საგამოძიებო კომისია გიორგი გახარიას, თეა წულუკიანსა და ირაკლი შოთაძეს დაკითხავს

11:47 07-30-2018
592

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ირგვლივ საპარლამენტო კომისია ამ კვირაში გიორგი გახარიას, თეა წულუკიანსა და ირაკლი შოთაძეს დაკითხავს. 

რა კითხვები აქვთ მოქმედ მინისტრებთან და, ასევე, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ამაზე კომისიის წევრები წინასწარ არ საუბრობენ, თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი კითხვის ადრესატი ირაკლი შოთაძე იქნება. ყოფილ მთავარ პროკურორს მოუწევს ახსნა, იყო თუ არა ის გამოძიების ყველა დეტალში ინფორმირებული? ვისგან და რა ინფორმაციას იღებდა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ? რატომ არ მოხდა დროულად მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვა და მთელი რიგი მტკიცებულებების შესწავლა. 

ამავე კითხვებზე, სავარაუდოდ, ახსნა-განმარტებებს გიორგი გახარია და თეა წულუკიანიც გააკეთებენ. მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწევს პასუხის გაცემა, რის საფუძველზე აკეთებდა განცხადებას, რომ მოწმეები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, მაშინ, როცა კომისიის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ მოწმეების დიდი უმრავლესობა გამოძიებას ან საერთოდ არ დაუკითხავს, ან დაგვიანებით დაკითხა. 

დღეის მდგომარეობით, პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას 70-მდე პირი ჰყავს გამოკითხული. 

„ვგეგმავთ ამ საქმეზე უკვე მსჯავრდადებული პირების გამოკითხვას და ასევე, მომავალ კვირას დაგეგმილია შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა“, – განაცხადა კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, რა რეაგირება ჰქონდა შსს-ს საგამოძიებო კომისიის მიერ ახალი გარემოებების გამოკვეთის შემდეგ, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შსს, ასევე, მუშაობს გარკვეულ ვერსიებზე და ჯერჯერობით არ იცის, ემთხვევა თუ არა ეს ვერსიები ერთმანეთს. 

„ვიცით, რომ ძალიან დეტალურად და ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა ვერსიებზე. რას გამოკვეთენ, ეს უკვე მათი კომპეტენციაა. ჩემთვის, ასევე, ცნობილია, რომ შსს-ში შეხვდნენ ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს და მათაც მიაწოდეს ინფორმაცია. ჯერ არ გვაქვს შსს-გან მიღებული ის მასალები, რაც ახალი გარემოებების გამოკვეთის შედეგად დაამუშავეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა. 

კულუარული ინფორმაციით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გიორგი გახარიას გამოკითხვამდე შსს გამოძიების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. არ გამორიცხავენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს მიხეილ კალანდია, რომლის დასჯასაც კატეგორიულად ითხოვს გარდაცვლილ დავით სარალიძის ოჯახი. ასე რომ, არ არის გამორიცხული, შს მინისტრი საგამოძიებო კომისიის წინაშე კონკრეტული შედეგებით წარდგეს. 

გაზეთი პრაიმტაიმი; 30 ივლისი; №481;