ავტორი: თამუნა დალაქიშვილი
27 ივლისს ამ საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იყო, რომელიც 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა. ამ უნიკალური მოვლენის ნახვა სრულად ევროპის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ავსტრალიის ყველა ნაწილში მყოფ ადამიანებს შეეძლოთ, ანუ „დაბნელებული მთვარე“ ჩანდა ყველგან, გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა. ამ მოვლენაზე დაკვირვებისთვის ტელესკოპიც კი არ იყო საჭირო, თუმცა ჩვენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტივით არ გაგვიმართლა – ზუსტად 27 ივლისს საქართველოსა და თბილისს სამხრეთიდან ისეთი სქელი კვამლი ეწვია, „სისხლიანი მთვარის“ დანახვა კი არა, 100 მეტრში არ ჩანდა არაფერი. ასე იყო თუ ისე, საუკუნის ყველაზე საინტერესო მთვარის დაბნელება დასრულდა. რამდენიმე დღეში – 11 აგვისტოს მზის დაბნელებას უნდა ველოდოთ. ზაფხულის პერიოდში მთვარისა და მზის სამი დაბნელება, ძალიან ხანმოკლე ინტერვალებით, არც ისე მარტივი გადასატანია ჩვენთვის – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი რეკომენდაციებს გვაძლევს, მისი თქმით, ციური სხეულების, მთვარისა და მზის დაბნელებები და ამ ორი მანათობლის ჭიდილი განსაკუთრებით მძიმედ აისახება ადამიანების ენერგეტიკაზე. ამ დროს ძალიან მაღალია სხვადასხვა საფრთხეების რისკი. ადამიანებზე მზისა და მთვარის დაბნელებები სხვადასხვაგვარად აისახება. შეიძლება იყოს ძლიერი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, თავდაჯერებულობის დაკარგვა, სხვადასხვა მივიწყებული შიშის გამოჩენა, მრავალრიცხოვანი შინაგანი ემოცია. ვიღაცას შეიძლება გაუჩნდეს ნეგატიური სურვილები, აკვიატებული აზრები. თუ მზისა და მთვარის დაბნელებებს იმასაც დავუმატებთ, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ინტელექტისა და გონების მმართველი პლანეტა მერკური უკუღმა მოძრაობს, 18 აგვისტომდე განსაკუთრებულად უნდა უნდა გავფრთხილდეთ. რისი გაკეთებაა დასაშვები და რა არ უნდა მოიმოქმედოთ მზისა და მთვარის დაბნელებებზე, ამის შესახებ მიხეილ ცაგარელს გავესაუბრეთ:
– 27 ივლისს იყო საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება, ის გრძელდებოდა 1 საათი და 43 წუთი. ამ ხანგრძლივობის მთვარის დაბნელება ამ საუკუნეში აღარ იქნება. მთვარისა და მზის დაბნელებები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება, მაქსიმუმი არის ექვსი დაბნელება. ახლა მოხდა ისე, რომ სამი დაბნელება, ორი მზისა და ერთი მთვარის ზედიზედ ემთხვევა ერთმანეთს. 13 ივლისს მოხდა მზის დაბნელება, 27 ივლისს იყო მთვარის დაბნელება და მზის შემდგომ დაბნელებას უნდა ველოდოთ 11 აგვისტოს. ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს პერიოდი, დაწყებული 13 ივლისიდან 11 აგვისტომდე და კიდევ შემდგომ, არის ძალიან რთული. მზის დაბნელება ყოველთვის ემთხვევა ახალმთვარეობას, მთვარის დაბნელება – სავსემთვარეობას. ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე ახლოს, ერთმანეთის გვერდით არიან, მთვარის დაბნელების დროს მზე და მთვარე ურთიერთსაწინააღმდეგოდ არიან და დედამიწა ხვდება მათ შორის, მის ერთ მხარეს მზეა, მეორე მხარეს – მთვარე. მთავარი ის არის, რამდენად ზუსტია მათი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები. თუ ისინი ზუსტად ერთ გრადუსზე არიან მოხვედრილი, სწორედ მაშინ ხდება დაბნელება, თუ მზე და მთვარე ერთმანეთს 5-10 გრადუსით მაინც არიან აცდენილები, მაშინ გვაქვს სავსე მთვარე და არა დაბნელება. ასევე ხდება მზის დაბნელების დროსაც.
