ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში გამოძიების მიერ შეუსრულებელმა მოქმედებებმა მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა გამოძიების შედეგზე და დაასახელა მაგალითებად მიმოწერის არამოღება, მტკიცებულებების გაქრობა და მირზა სუბელიანის მიმართ ლმობიერება, რაზეც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ დიდი ალბათობით, მოახდინა.
დიდი ალბათობით, მოახდინა. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, კომისიის მუშაობაზე მოახდინა თუ არა გავლენა იმან, რომ საქმის ოფიციალური გამომძიებლებიდან, რომლებიც იყვნენ ფიფია, ხუფენია, ცაგურია, ნათელაშვილი, ჟამერაშვილი, თქვენ დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს, ფიფიას და მოიყვანეთ ორი სხვა გამომძიებელი, რომლებიც სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებაში, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როგორი გაღიზიანებულიც არ უნდა იყოთ, კომისიის საქმიანობის შეფასება დღევანდელი საუბრის საგანი არ უნდა იყოს, - უპასუხა ელენე ხოშტარიამ, რაზეც მინისტრმა აღნიშნა, რომ ასე თუ გავაგრძელებთ, კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია შეიძლება დაგვჭირდეს.