"მოვითხოვთ, რომ შეიწყალოს როგორც უკანონო პატიმარი და არა როგორც დამნაშავე" - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია "პრაიმტაიმთან" აცხადებს, რომ შესაძლოა შეწყალების მოთხოვნით "ციანიდის საქმეზე" პრეზიდენტს მიმართონ.
ფანცულაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, მიმართავენ თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოშიც განაგრძობენ:
"არ გამოვრიცხავთ, რომ მივმართოთ პრეზიდენტს შეწყალებაზე. თუმცა მოვითხოვთ, რომ შეიწყალოს როგორც უკანონო პატიმარი და არა როგორც დამნაშავე. ასევე, პარალელურად, განვაგრძობთ სიმართლისთვის ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოშიც. ეს ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
რა თქმა უნდა ეს თემა დეკანოზთან განგვიხილავს. კონსულტაციის გარეშე ამას არ ვიტყოდი. როგორც ადვოკატი, მე მას ვურჩევდი, რომ მიემართა პრეზიდენტისთვის. მისი ვადის მოლო პერიოდში, ეს იქნებოდა ღირსეული გადაწყვეტილება, თუ მივმართეთ და გაიზიარებს" - განუცხადა ადვოკატმა "პრაიმტაიმს".
დღეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 83 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის, დეკანოზი გიორგი მამალაძე არ არის - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, თუკი გიორგი მამალაძე, ან მისი უფლებადამცველები შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავენ, რა თქმა უნდა პრეზიდენტი ამ საკითხზე იმსჯელებს.
გუშინ, უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ მამალაძის საქმე განსახილველად არ მიიღო. ფანცუალაიას განმარტებით, ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში განაგრძობენ.