– რით განსხვავდება ახალმთვარეობა მზის დაბნელებისგან, ან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებისგან?
– დაბნელების პროცესი საკმაოდ მძიმე და რთულია. ადამიანებს ოდითგან ეშინოდათ მზისა და მთვარის დაბნელებების. იმის გარდა, რომ მზე და მთვარე დაბნელებების დროს საერთოდ ქრებოდნენ და ირგვლივ ბნელდებოდა ყველაფერი, ეს მოვლენები იწვევდა ძლიერ გავლენებს ენერგეტიკულ პროცესებზეც. მზე და მთვარე ყველაზე ძლიერი მანათობლები არიან და დედამიწაზეც ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ისინი ახდენენ. ძველად ბევრ ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, ითვლებოდა, რომ მთვარე უფრო „ძლევამოსილი“ იყო და მას უფრო ეთაყვანებოდნენ. ძველ ეგვიპტესა და ევროპულ ქვეყნებში, პირიქით, წინა პლანზე მზე იყო წამოწეული. მთვარე არის ადამიანის ემოციური ცენტრი, ის აყალიბებს ემოციას, ქვეცნობიერს, შინაგან შიშებს. მზე არის ადამიანის შინაგანი მე, მისი სული, ამიტომაც არის ადამიანზე უზარმაზარი მნიშვნელობის მზისა და მთვარის ენერგეტიკული გავლენა. მათ აქვთ ძლიერი ენერგოველი, რომელიც ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და, პირველ რიგში, ადამიანზე ძლიერად გადმოდის. მთვარე მართავს წყალს, მისი ზეგავლენის შედეგად რადიკალურად იცვლება ზღვების, ოკეანეების მიმოქცევები. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმის 80% შედგება წყლისგან, შესაბამისად, მთვარის გავლენა ჩვენს ბიოლოგიურ, მეტაბოლურ პროცესებზე საკმაოდ დიდია. მთვარე მართავს ოჯახს, ის ოჯახის, სამშობლოს სიმბოლოა. იქიდან გამომდინარე, რომ მთვარე – წყლის, მზე კი ცეცხლის სტიქიაა, მოგეხსენებათ, როგორია წყლისა და ცეცხლის თანაარსებობა. ასეთივე ანტაგონიზმია მზესა და მთვარეს შორის.
– როგორ მოქმედებს მთვარისა და მზის დაბნელებები ადამიანებზე, ჩვენს ენერგეტიკულ ველზე?
– მზისა და მთვარის დაბნელებების დროს კოსმოსიდან მოდის უარყოფითი ენერგია. მათ ენერგიებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ომია გამოცხადებული, ამიტომ ეს დაძაბულობა დედამიწაზეც უარყოფით პროცესებს იწვევს. ეს არის სატანური დღეები. გარდა იმისა, რომ ამ დღეებში იცვლება გეომანტია, რაც იწვევს ნეგატიურ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, როცა ეს ორი მანათობელი „ომობს“ ერთმანეთთან, იზრდება ნეგატიური საფრთხეების გამოვლენის რისკი, მაღალია ტრავმების, ავარიების, კონფლიქტების, მათ შორის საოჯახო კონფლიქტების ალბათობა. ახლა მთვარის დაბნელების დროს, მზე იმყოფებოდა ლომის ზოდიაქოში, რომელიც მართავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, მთვარე იმყოფებოდა მერწყულის ზოდიაქოში, რომელიც მართავს მხედველობას. 27 ივლისს იყო არა მხოლოდ მზისა და მთვარის, ასევე, იყო მზისა და ომის მმართველი პლანეტის – მარსის დაპირისპირება. მარსი აღმოჩნდა მთვარის გვერდით, მთვარის გვერდით ასევე აღმოჩნდა შავი მთვარე, სატანური მეცხრე მოციქულის ლილიტის ენერგია, ამიტომაც იყო 27 ივლისის ღამე „სისხლიანი მთვარის“ ღამე. მათ, ვინც განსაკუთრებულად მოემზადნენ და უყურეს მთვარის დაბნელებას, არ იციან, რა დაიბევეს. ეს არის ოჯახური კონფლიქტები, დაპირისპირება ახლობლებთან, ნათესავებთან და, ასევე, დაიბევეს პრობლემები თვალებთან და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით, შესაძლებელია სასიყვარულო პარტნიორებთანაც კი. რამდენიმე ხნის შემდეგ დაიწყებს ამუშავებას ის ენერგია, რაც ამ ადამიანებმა ჩადეს თავის გონში, ნერვულ სისტემაში. გარდა დაბნელებებისა, სწორედ ამ პერიოდში გონებისა და ინტელექტის მმართველმა პლანეტა მერკურმა დაიწყო უკუსვლა, გახდა რეტროგრადული. ეს პერიოდი გაგრძელდება 18 აგვისტომდე. ამას დაემატა ისიც, რომ დედამიწა გადავიდა უარყოფით ენერგოველში, ეს პერიოდიც 18 აგვისტომდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეებს, პოლიტიკოსებმა 18 აგვისტომდე თავი უნდა შეიკავონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან.
