კომისია დღეს იმ არასრულწლოვნებს გამოჰკითხავს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო სასჯელს იხდიან

11:06 07-31-2018
83

დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს სწავლობს, დღეს იმ არასრულწლოვნებს გამოჰკითხავს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე სასჯელს იხდიან.

„კომისია ფინალურ სტადიაზე გავიდა. დავასრულეთ ყველა მოწმის გამოკითხვა. მსჯავრდებულებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. ისინი ჩხუბში უშუალოდ მონაწილეობდნენ, მათ შორის, ჩაიდინეს დანაშაული. შეიძლება, იყოს ინფორმაცია, რაც ბოლომდე არ უთქვამთ სასამართლოსთვის. ჩვენ სხვა მოწმეებისგან მივიღეთ ინფორმაცია და ესეც ჯამში შექმნის სურათს, რაც კომისიას დაედება დასკვნად" – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულ საქმეზე სასჯელს ორი არასრულწლოვანი იხდის. მოსამართლე ეკა არეშიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში გ.ბ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად სასამართლომ მას 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, უკვე დაიკითხნენ პროკურატურის წარმომადგენლები, საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, უშუალო მოწმეები, მეზობლები და გამომძიებლები. როგორც ცნობილია, კომისია ყოფილი მთავარი პროკურორის, ამ ჟამინდელი შს მინისტრის და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვას გეგმავს. ოფიციალური, საბოლოო დასკვნა კომისიამ სექტემბერში უნდა წარადგინოს.

ავტორი: