ნინო გვენეტაძის გადადგომის გადაწყვეტილება დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე - ეს განცხადება, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა მისთვის მულოდნელი იყო.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არა მგონია, ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ რა ტიპის პრობლემები აქვს, როგორ განაცხადა ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დღეს თანამდებობა დატოვა.