„ნიუ-იორკში სულ ეძებ ახალ სამსახურს, ბოიფრენდს და ბინას“ - იუნა შაფათავას ამერიკული ცხოვრება - exclusive

11:47 07-30-2018
4054

ისევ საკუთარი თავის ძიებაშია. ცეკვავს, მღერის, თარგმნის, წერს... ახლა უკვე ნიუ-იორკში, საქართველოდან შორს. ამბობს, რომ სამშობლო სულ მასთან არის. ამდენად, მონატრებაც ასატანია. დაბრუნებამდე ოცნებები უნდა აისრულოს. იუნა შაფათავა ამერიკულ ცხოვრებაზე, პირადზე და სხვა საინტერესო ამბებზე გიამბობთ.

– იუნა, ყველა ადამიანი საკუთარ თავს ვეძებთ, ხან სხვა ქვეყანაში, ხან სხვა პროფესიაში. გარკვეული ასაკის შემდეგ ვპოულობთ, ან ისევ ძიებაში ვართ. შენ თუ იპოვე საკუთარი თავი და სად...

– ძიება და სწავლა მუდმივი პროცესია. მთელი ცხოვრების.  ასაკი არაფერ შუაშია. არ ვიცი, ვინ რას პოულობს, მე ვერ ვჩერდები. პროფესიას ბავშვობაში, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ არ ვირჩევთ და ვწვალობთ, საკუთარი თავის ადაპტირება-გადაკეთებაში.  მუშაობა გაუმჯობესებაზე როგორც ახალი სმარტფონი, ისეთია. ან დარჩები ღილაკებიანი ნახევარმეტრიანი უინტერნეტო ტელეფონი ან იქნები სუპერფუნქციონალური, მუდმივად ცვალებად სამყაროში...  არჩევანი შენია. რა დროს პოვნაა, ვსწავლობ ცხოვრებას და უფრო მეტი, მეტი, მეტი მინდა. 

– შენს ამერიკულ ცხოვრებაზე მიამბე. რა ჰქვია შენს სამსახურებს? ვინ არის მანდ იუნა შაფათავა?

– ამერიკული ცხოვრება – ამ ეტაპზე ნიუ-იორკული,  არის ისეთი, როგორიც კერი ბრედშოუმ თქვა sex and the city-ში: ნიუ-იორკში სულ ეძებ ახალ სამსახურს, ბოიფრენდს და ბინას. სამსახური ბევრი მაქვს, მაგრამ მათ ჰქვია survival jobs (გადარჩენის), მთავარი მიზნის მისაღწევად. ამ ქვეყანაში ცხოვრება გადარჩენაზეა, სანამ იწყებ, მწვერვალს უყურებ და მთის ძირიდან იწყებ. მე ვიწყებ ფსკერიდან. საინტერესოა. ამერიკაში ასეთია კრედო:  შენ იხდი შენს იჯარას და გადასახადებს, გაქვს მიზანი და რას აკეთებ ამისთვის, არავის აინტერესებს. მთავარია, კამერასთან ან სცენაზე რომ დგახარ, რაც დღეს ჩემი მიზანია ხელოვნების ღმერთების ოლიმპზე მოსახვედრად, ჰოლივუდში ეგ არავის აინტერესებს. იმ პირობით, რომ იმ მომენტში ხარ შენი მიზნის და საქმის ღმერთი. თუ ძალიან აინტერესებს ვინმეს – ამერიკული ოცნების გაკვალული გზით მივდივარ: გადარჩენის სამსახურებით – რამდენიმე კომპანიაში ვარ თარჯიმანი, ქართული, რუსული, ინგლისური;  დავდივარ ლეგენდარულ სიუზან ბატსონის სტუდიაში, კლასებს ვიღებ. სტუდიაში შემოსული კასტინგი რეალურია და პირდაპირ ტიპაჟს გადებენ ხელს და აჰყავხარ; ძირითადად ჩემი მუშაობა freelance-ია, თავისუფალი გრაფიკი, რადგან კასტინგებზე სიარულს არ ვიკლებ და თან სანაცნობო წრეს ვზრდი და ვაფართოებ. აქ ბევრი დამოუკიდებელი ფილმია, დადგმაა, თეატრებია; გაცნობიდან 5 წუთში შენი საქმე რეალურია – ყველაფერი წამებში წყდება და ეს მაგიჟებს, ისე მომწონს. ჩემი კომუნიკაბელურობის ამბავი კი იცით, არ მერიდება ჩემი თავის გაქაჩვა. კლუბში ვცეკვავ, როგორც ბავშვობაში მინდოდა, და სხვადასხვა კლუბში და პატარა თეატრებში ვმღერი საღამოობით. ნამდვილი ამერიკული ცხოვრებაა.

