„გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძეს საპრეზიდენტო კანდიდატად ვეღარ დააყენებს

14:01 07-31-2018
843

„სულელური ჩანაწერი კანონში“ - ასე უწოდა გირჩის ლიდერმა რეგულაციას, რომელიც მას უკრძალავს საკუთარი პარტიიდან მიიღოს საპრეზინდეტო არჩევნებზე მონაწილეობა. 

საქმე ის გახლავთ, რომ პარტია, რომელსაც წინა არჩევნებზე რეგისტრაცია არ გაუვლია უფლება არა აქვს საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელოს. ამიტომაც, ზურაბ ჯაფარიძე, შესაძლოა, საინიციატივო ჯგუფმა დაასახელოს და არა „გირჩმა“.

„ახლა ვარკვევთ რეგულაციის საკითხებს და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენებთ კანდიდატურას ოფიციალურად“ - განმარტავს ჯაფარიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში. 

მანდე კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მასთან დაკავშირებული შედეგები. „გირჩმა“ უკვე მეორედ მოიგო სარჩელი.

პირველად, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი. მაშინ მან მოსარჩელე გივი შანიძის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას „გირჩი“ უწევდა.  

დღემდე მოქმედი კანონით, ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი 500 ლარის ითვალისწინებდა. სწორედ ეს ნორმა იქნა გაუქმებული. 

„ახლა ვითარება კაზუსურია - განმარტავს ზურაბ ჯაფარიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში - მარიხუანას მოხმარება - მხოლოდ მოხმარება და არა მასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები - განთავისუფლებულია და ადმინისტრაციულ სასჯელს აღარ ითვალისიწინებს და მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა იყოს აკრძალული ამ მცენარის დარგვა? ასე რომ, პარლამენტს მოუწევს გადახედოს რეგულაციებს“.

მისივე განმარტებით, ვისაც მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს, მასზე ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს:

„თუმცა, თუკი, ვინმეს დარჩენილი ჰქონდა ჯარიმა, ხალხს რომ უჭირს, ნაწილ-ნაწილ იხდიდა, მას ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

რაც შეეხება მარიხუანას მოხმარების რეგულაციებს კერძო და საჯარო სექტორში, ჯაფარიძის განმარტებით, ეს რეგულაციები ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა დაწესდეს:   

„გასაგებია, რომ მძღოლი ფხიზელი უნდა იყოს, ის არც ღვინის და არც სხვა რაიმე ნივთიერების თრობის ქვეშ არ უნდა იყოს, თუმცა, უიკენდზე რომ დალიოს, ან მოწიოს, ეს არავის საქმე არ შეიძლება იყოს. კერძო სექტორი თავად განსაზღვრავს ამ რეგულაციებს, ისევე, როგორც სახელმწიფო. გასაგებია, რომ  არის პროფესიები, სადაც ადამიანს ყურადღება არ უნდა ჰქონდეს გაფანტული და ის არაფრის თრობის ქვეშ არ უნდა იყოს“, - განმარტავს ჯაფარიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.