– რას უნდა ველოდოთ 11 აგვისტოს მზის დაბნელებისგან, რას უნდა მოვერიდოთ და რა გავაკეთოთ?
– მზის დაბნელება უფრო მეტად მოქმედებს მამაკაცებზე, მთვარის – ქალებზე, ამიტომ მზის დაბნელების დროს მამაკაცებს უფრო მეტი პრობლემა ექმნებათ. მზის დაბნელებაზე მეტია პრობლემები ჯანმრთელობასთან, ადამიანის ცნობიერ სამყაროსთან დაკავშირებით. მთვარის დაბნელების დროს წინა პლანზე ქვეცნობიერია, ამიტომ ამ მხრივ ჩნდება პრობლემები და სტრესები. მზისა და მთვარის დაბნელებები არის კოსმიური გამოცდები ადამიანებისთვის. ამ დროს აკონტროლეთ საკუთარი უარყოფითი თვისებები, რადგან ამ პერიოდში ისინი ბევრი უარყოფითი პროცესის პროვოცირებას იწვევს, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. მთვარისა და მზის დაბნელებისას უნდა მოვერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს, (ნეგატიური ემოციები მხოლოდ გააღრმავებს მდგომარეობას), ახალ წამოწყებებს – ეს შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. ამ დროს, ეცადეთ, ურთიერთობა იქონიოთ პოზიტიურ ადამიანებთან. ამ დროს დაწყებული ახალი ურთიერთობა და ნაცნობობა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს, გართულებულია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, მომატებულია პრობლემები მოგზაურობის დროს, მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, ოპერაციების გართულება, ცუდად მუშაობს ადამიანის გონება, თავს იჩენს უყურადღებობა და აქედან გამომდინარე ტრავმები. ამ პერიოდში მძაფრდება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისადმი მიდრეკილება. ეს არის მაცდუნებელი დღეები, მზისა და მთვარის დაბნელებები არის კარმული დერეფნები, ე.წ. გვირაბები, ყველა ადამიანს ეძლევა კოსმიური გამოცდის ჩაბარების საშუალება, რომელიც უკავშირდება ცდუნებებს.
მთვარის დაბნელების დროს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებოდათ ლომებსა და მერწყულებს, მათი ზოდიაქოს ღერძზე გადიოდა ორივე პლანეტა. იგივე იქნება 11 აგვისტოს, რადგან 6 აგვისტოს შავი მთვარე გადადის მერწყულის ზოდიაქოში, რაც პრობლემებს შეუქმნის მერწყულებს. ყურადღებას ითხოვენ ქალწული, კურო და მორიელი, თხის რქასა და კირჩხიბსაც აქვთ პრობლემური პერიოდი მზის დაბნელების დღეებში. ძალიან მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ჩვენი განწყობა მთვარისა და მზის დაბნელებების დროს – დაბნელებებს უნდა შევხვდეთ პოზიტიურად, ამ დროს ბევრი აზრი მატერიალიზდება. ამიტომ იფიქრეთ იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს და განსაკუთრებით გაფრთხილდით ამ გრძელ ერთთვიან პერიოდში, ეს არის ერთი მთლიანი კოსმიური გვირაბი, რომლის გავლა დასრულდება 18 აგვისტოს, ამის შემდგომ, როცა პლანეტა მერკური უკუმოძრაობას დაასრულებს და დედამიწა დაიწყებს გადმოსვლას პოზიტიურ ენერგოველში, ნეგატიური პროცესების პერიოდი დასრულდება.
გაზეთი პრაიმტაიმი; 30 ივლისი; №481;