– მე ჩემს ქვეყანაში ვარ ერთი და განუმეორებელი, ახლა ამერიკას ვაოცებ, – ასე გაეპრანჭე ერთ სიმპათიურ ყმაწვილს... რა არის შენი მთავარი კოზირი, რით იქცევ მამაკაცების ყურადღებას?

– არ ვითვლი „კოზირებს“. ძლიერი მხარე არის ის, რომ ვარ ნამდვილი, შელამაზების გარეშე. ყურადღების მიქცევა აქ აბსურდია – რად მინდა ცალკეული ვიღაცების ყურადღება, აქ ყველა უნიკალურია. დადექი, დაამტკიცე სუპერეფექტების გარეშე. მე ჩემი ლეგენდა მაქვს. ჩემი ძლიერი მხარე ჩემი სამშობლო, განათლება, გამოცდილება და ცხოვრების კულტურაა ჩემ ზურგს უკან. ჩემი დები თავისი ექსპერტიზით და მიღწევებით თავიანთ საქმეში. ეს ყოველთვის ძალიან დიდ ძალას მაძლევს. ის ქალი, ვინც ვიყავი იქ,  სადაც აღარ ვარ და ის, ვინც იწყებს ნულიდან და სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. 

– მამაკაცის მთავარი ღირსება, რით აფასებ მათ?

– ინტელექტი, ხასიათი, შრომისუნარიანობა. ასეთი კაცი სულ წარმატებული იქნება.

– საინტერესოა ქართველი კაცის შენეული დახასიათება...

– არ მაინტერესებს ქართველი კაცები, როგორც ცნება. ქართველი კაცები, ვისთანაც ვმეგობრობ, ძალიან განსხვავდებიან სტანდარტისგან. და მას შემდეგ, რაც ქართველი კაცები ქართველმა კაცებმა გააუპატიურეს და მათ ეს აპატიეს, ქართველი კაცების ფსონი საერთოდ დაეცა ჩემს თვალში. გაქცეული კრიმინალის, ყოფილი პრეზიდენტის მიშა სააკაშვილის მოღალატეობა და ნიკა გვარამიას უტვინო „ჯოუქები“ (ხუმრობები) – არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს მისაღებია, არსებობს რეალურ ქართულ სივრცეში და ეს დღევანდელი ქართული „კაცობაა“. ბევრ სახელს ჩამოვთვლიდი, ვინც დღეს ქართველი კაცის სახეა. „ქართული მარშის“ მედროშეების და ყველა გაგებით კარიერისთვის ჩახდილი გაყიდული დორბლიანი ზედმეტად ამბიციური გაუნათლებელი მაღალჩინოსნების ჩათვლით. ხელგაწვდილები ულუფას რომ ელიან და თვითონ ცალ-ცალკე არაფრის ტრაკი არ აქვთ. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.  დანარჩენი წუწუნა მათხოვრები (და ის ცნობილი „მილიონერები“ განსაკუთრებით) შეკარი, გადაამუშავე, სანამ კაცებად იქცევიან. მაგრამ ეს კვლავ ქართველი ქალის ბრალია. მე არ ვაღიარებ ასეთ კაცებს. ჩემთვის ეს მისაღები არაა. ეს სამარცხვინოა ჩვენთვის, ქალებისთვის, რომ ისინი ასეთი არაკაცები არიან დღეს, გაუპატიურებაში ჩარჩენილი ფსიქოლოგიური შედეგი. 

– ამას წინათ შენი დის მესენჯერზე ხუმრობდი, როგორ ჰყავს ჩაწერილი ყოფილები ტელეფონში. შენც გექნება მსგავსი სახალისო მეტსახელები ტელეფონში... ზოგადად, ყოფილებთან მეგობრობ თუ იგნორს ამჯობინებ?

– მე ყოფილები არ მყავს. ყოფილი ქმარია, რაც ის ინციდენტი მოუვიდა და კაცი სცემა, უფრო მეტ პატივს ვცემ და ჩემი მხარდაჭერა მას. გაუპატიურებული კაცების ფონზე, ჩმორ კაცებს ვიღაცამ უნდა შეახსენოს, რომ მათზე ძლიერი კაცი არ აპატიებს არაკაცობას, მიბეგვავს და დასჯის. და ეს გადასარევია. 

მეორე დავმარხე, მას შემდეგ, რაც მისმა უახლოესმა მეგობარმა ახვრულად გამაუპატიურა და თვითონ შეეშინდა, არ უთქვამს. მე უბრალოდ პატივს არ ვცემ კაცს, რომელიც პატიობს ქალის გაუპატიურებას  და ნორმად მიიღებს. დანარჩენ ყველასთან ვმეგობრობ. სექსი კაცთან არ ნიშნავს, რომ ან რაიმე გეგმები მაქვს მასთან დაკავშირებით ან რაიმეს ველი მისგან ან ის ელის ჩემგან. ეს ნორმალური კაცის და ქალის ურთიერთობაა, კომუნიკაციის ფორმა. ჩემი თავისუფლება ხელშეუხებელი იყო სამშობლოში და ხელშეუხებელია აქ, ამერიკაში. მე აქ ჩემი მიზანი მაქვს და ამ არჩევანს კაცები პატივს სცემენ, ზედმეტად ფეხებში არ მებლანდებიან. ვინც მებლანდება, მკარგავს, როგორც მეგობარს. ტინგიცის დრო არ მაქვს. მხოლოდ ბიზნესი. 

– საინტერესო რჩევები გაქვს სექსზე ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე – „სექსი და ნათესავები“ განსაკუთრებით სახალისო გამოდგა. თავად თუ გქონია პრობლემა სექსში ნათესავის გამო...

– ჩემი სექსრჩევები ბლოგი არაა. ბლოგერი უამრავია. მე ყოველთვის ვწერ გამოცემისთვის და მაგას ჰქვია columnist. სვეტს ვწერ. სხვაობა დიდია. მადლობა, თუ კითხულობთ. „სხვების აზრი ამ პროცესში ის მეტეორია, რომელიც ჩვენი ბედნიერების ფორმულას ეცემა – პირდაპირი გაგებით და ანგრევს მას. „უმეტესობას ჰგონია, რომ სექსრჩევების სვეტში რაღაც ამორალურია. პირიქით, მე სიყვარულს „ვქადაგებ“ და ვთხოვ ყველას, თავისი ბედნიერების ვარსკვლავს გაჰყვნენ, იცხოვრონ ბედნიერების ძიებაში და აკეთონ ის, რაც აბედნიერებთ. ბევრს მწერენ, სხვათა შორის. 

პატარა და გამოუცდელი რომ ვიყავი, ყველა მეტეორივით ერეოდა. მაგრამ ხომ გავიზარდე... და ზუსტად მაგას ვწერ და ხაზს ვუსვამ ყოველთვის: ყველამ თავის თავს მიხედოს. ცხვირს მოვიტეხთ თუ ფეხს, ჩვენი ბედნიერების ძიებაში, არავის საქმე არაა. ვინც რჩევას იძლევა, ხშირად თვითონ დიდი ლუზერია. მე ვწერ საკუთარი გამოცდილებით, რაც ვიცი, საუკეთესო ზრახვებით.

– ძალიან როცა მოგაწვება ნოსტალგია საქართველოდან შორს, რომელი კადრი, რომელი ადამიანი, ნივთი, სუნი გახსენდება ყველაზე ხშირად?

–  სამშობლო სულ ჩემ გვერდითაა, ღმერთივით. მას ვერ ხედავ, მაგრამ სულ გრძნობ. შენ მისი ნაწილი ხარ და ის – შენი. რომ გითხრა, ვინმე ან რამე ცალ-ცალკე მახსენდება – ასე არა. ყველაფერი ერთად, როგორც საყვარელი გარდაცვლილი ადამიანია. და ეს, ალბათ, ჩემი წარსულია. ჩამოსვლა სულ შემიძლია, მაგრამ სიახლის რიტმს დამიგდებს. აქ ყოველდღე ყველაფერი იცვლება. არ მინდა აკრეფილი ტრაექტორიიდან ჩამოსვლა. ჩემი დები მენატრებიან და მაშა, დისშვილი. ისიც მიხვდა, რომ მანდ არ ჩამოვალ და პარიზში ჩავიდეთო ერთად. შევპირდი დისნეილენდს და ვინ ვის „აბამს“ იქ ჩასვლაზე, ვეღარ ვხვდები.

– ამსვა-დამსვა, ალავერდში წამიყვანა მოსალოცად... მერე თელავში, ძველი თბილისის ტერასაზე დამსვა, ჩემი ყველი პური მაჭამა, ქინძმარაული დამალევინა, ისე მწყურია, და ეკლესიების და ალაზნის ველის ხედები მაყურებინა და იმ ჰაერით მესუნთქა... რამდენს მივცემდი ახლა კახეთში ყოფნისთვის!!! მაგრამ ჯერ არ დამიმსახურებია.. ადრეა ჯერ, ადრე............. – ეს შენი სტატუსია... როგორ უნდა დაიმსახურო საქართველოში დაბრუნება?

– დიდი წარმატებით და დიდი, რთული მუშაობით ახდენილი ოცნებებით. საქართველოს შავი ბატკანი – enfant terrible ვარ და ასეთები ყველაზე მეტად ამართლებენ ხოლმე.

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი