"შესაძლოა ციანიდის საქმე აღმოჩნდა მისი ბოლო წვეთი... არ გამოვრიცხავ, რომ მასზე გარკვეული ზეწოლები იყო" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცუალია არ გამორიცხავს, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა ცინაიდის საქმეს უკავშირდებოდეს.
როგორც ფანცულაიამ "პრაიმტაიმს" განუცხადა, გვენეტაძეს იცნობს. გადადგომა კი ან თავად გადაწყვიტა, რათა ამ საქმისგან თავი შორს დაეჭირა, ან აიძულეს, რადგან წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა:
"მე ნინო გვენეტაძის სტუდენტი ვიყავი. ვიცი მისი მსოფლმხედველობა სამართლის მიმართ, ღირებულ ლექციებს კითხულობდა. გამაოგნებელია, სტუდენტებთან ერთს ამბობდე და სასამართლოში სხვა გადაწყვეტილებას იღებდე. მისგან არ ველოდი, რომ ციანიდის წონის მნიშვნელობის საქმე სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
არ გამოვრიცხავ, რომ მასზე გარკვეული ზეწოლები იყო იმ დამკვეთების მხრიდან, ვინც ციანიდის საქმე დადგეს და განახორციელეს. რაშიც მონაწილეობდა ხელისუფლების და საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფი.
შესაძლოა ციანიდის საქმე აღმოჩნდა მისი ბოლო წვეთი, მანამდეც არ იყო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები სახარბიელო სხვა საქმეებთან მიმართებაში. ციანიდის საქმე იყო ბოლო წვეთი, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან.
ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, დისტანცირებას ცდილობს ამ საქმისგან. თუმცა, საპირისპირო მდგომარეობაც არ არის გამორიცხული, რომ მაგალითად, ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია ამ ყველაფრისთვის და გადააყენეს" - განუცხადა ადვოკატმა "პრაიმტაიმს".
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.
ამასთან, ადვოკატ ფანცულაიას განმარტებით, გუშინ, უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმე განსახილველად არ მიიღო.