"პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა" - მეუფე იაკობი

15:25 08-02-2018
164

"პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა"- მეუფე იაკობის ინფორმაციით სინოდის სხდომაზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება, მამალაძისთვის დეკანოზის სტატუსის ჩამორთმევაზეც იმსჯელებენ.

„ჩვენ შემოდგომაზე შევიკრიბებით. ერთ-ერთი საკითხი იქნება გიორგი მამალაძის საქმე. ეკლესიას მისი უდანაშაულობის რომ გვჯეროდეს, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე. მოგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა და დასძინა, რომ ეს პატრიარქმა თავიდანვე თქვა.

მეუფე იაკობი განმარტავს, რომ ის მეუფეც კი, რომელიც მასთან საპყრობილეში შევიდა, პირად საუბრებში ამბობს, რომ მამალაძე დამნაშავეა:

"ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, გიორგი მამალაძესთან არ შევალთ. მეუფე გრიგოლს აქვს თავისი აზრი, ჩემთან საუბარში თქვა, რომ დამნაშავეა" - დასძინა მეუფემ.

რაც შეეხება ბრალდებული გიორგი მამალაძის მიერ მეუფე იაკობის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენება სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მატყუარა ადამიანი, ყოველთვის მატყუარად დარჩება.

"მატყუარა ადამიანია, რა უნდა ვთქვა. არ გვინდოდა, რომ ეს თემა ძალიან გახმაურებულიყო, თუმცა, თუ არ მოისვენებენ, ვინც მას იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში" – განაცხადა იაკობმა.

ავტორი: