასანთი. იმის მიუხედავად, რომ ევროპაში საკმაოდ კარგად არის განვითარებული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, იქაც კი ვერ მოერივნენ ამ პრობლემას – ტყის სწრაფ აალებას, რაც მოხდა საბერძნეთში. ესპანეთშიც გაუჭირდათ ხანძრის ჩაქრობა, სადაც აალება გადამხმარმა ბალახმა გამოიწვია.
– ტყის ხანძრები ასეთი ინტენსივობით, რაც ჩვენთან ბოლო წლებშია, ადრე არ ყოფილა, რა არის ასე გახშირებული ხანძრების მიზეზი?
– ჩვენთანაც დაახლოებით იგივე პროცესი ხდება, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და, შესაბამისად, კლიმატური ცვლილებები ჩვენთანაც აშკარად შეიმჩნევა. სამწუხაროდ, ხანძარი ჩვენთვის იშვიათი აღარ არის. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც წლების წინათ გვქონდა ხოლმე ხანძრის შემთხვევები, მეორე-მესამე დღეს უცებ გაწვიმდებოდა, რაც, ასე თუ ისე, იყო გამოსავალი. შარშან და შარშანწინ წვიმის ნატამალი არ ყოფილა, რომ ხანძრები ბუნებრივად ჩამქრალიყო. გასულ წელს, ბორჯომის ხანძრების დროს, ტყე იმდენად გამომშრალი იყო, აალება ძალიან სწრაფად ხდებოდა. ჩვენთან ტყის ხანძრების გამომწვევ მიზეზებს შორის ძალიან აქტუალურია ნარჩენები ტყის მასივებში, ნაგავი, რასაც ადამიანები ტყეში ტოვებენ. მოსახლეობამ რატომღაც ჩათვალა, რომ ნაგავი გარეთ არ უნდა დაყაროს, მაგრამ ტყეში ნაგვის დაყრა შეუძლია. ნაგავში შესაძლოა, იყოს პლასტმასის ბოთლი, შუშის ნარჩენი. ნარჩენი დიდხანს რომ დააგროვო, მასში ტემპერატურა დაახლოებით 70%-ია, თუ გარე ტემპერატურაც მაღალია და 40%-ს სცილდება, ნაგავსაყრელზე აალება აუცილებლად მოხდება.
ტყის ხანძარი, თავისი სპეციფიკით, ჩვეულებრივი ხანძრისგან ძალიან განსხვავდება. გარდა იმისა, რომ ხშირად ხანძარი რთულ რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს, ტყის ხანძარი მიწისქვეშა სახითაც ხასიათდება. როცა იწვის ჰუმუსოვანი ფენა, ხანძრის ჩაქრობა რთულდება. ცეცხლი გადადის ფესვებით და იოლად ვრცელდება. დგახარ, არ არის ხანძარი და უცებ ის შეიძლება „ამოვიდეს“ შორს ხანძრის კერიდან. ზოგადად, ტყის ხანძარი უკიდურესად სახიფათოა, რადგან ცეცხლი ძალიან სწრაფად ღვივდება და საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. ხანძრის სიჩქარე ხშირად საათში რამდენიმე კილომეტრს აღწევს. ტყის ხანძრის მხოლოდ დროული აღმოჩენა იძლევა სტიქიის საფუძველშივე აღკვეთის შესაძლებლობას. არსებობს ხანძრის ტიპები: დაბლითი, მაღლითი და მიწისქვეშა. ხანძრები ვრცელდება ორი სახით, როცა ცეცხლი ზემოდან ქვემოთ მოჰყვება ხეობას, ანდა პირიქით, ქვემოდან – ზემოთ. წინა წლის ბორჯომის ხანძრების დროს, ცეცხლი ქვემოდან ზემოთ მიჰყვებოდა ხეობას, რაც ჩაქრობის ღონისძიებებს ართულებდა. მეხანძრეები ზემოდან ხვდებოდნენ ცეცხლს და იწვოდნენ, ასეთი ხანძრის ჩაქრობის დროს ტყეს ქვემოდან უნდა აჰყვე და ცეცხლი ისე უნდა ჩააქრო.
– რა ტიპის ტყეს ემუქრება უფრო მეტად ხანძრის საფრთხე და სად არის ყველაზე სარისკო ზომები?
– ხანძარი შესაძლოა, გაჩნდეს ყველა ტიპის ტყეში, თუმცა წიწვოვანი ტყეები უფრო მოწყვლადია ხანძრების მიმართ, ვიდრე ფოთლოვანი. ჩვენ გვაქვს რისკის ზონები ბორჯომის, ადიგენის, აბასთუმნის, გორის, იმერეთის ტერიტორიებზე. პირველ რიგში, ეს არის ნახანძრალი ტერიტორიები, რადგან ხანძარი ყველაზე ხშირად ჩნდება ნახანძრალ ტერიტორიებზე. სახიფათოა ეთერზეთოვანი მცენარეების, წიწვოვანი ტყეები, მესამე ზონა არის ტერიტორიები, სადაც არ არის ზონები, რომლითაც მდელო ტყისგან გამოყოფილია – ასეთ დროს მდელოდან ტყეში ხანძარი იოლად გადადის, სარისკო ზონებია ის ტერიტორიები, სადაც ხდება ხის ჭრა და არ არის დაცული უსაფრთხოების ტექნიკა.
– საქართველოში დიდწილად მთის ტყეებია, როგორ ხდება ჩვენთან ხანძარსაშიში რაიონების მონიტორინგი?
– ზოგადი მონიტორინგი მიმდინარეობს, მაგრამ ტყის მცველების რაოდენობა იმდენად შემცირებულია, რომ მათ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე უწევთ კონტროლი და მარტივი არ არის აღმოჩენა იმ კერების, სად შეიძლება გაჩნდეს ხანძარი. ტყის ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ერთ-ერთ ღონისძიებად ითვლება ზონები, რომელიც უნდა იყოს მდელოსა და ტყეს შორის, საგუშაგოების გაჩენა, რომელთა რაოდენობა ზაფხულის პერიოდში, როცა ხანძრის ალბათობა მეტია, უფრო ბევრი უნდა იყოს. აგრეთვე, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა თხრილები, რომელიც კეთდება, როდესაც ხანძარი უკვე დაწყებულია და მისი გავრცელების არეალი უნდა შევამციროთ. ეს არის ელემენტარული ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ტყეში გაყვანილი უნდა იყოს გზები, რომლითაც მოხდება ხანძრის კერებამდე ტექნიკის მიყვანა. ჩვენ გვაქვს ევროპული დირექტივები და ვალდებულებები ხანძრებთან და კატასტროფებთან მიმართულებით. ტყის ხანძარი შედის ისეთი რისკების რიცხვში, რომელიც სტიქიურ უბედურებებს ეხება. 2008 წლის ბორჯომის ხეობის ხანძრის შემდეგ ეუთოს მისიამ შეიმუშავა მოქმედებების გეგმა, სადაც გაწერილი იყო ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის, როგორ უნდა მომზადებულიყვნენ სპეციალისტები ტყეში ხანძრის ჩასაქრობად, რადგან ტყის ხანძარი ჩასაქრობადაც სხვა სპეციფიკით გამოირჩევა. ამ გეგმის განხორციელება წლების განმავლობაში ვერ მოხდა.
არის თუ არა სახელმწიფო მზად, ცეცხლის სტიქიასთან საბრძოლველად, მაშინ როდესაც წინა წლების გამოცდილება საკმაოდ მძიმეა – თითქმის ყველა ხანძრის დროს, სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მზაობაზე და ცეცხლთან ბრძოლისთვის აუცილებელი ტექნიკის ნაკლებობაზე იყო საუბარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, რომელიც 1-ლი აგვისტოდან ქვეყნის მთავარი უწყების ფუნქციას შეასრულებს კრიზისების დროს, აცხადებენ, რომ წელს ზაფხულის ხანძრებს მომზადებულები ხვდებიან. თბილისში უკვე ჩამოვიდა ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფომ დაიქირავა ბელორუსული კომპანიისგან, და რომლის გამოყენებაც ხანძრებისა და სამაშველო ოპერაციების დროს მოხდება. მოგვიანებით, 24 აგვისტოს თბილისში იქნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შეძენილი 19 სახანძრო მანქანა, რომელიც უფრო მობილურია და ისეთ ადგილებშიც გამოიყენება, სადაც ტექნიკის შეყვანა აქამდე შეუძლებელი იყო.
როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო ზაფხულის ხანძრების მზარდ საფრთხეს, ამის შესახებ ჩვენს შეკითხვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი პასუხობს:
– გასული წლების მოვლენები, განსაკუთრებით შარშანდელი ზაფხულის ხანძრები, სახელმწიფოსთვის აღმოჩნდა გაკვეთილი, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით ასეთი ტიპის გამოწვევისთვის. ცეცხლის სტიქიასთან ბრძოლა ყველა ქვეყანას უჭირს, მათ შორის ძლიერ სახელმწიფოებსაც, თუმცა პრევენციული ღონისძიებები და მზადყოფნა, ძალიან ამცირებს ხანძრების რისკს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ნომერ პირველი ამოცანა გახდა მაქსიმალური მომზადება ისეთ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც გვქონდა ბორჯომისა და აბასთუმნის ტყის ხანძრების დროს. ამ ხანძრების გასაანალიზებლად ჩვენთან ჩამოვიდა ავსტრიელი ექსპერტი, მომზადდა სპეციალური დასკვნა, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. მთავარ პრობლემებს შორის დაისვა საკითხი – აუცილებელია სიტუაციის დროული და ადეკვატური შეფასება. ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები. 1-ლი აგვისტოდან გადავდივართ საგანგებო სიტუაციების მართვის აბსოლუტურად ახალ სტილზე, თუ აქამდე კატასტროფული სიტუაციების მართვა ხდებოდა ხუთდონიანი სისტემით, ახლა უკვე გადავდივართ ორდონიან სისტემაზე.
– რას გულისხმობს საგანგებო სიტუაციების მართვის ორდონიანი სისტემა?
– ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხდება მთავარი კრიზისმენეჯერი, ის ახდენს კონკრეტულ ლოკაციაზე სიტუაციის შეფასებას, მასზე რეაგირებას და დანარჩენი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებას, როგორ აღმოიფხვრას პრობლემა. ახალი ცვლილებებით კანონში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა მიიღო საგაზაფხულო სესიაზე, ეს ეხება ყველა სახის საგანგებო სიტუაციას, გარდა საომარი მოქმედებებისა და ტერორისტული აქტებისა. აბასთუმნის ხანძრის შემთხვევაში, თავდაპირველად სიტუაციის შეფასება თუ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი მერიის, შემდეგ რეგიონის ხელისუფლების ჩართვის შემდეგ, ახალი კანონით ასეთი პრაქტიკა აღარ იქნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომელთა სპეციალური დატრენინგებაც მოხდა, თვითონ მოახდენენ სიტუაციის შეფასებას და შესაბამისი ძალების მობილიზებას კატასტროფის ადგილზე. კატასტროფული სიტუაციების მართვის ორი დონე არის ადგილობრივი და ეროვნული დონის კრიზისები, ორივე დონეს ადგენს, აფასებს და რეაგირებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
– ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას ცეცხლთან ბრძოლისთვის აუცილებელი ტექნიკის ნაკლებობის პრობლემა, მოხდა თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვა სპეცტექნიკით?
– 24 აგვისტოს საქართველოში შემოვა 19 სახანძრო მანქანა, ეს არის სპეციალურად ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანები. მათი შემოყვანა უნდა მომხდარიყო 1-ელ ივნისს, მაგრამ ბიუროკრატიულმა პროცესებმა, რაც ახლავს ტენდერებს, შეგვიშალა ხელი და ამ მანქანების შემოყვანა მოხდება მოგვიანებით. როცა გაირკვა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს, გარკვეული პრობლემები ჰქონდა მეორე ადგილზე გასულ კომპანიასაც. გადაწყდა, რომ მანქანების შემოიყვანა მომხდარიყო ტენდერში მესამე ადგილზე გასულ კომპანია „სკანიას“ მიერ. ამ მანქანებში გადახდილია დაახლოებით 20 მილიონი ლარი. ეს მანქანები ითვლება მსოფლიოში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ყველაზე ეფექტურ მანქანებად, არის ყველგანმავალი, გადაადგილდეს რთულ რელიეფზე, სადაც სტანდარტული სახანძრო მანქანა ვერ გადაადგილდება. ეს იქნება პირველი მორეაგირე მანქანები, რომლებიც გადანაწილდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში. იქ, სადაც არსებობს ტყის ხანძრების მაღალი რისკი, რომ, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ხანძრის ჩაქრობა ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე პრობლემები გვქონდა. ჩვენ მოვახდინეთ მეხანძრეების დატრენინგება, რომელთაც უკვე ღამეც შეეძლებათ მუშაობა ხანძრის ქრობის პროცესში. ეს მოდელი გადმოვიღეთ თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, ტრენინგებში იქაური სპეციალისტები იყვნენ ჩართული. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღამით ცეცხლის ინტენსივობა იკლებს, შესაბამისად, მეტია შანსი, მეხანძრე მოერიოს ცეცხლს. 2018 წლისთვის, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ვიმუშაოთ 24-საათიან რეჟიმში. რასაც ვერ ვახერხებდით წინა წლებში, როცა ვერ ვახდენდით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს რთული რელიეფისა და სიბნელის გამო.
– თბილისში უკვე ჩამოფრინდა ვერტმფრენი, რომელიც ბელორუსული კომპანიისგან დაიქირავეთ. ამ ვერტმფრენის დახმარებით მასშტაბურ სტიქიასთან გამკლავება შესაძლებელია?
– ვერტმფრენები საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევაა. მთავრობა მუშაობს იმ მიმართულებით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი სამსახურის საკუთრებაში იყოს ვერტმფრენები. ეს ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, არ გამოვრიცხავ ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას. იქამდე ჩვენ მივმართეთ აპრობირებულ, სხვა ქვეყნებში გამოცდილ მეთოდს და ბელორუსული კომპანიისგან 891 800 ლარად დავიქირავეთ MI-8 ტიპის მულტიფუნქციური ვერტმფრენი, რომელიც სახანძრო, სამაშველო და სამედიცინო დახმარებისთვის არის განკუთვნილი. მისი გამოყენება შეგვეძლება როგორც ხანძრების დროს, ისე სამაშველო ოპერაციებში. უახლოეს მომავალში ჩამოვა მეორე ვერტმფრენიც. ეს იყო ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი. ამ ვერტმფრენის საშუალებით შესაძლებელი იქნება სწრაფი რეაგირება სახანძრო და სამაშველო სიტუაციებისას. ხელშეკრულებით, ბელორუსული კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი პირველ ოქტომბრამდე იქნება თბილისში ბაზირებული. ერთი ვერტმფრენის ლოკაცია იქნება თბილისი, მეორე ვერტმფრენის – დასავლეთ საქართველო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის ევროკავშირთან დადებული მემორანდუმი, რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად მინიმუმამდე დავიყვანეთ პროცედურები, რაც არის გასაწევი და უკავშირდება ევროკავშირის ქვეყნებისთვის დახმარების მოთხოვნას სტიქიის დროს. თუ აქამდე ამ პროცედურებს სჭირდებოდა ორი კვირა, ახლა ეს ვადა უფრო შემცირებულია, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში მეგობარმა ქვეყნებმა უფრო ოპერატიულად შეძლონ ჩვენი დახმარება.
– რა ღონისძიებებს ატარებთ პრევენციული მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტყის ხანძრების დროულად აღმოსაჩენად და ჩასაქრობად.
– პრევენცია არის ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი კომპონენტი. ამისთვის გაძლიერებულ კომუნიკაციაში ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სატყეო დეპარტამენტთან. ჩვენ დავნერგეთ ტყის მასივების კონტროლისთვის დრონების გამოყენება, რაც არის ერთგვარი ნოუ-ჰაუ და მოგვცემს საშუალებას, 24-საათიან რეჟიმში მოვახდინოთ მონიტორინგი. უკვე დავტესტეთ მონიტორინგი დრონის გამოყენებით. მინდა გითხრათ, რომ ამ მეთოდმა გაამართლა, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ტყის მასივებში იფრენენ ჩვენი დრონები, რომლებიც ლაივრეჟიმში გადმოსცემენ ცენტრს ინფორმაციას ტყის მასივებში არსებულ ვითარებაზე, რომელსაც გააკონტროლებენ ჩვენი წარმომადგენლები. მუდმივი დაკვირვების, კოორდინაციისა და მზადყოფნის რეჟიმში ვმუშაობთ. ამის მაგალითია წინა კვირას წოდორეთის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც სწორად და სწრაფად შეფასებული ვითარებისა და ცოცხალი ძალის ოპერატიული გამოყენებით, ძალიან მალე მოხდა.
გაზეთი "პრაიმტაიმი"; 30 ივლისი; №481;