იმედი მაქვს, აქაც მივაღწევთ კონსენსუსს - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შესახვედრად ხაიშში ორშაბათს, 6 აგვიტოს ჩავა.
"ვესაუბრე კოლეგებს, მთავრობის წარმომადგენლებს, გარემოს დაცვის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ მუშაობს წინადადებებზე, ამ წინადადებებსაც განვიხილავთ და მომავალ ორშაბათს წავალთ ხაიშში.
შეხვედრა ხაიშში 6 აგვისტოს გაიმართება. შეიძლება არ იყოს სრული კონსენსუსი, სრული თანხმობა, მაგრამ იმედია, რამეზე შევთანხმდებით. გრძელვადიან განვითარებაში ძალიან ოპტიმისტები ვართ. ჩემი აზრით, ყველაზე რთული მოლაპარაკების საგანი იქნება, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ იმ ადამიანებს პრობლემები, რომლებსაც უჭირთ, მაგრამ იმედი მაქვს, აქაც მივაღწევთ კონსენსუსს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარი ადგილზე მისვლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და მინისტრების მოადგილეებთან ერთად გეგმავს.
მოსახლეობამ შეხვედრის ჩატარება 26 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა ჭუბერსა და ხაიშის თემში რამდენიმე ხის საამქრო დალუქა. ხაიშში სპეცრაზმის გამოჩენას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, მოსახლეობამ გზა გახსნა.
როგორც 26 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, 10 დღის ვადაში სამთავრობო გუნდი ხაიშში კონკრეტული წინადადებით ჩავა.
ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებისა და ალტერნატიული საარსებო წყაროს შესახებ შეთავაზებას ელოდება.