"არავის პასუხისმგებლობის დადგომის საკითხი, გამორიცხული არ არის" - კომისიის სხდომაზე შს მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს უსმენენ

11:36 08-03-2018
88

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს სწავლობს, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და ყოფილ მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძეს მოუსმენს.

როგორც კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დასმულ ყველა კითხვას საბოლოო დასკვნაში ასახავენ და არ არის გამორიცხული, თუნდაც ამ უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს:

"მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები გამოძიებას ამ მძიმე მკვლელობის ფაქტზე, სიმართლის დასადგენად, ჩატარებული არ ჰქონდა, ან არასრულყოფილად ჰქონდა ჩატარებული, ან ტენდენციურად ჰქონდა ჩატარებული, ზოგიერთი მონაწილის მიმართ იყო ჩატარებული, ზოგის მიმართ - არა. რა თქმა უნდა, უწყების ხელმძღვანელების მხრიდან, ყოფილი მთავარი პროკურორის და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, მთავარი შეკითხვები იქნება სწორედ გამოძიების არასწორად წარმართვის და იმ ძალიან ბუნდოვანი შედეგის მიღებასთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების ძალიან სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. 

დაისმება კითხვები, ხდებოდა თუ არა ეს მიზანმიმართულად, ვინმეს ჩარევით, მირზა სუბელიანის, თუ სხვების ჩარევით, რა მდგომარეობაა და რასთან გვქონდა საქმე, საგამოძიებო ორგანოებთან დაკავშირებით.

არავის პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, ამ უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის დადგომის საკითხი, გამორიცხული არ არის. მოვისმენთ გარკვეულ ინფორმაციას მათი როლის შესახებ ამ საქმესთან დაკავშირებით და საბოლოო დასკვნაში ასახული იქნება ყველაფერი" - განაცხადა აბესაძემ.

კომისიის სხდომაზე შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უკვე გამოცხადდნენ. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, გავრცელებული ინფორმაციით, მისი გამოკითხვაც დღეს იგეგმება.



ავტორი: