ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან - მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე მარგველაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება

16:15 08-01-2018
146

"ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში, ამ ბოლო დროს, ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტებს თუ მთლიანად დავანგრევთ, მერე მაინტერესებს ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე.

მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამის გამო ადამიანების ციხეში ჩასმა არ შეიძლება.

"მოდით ასე ვთქვათ, რომ 74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არაა კარგი და დადებითი ჩვევა, მე შემიძლია ამ 74%-ს შევუერთდე, შეიძლება კიდევ შევუერთდე იმ 90%-ს ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება კატასტროფაა, შემიძლია შევუერთდე ალბათ მოქალაქეების 100%-ს, ვისაც მიაჩნია, რომ ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება ცუდია, მაგრამ ზღვარი უნდა გავავლოთ. ერთია ცუდი და კარგი ჩვევა და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის, არც მარიხუანას და არც ნიკოტინის მოხმარება სწორად არ მიაჩნია. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია - ამის გამო რამდენად უნდა გვყავდეს ადამიანები ციხეში. ჩვენ ამ ზღვარის გავლება უნდა ვისწავლოთ.

სრულიად სწორი, ღირებულებითად გამართული და თავისუფლებაზე ორიენტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოშიც მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება კარგი არაა, მაგრამ ზღვარი უნდა ვიცოდეთ. ერთია რაღაც არ მოგწონდეს და მეორეა - ამის გამო ადამიანს ციხეში სვამდე. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს ძალიან აფართოებს. რაც უფრო გავაფართოებთ ამ ზღვარს, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით. მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში, ამ ბოლო დროს, ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტებს თუ მთლიანად დავანგრევთ, მერე მაინტერესებს ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 



ავტორი: