კომისიის სხდომაზე ოპოზიციისგან ველოდები პოლიტიკურ შოუს - სოფო კილაძე

12:23 08-03-2018
96

საგამოძიებო კომისიის წევრი, სოფო კილაძე აცხადებს, რომ ყველა კითხვა რისი დასმაც აქამდე იყო შესაძლებელი უკვე დასმულია. შესაძლოა იგივე კითხვების დასმა მინისტრებისა და ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, თუმცა არსებითი და ახალი ვერაფერი გამოიკვეთება:

"იმდენად დეტალურად ჩავედით საქმის მასალებში, რომ რაიმე განსაკუთრებული კითხვა დარჩენილი არ არის" - განაცხადა კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დღეს პოლიტიკურ შოუს დადგამს:

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ჩვენთან საპარლამენტო კონტროლი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, იმიტომ რომ დღეს გამოკითხვაზე შს მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე იუსტიციის მინისტრი იქნებიან და ეს არის მნიშვნელოვანწილად იმის დამადასტურებელი, რომ საპარლამენტო კონტროლი რეალურად გაზრდილია.

სიმართლე გითხრათ, დღეს ოპოზიციის მხრიდან ველოდებით არა საგამოძიებო მსჯელობას და საგნობრივ კითხვებს, არამედ ველოდები უფრო პოლიტიკურ შოუს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ისინი შეეცდებიან, რომ დადგან, რადგან როგორც წესი, ეს არის მათი მხრიდან ძალიან აპრობირებული მეთოდი, როდესაც საგანზე არ აქვთ რაიმე კითხვა, ამ შემთხვევაში, ისინი პოლიტიკურ შოუს აწყობენ" – განაცხადა კომისიის სხდომის დაწყებამდე კილაძემ.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს სწავლობს, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და ყოფილ მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძეს მოუსმენს.

ავტორი: