ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
პირადად ჩემთვის, NDI-ს კვლევები საინტერესო იყო ოპოზიციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ და ცხადად გამოჩნდა, რომ ისინი საზოგადოების მოთხოვნას აცდენილები არიან. კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საპრეზიდენტოდ ერთიანი კანდიდატი წარადგინონ. თუმცა, პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, ნაციონალებიც კი, რომლებიც, თითქოს, მზად იყვნენ გაერთიანებისთვის, საბოლოო ჯამში, ერთიანი მოქმედებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ზურაბ ჯაფარიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში განმარტა, რომ ასეთ ხელოვნურ გაერთიანებებს არასერიოზულად მიიჩნევს, „ევროპულმა საქართველომ“ დავით ბაქრაძე ერთ-ერთმა პირველმა დაასახელა თავის კანდიდატად. რაც შეეხება ნაციონალებს, მათ გაერთიანებაზე ბევრი ილაპარაკეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ისევ საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელეს.
დაასახელეს ერთია და პირველი, ვინც ვაშაძემ თავის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გააკრიტიკა, ეს „ევროპული საქართველო“ იყო. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა.
ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით, ისინი ამ არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტებად განიხილავენ თავს:
„მე მათ „ნაცები1“-ს და „ნაცები2“-ს ვეძახი. ამ არჩევნებში მათი მიზანი გამარჯვება არ არის, საერთოდაც, საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა ის კი არ არის, თუ ვინ გაიმარჯვებს- გასაგებია რომ ეს „ქართული ოცნება“ იქნება - მეორე ტურის შემთხვევაშიც კი, - მთავარი ინტრიგა არის ის, თუ როგორ გადანაწილდება - გაყოფის შემდეგ - „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი. ასე რომ, ისინი პრეზიდენტობისთვის კი იბრძვიან, არამედ, ელექტორატისთვის. ჯერჯერობით, მიშა ამ ბრძოლაში იმარჯვებს...“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში გია ხუხაშვილი.
ექსპერტის განმარტებით, კველვა აჩვენებს რომ ოპოზიციას სერიოზული პრობლემები აქვს და ის ალტერნატივას ამომრჩეველს ვერ სთავაზობს.
მარგველაშვილის გარეშე
NDI-ს კვლევების მიხედვით, პრეზიდენტ მარგველაშვილს საკუთარი კანდიდატურა რომ წამოეყენებინა ამომრჩევლების მხოლოდ 6% მხარდაჭერით ისარგებლებდა. კანონზომიერია, რომ თავი შეიკავა. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ის ვერაფერს მიაღწევდა. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა.
საინტერესოა, რომ მის გარეშე, მისი ექვსი პროცენტი გადანაწილდა „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოზე“ - შედეგებში პროცენტული მაჩვენებელი სწორედ მათ აქვთ მომატებული. ოცნებას თითქმის 4%, ევროპელებს კი - 1%.
ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებლები პირობითია, რადგანაც, თუკი ალეკო ელისაშვილი საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთვება, რეალური სურათი შეიძლება შეიცვალოს:
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ კამპანიას ჩაატარებს ელისაშვილი. თბილისის მერობის არჩევნებში, გახსოვთ, სწორედ ელისაშვილის გამო კინაღამ მეორე ტური დაინიშნა, წკიპზე გადარჩნენ, რომ იტყვიან. ასე რომ, ელისაშვილის მონაწილეობის პირობებში, მეორე ტურის ალბათობა ისევ მაღალი იქნება. მე იმას არ ვგულისხმობ, რომ ელისაშვილი მეორე ადგილას გავა, შეიძლება მესამე პოზიციაც ვერ დაიკავოს, მაგრამ ის სწორედ მმართველი პარტიის სამობილიზაციო რესურსზე იმუშავებს.“ - განმარტავს „პრაიმტაიმთან“ საუბარში გია ხუხაშვილი.